ქალაქ რუსთავში სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობები გადამოწმებული სტატისტიკა მხოლოდ გასული სამი წლის არსებობს. ამ სტატისტიკის მიხედვით, ამ ჯგუფის დაავადებათა ახალი შემთხვევების რაოდენობა იზრდება. სისხლის მიმოქცევის სისტემათა დაავადებების ჯგუფის სამივე წლის ახალი შემთხვევების ჯამური მაჩვენებელი რუსთავის მთელი მოსახლეობის 8 პროცენტამდეა.
ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, უფრო მეტია, ვიდრე ხსენებული სტატისტიკა, რადგან რუსთავის მოქალაქეების ნაწილი, სიახლოვის გამო და უკეთესის სამედიცინო მომსახურების მიღების მოლოდინით, დედაქალაქ თბილისში მიდის და როგორც ახალი შემთხვევა, იქ აღირიცხება.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, რომელიც აგროვებს დაავადებების სტატისტიკას საქართელოში, არ აქვს მონაცემები იმაზე, თუ რუსთავის მოსახლეობის რა პროცენტი/ნაწილი მიდის ყოველწლიურად თბილისში ჯანდაცვის სერვისების მისაღებად და რამდენი პროცენტი “აკლდება” საბოლოოდ რუსთავის წლიურ სტატისტიკას.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების გამო ყოველ წელს 7 მილიონი ადამიანი იღუპება ადრეულად, ხოლო მილიონობით სხვა – ჯანმრთელობას კარგავს.
ჰაერის დაბინძურებით დაზიანებაში, სხვა მრავალს შორის, იგულისხმება ფილტვების ფუნქციის დაქვეითება, სასუნთქი გზების ინფექციები და ასთმის გამწვავება. მოზრდილებში ჰაერის დაბინძურება იწვევს გულის იშემიურ დაავადებებსა და ინსულტს.
ამ სტატიის ფარგლებში, მოვიძიეთ ქალაქ რუსთავში ბოლო სამი წლის განმავლობაში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ახალი შემთხვევების რაოდენობა 18+ ასაკის მოქალაქეებში.
საქართველოს მოსახლეობის ბოლო [ანუ 2014 წლის] საყოველთაო აღწერის მიხედვით, თვითმმართველ ქალაქ რუსთავში 125 103 მოქალაქე ცხოვრობს, მათგან – 59, 859 მამაკაცი, ხოლო 65 244 – ქალი.
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქალაქ რუსთავში სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების ახალი შემთხვევები 18+ ასაკობრივ ჯგუფში 2020 წელს 2 912 იყო, 2021 წელს – 3919, ხოლო 2022 წელს [წინასწარი მონაცემები] – 3 111 იყო.
ამ სისტემის დაავადებებიდან სტატისტიკურად ყველაზე დიდი რაოდენობით იყო შემდეგი დაავადება “ესენციური [პირველადი] ჰიპერტენზია:” 2020 წელს – 1 485, 2021 წელს – 1 988, 2022 წელს – 1 708 ახალი შემთხვევა.
“კაქტუსმა” კითხვით მიმართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელ პირს, იყო თუ არა ცნობილი, რატომ აჭარბებს ასე მხოლოდ ერთი ტიპის დაავადება – ესენციური [პირველადი] ჰიპერტენზია სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობებიდან ასე გამოკვეთილად, ან/და არის თუ არა ამ დაავადების მარტივი დიაგნოსტიკა/გამოვლენა სტატისტიკაში მისი დომინირების ერთ-ერთი მიზეზი.
“სისხლის მიმოქცევის სისტემის ავადმყოფობების სტრუქტურა დაახლოებით 60%-მდე წარმოდგენილია ესენციური (პირველადი) ჰიპერტენზიით. ეს უკანასკნელი განპირობებულია აღნიშნული კლინიკური მდგომარეობის გავრცელების მაღალი მაჩვენებლით ქვეყანაში. უკანასკნელი მონაცემებით, მოზრდილ პოპულაციაში არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელება შეადგენს 37,7%-ს [არაგადამდებ დაავადებათა რისკის ფაქტორების კვლევა STEPS 2016].
რაც შეეხება დიაგნოსტიკის პროცესს: რა თქმა უნდა, არტერიული ჰიპერტენზია შედარებით მარტივად გამოსავლენი ნოზოლოგიაა, მაგრამ სირთულეს წარმოადგენს მისი შეფასება, ე.წ. სამიზნე ორგანოების დაზიანების თვალსაზრისით. სამიზნე ორგანოთა [თავის ტვინი, გულის კუნთი, თირკმელი და ა.შ.] დაზიანების სტატუსი განაპირობებს დაავადების მართვის ტაქტიკას და ასევე მის გამოსავალს.
ზოგადად, არტერიული ჰიპერტენზია განიხილება, როგორც ამ პროფილის დაავადებათა ძირითადი რისკის ფაქტორი, რაც განაპირობებს მისი, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის, მნიშვნელობას,”- გვიპასუხეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან, წერილობით.
დაავადებების ზრდა-კლების თუ სტაბილურობის ტენდენციის უკეთ საჩვენებლად, რაც მეტია მონაცემები წლების მიხედვით, მით უკეთ აჩვენებს ტენდენციას. ჩვენთვის სასურველი გასული, სულ მცირე, ხუთი ან უკეთეს შემთხვევაში, ამ დაავადებათა 10 წლის მონაცემი იქნებოდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გვითხრეს, 2012 წლიდან 2019 წლამდე ცენტრი მოძველებული მეთოდით ითვლიდა დაავადებების შესახებ მონაცემებს, რაც დიდ ცდომილებებს იძლევა და არ არის დამყარებული პირადი ნომრით ახალი შემთხვევების აღრიცხვაზე.
მაგალითად: თუკი მოქალაქე ხუთ სხვადასხვა კლინიკას მიმართავდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რომელიმე ქვეტიპის დიაგნოსტიკისთვის ან სამკურნალოდ, მისი მონაცემები აისახებოდა და დაითვლებოდა ხუთჯერ. ეს მონაცემები არ არის სანდო და მათ გამოყენებაზე უარი ვთქვით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრმა მონაცემების მოგროვება 2020 წლიდან გააუმჯობესა და დააახლოვა ის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტს, რომელიც ემყარება პირადი ნომრის მიხედვით ახალი შემთხვევების აღრიცხვას. შესაბამისად, გამოვითოხვეთ მხოლოდ 2020-2021 წლის ვერიფიცირებულ-კორექტირებული, ხოლო 2022 წლის – ე.წ. “წინასწარი მონაცემები,” რომლებსაც მოგვიანებით ცენტრი დააკორექტირებს.
გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის კუთხით დავით იშხნელს, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელია რუსთავში, ამავე ტიპის სტატიის ფარგლებშიც ვესაუბრეთ შარშან შემოდგომაზეც, რომელიც ეხებოდა რუსთავში მტვრის ნაწილაკების მაღალი კონცენტრაციის გავლენას სასუნთქვი გზების დაავადებებზე – რუსთავი – კორელაცია სასუნთქი სისტემის დაავადებებსა და ჰაერის დაბინძურებას შორის.
შარშან დავით იშხნელმა გვითხრა, რომ ის მხოლოდ 9 თვე იყო ამ პოზიციაზე, ხოლო წინა მენეჯმენტიდან მას არ დახვედრია კონკრეტული გეგმა, რომელიც გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის კუთხით იქნებოდა მკაფიო და რუსთავის პრობლემების გამოსწორებისკენ მიმართული.
დავით იშხნელი ამბობდა, რომ მან შეკრიბა ახალგაზრდების გუნდი, სტაჟიორების სახით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი განათლებაც და ამ მიმართულებით იმუშავებენ. მაგრამ ამ პროექტის დაფინანსების ნაწილში, იშხნელი რუსთავის მერიაზე იყო დამოკიდებული – ეს იდეა მხოლოდ მაშინ განხორციელდებოდა, თუკი რუსთავის მერია იდეას დააფინანსებდა.
“არაერთხელ შევხვდი რუსთავის მერსაც, რომელიც, მონდომებულია, რომ რუსთავში ჰაერის მდგომარეობა გამოსწორდეს,” – გვითხრა იშხნელმა გასული წლის ოქტომბერს.
მიმდინარე წლის 21 თებერვალს დავით იშხნელთან მოვიკითხეთ მისი გეგმების პროგრესი. მან გვითხრა, რომ რუსთავის მერიას მისი იდეა გარემოსდაცვითი განყოფილების შექმნის შესახებ ჯერ-ჯერობით არ დაუფინანსებია.
“შეთანხმებით ფაზაში ვარ ქალბატონ ნინოსთან – რამდენი შტატი უნდა იყოს, რომ ახალ იურიდიულ სუბიექტად ჩამოყალიბდეს ეს სამსახური, წესდება მომზადდეს. ცოტა უფრო მეტი დრო დაგვჭირდა, ვიდრე ვფიქრობდით. ბევრი საკითხი მომზადდა, ბევრი საკითხი დაემატა და ასე შემდეგ.”
დავით იშხნელი ამბობს, რომ ის ორი სტაჟიორი, რომლებზეც შარშან გვესაუბრა, აქამდე შეინარჩუნა, თუმცა, მათ ხელფასი ჯერ-ჯერობით არ აქვთ.
“ეგენი მიმაჩნია დასაყრდენ ძალად. ორი მყავს – მეტის აყვანის რესურსი ჯერჯერობით არ არის.”
დავით იშხნელს ვთხოვეთ მისი პროექტის იდეის ან/და ბიუჯეტის სამუშაო ვერსიის გაზიარებაც, რომელიც მან, მისივე თქმით, რუსთავის მერიას შარშან შესთავაზა.
იშხნელმა დოკუმენტები არ გაგვიზიარა.
ხოლო თუ როდის დამთავრდება მერთან მოლაპარაკების პროცესი და შეიქმნება თუ არა გარემოსდაცვითი სამსახური რუსთავში მიმდინარე ან მომავალ წელს, მან გვიპასუხა:
“ვერ გეტყვით. მეც მქონდა მოლოდინი, რომ წელსაც გამომივიდოდა, ცოტა გაბრაზებულიც ვარ, მაგრამ რაც გვაქვს, ეს მოცემულობაა,” – გვიპასუხა იშხნელმა.
რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს, რომელიც ამ ქალაქის მთავარი და ყველაზე ძველი სამედიცინო დაწესებულების მოდერნიზებული მულტიპროფილური კომპლექსია, დირექტორი და ამავე დროს მოქმედი ექიმი, პაპუნა ბახტაძე, გვეუბნება, რომ რუსთავის ჰაერი, ცუდ კვებით ფაქტორებთან ერთად, მოსახლეობის ჯანმრთელობას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მომატების კუთხით.
სიტუაციის გამოსწორების მიზნით, ბახტაძის თქმით, გადამწყვეტი სიტყვა და როლი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეკუთვნის:
“გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა მიიღოს გადამწყვეტი ზომები – პაწაწინა მაღაზიებს კი არ უნდა სდიონ. უზარმაზარი საწარმოებია, რომლებიც ანგრევს გარემოს და ისინი უნდა დაარეგულირონ. როგორმე ფილტრები უნდა დაიდგას და შეძლებისდაგვარად დაიცვან სიტუაცია. ჩვენ გვჭირდება ახალი შემთხვევების მაქსიმალური პრევენცია. რაც ყველას აწუხებს: ეს არის მტვერი – ყველგან მტვერი.
საღამოს გავრეცხავ აივანს – დილით ისევ გასარეცხია. დილით გამოვდივარ აივანზე, ვუყურებ მტკვრის ხეობას და ვხედავ, ქიმიური ქარხნიდან როგორ ამოდის მოწითალო-მოყვითალო ბოლი – აზოტის ქვეჟანგების ქიმიური პროცესის შედეგი, “მელიის კუდს” რომ ეძახიან: ყველაზე მომწამლავი აირები. ცემენტის და ქიმიურ ქარხნებს გამწმენდი ნაგებობები უნდა დავაყენებინოთ. გარდაბნის მხარეს საერთოდ გადათეთრებულია ყველაფერი,” – გვიზიარებს პაპუნა ბახტაძე.
პაპუნა ბახტაძე თავის კლინიკაში 25 წლის განმავლობაში დაგროვებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სტატისტიკის გაზიარებას და ამ კუთხით სრულ თანამშრომლობას დაგვპირდა, თუმცა, რაკი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მტკიცებით, 2020 წლამდე მოგროვებული მონაცემები ბევრ სტატისტიკურ ცდომილებას მოიცავს და არ შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტანდარტებს, ამ კვლევის ფარგლებში მხოლოდ ცენტრის მოწოდებული და გადამოწმებული სტატისტიკა გამოვიყენეთ.
“რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა 2020-2022”-ის მიხედვით, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, რუსთავში დაბინძურების 50 წყარო საწარმოა, აქედან 47 ე.წ. ძველ, ხოლო მხოლოდ 3 “ახალ რუსთავში”.
მათი უმრავლესობა, ამავე ანგარიშის მიხედვით, წარმოადგენს მეტალურგიულ, ქიმიურ, მინერალურ და სხვა სახის სამრეწველო ობიექტს.
აღნიშნულ ობიექტთა მიერ გაფრქვეულმა მყარმა ნივთიერებებმა [დიდწილად მტვრის ნაწილაკებმა] 2019 წელს 14 ათას ტონაზე მეტი შეადგინა. აღნიშნული 14 ათასი ტონიდან 97% უმსხვილესი დამბინძურებლის გაფრქვევებზე მოდის.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2022 წლის ბოლოსთვის ეს გაფრქვეული მყარი ნაწილაკები დაახლოებით 7-ჯერ უნდა შემცირებულიყო. თუმცა, სამოქალაქო მოძრაობის “გავიგუდეთ” მიერ გამოქვეყნებულ საინფორმაციო მასალაში, რომელიც სამოქმედო გეგმის შესრულების 2022 წლის ანგარიშის პროექტზე დაყრდნობით არის მომზადებული, ვკითხულობთ, რომ მყარი ნივთიერებების მასა მხოლოდ 5 705 ტონით [დაახლოებით 40%-ით] შემცირდა და 8 446 ტონა შეადგინა [ნაცვლად სამიზნე 2010 ტონისა].
როგორც ანგარიშის პროექტშიც ვკითხულობთ, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელდა 44 ობიექტის 64 ინსპექტირება, ეს არის იმის შედეგი, რომ გეგმის განხორციელებისას ფიქსირდებოდა მნიშვნელოვანი ხარვეზები მსხვილი საწარმოების მიერ დაწესებული რეგულაციების დროული აღსრულებისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების კუთხით.
ქალაქ რუსთავში ჰაერის მონიტორინგის მხოლოდ ერთი – ფონური ავტომატური სადგური დგას, რომელიც მოშორებულია საწარმოო ზონას და ჰაერის დაბინძურების დონეს სრულად ვერ ასახავს.
პორტალ air.gov.ge-ზე, რუსთავის სადგურიდან მტვრის ნაწილაკების საათობრივი ნორმა ხშირად აჭარბებს დასაშვებ ნორმას.
მაგრამ არის მნიშვნელოვანი სხვაობა დღიურ და საათობრივ საშუალოებს შორის, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოს დღიურ და თვიურ ანგარიშებშია ასახული: მაგალითად, ცხელი თვის რომელიმე დღეს, შესაძლოა, პიკის დროს, რამდენიმე საათი გადააჭარბოს ნორმას რომელიმე დამაბინძურებელმა, შემდეგ საათებში კი დამაბინძურებლ[ებ]ის კონცენტრაცია, სატრანსპორტო დატვირთვის შემცირების ან სხვა მიზეზების გამო, დაბლა ჩამოვიდეს და თვიური საშუალოს გამოყვანის დროს, გადაჭარბება თითქმის არ იყოს, რაც იმ ლოკაციაზე ზოგად კარგ მდგომარეობას არ ნიშნავდეს.
Air.gov.ge-ზე ატვირთულ თვიურ და წლიურ ანგარიშებში კი ეს სწორედ ასე ჩანს – ხშირად საათობრივი გადაჭარბებები რუსთავში დღიურ და თვიურ საშუალო გადაჭარბებას აღემატება.
“საშუალოების აღება კარგია, მაგრამ ყურადღება უნდა მივაქციოთ საათობრივ გადაჭარბებასაც. დილიდან საღამომდე თუ მოვიწამლე და ღამით სუფთა ჰაერს ვსუნთქავ, რაში მარგია?!” – გვეუბნება გიორგი ჯიბუტი, ქიმიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ასეთი შემთხვევების აღწერისას. – “ზოგ ადგილას, სავარაუდოდ, ყოველდღე აჭარბებს მხოლოდ საათობრივად, პიკის საათებში. საშუალოში კი ეს ყველაფერი არ ჩანს.”
არის შემთხვევები, როცა რუსთავის თვიური საშუალო ანგარიშიც კი ძალიან მაღალი დონის დამაბინძურებლების კოცენტრაციას აჩვენებს. მაგალითად, 2022 წლის აგვისტოს რუსთავში ყოველდღე, ყოველსაათობრივად მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში აჭარბებდა ზღვრულად დასაშვებ კოცენტრაციას, ზოგჯერ დასაშვებზე სამჯერაც კი.
2022 წლის 2 აგვისტოს, ჟურნალ Nanomaterials [Basel]-ში გამოქვეყნდა კვლევა The Impact of Fine Particulate Matter 2.5 on the Cardiovascular System: A Review of the Invisible Killer, რომლის ფარგლებშიც ახსნილია ის ბიოლოგიური მექანიზმი, თუ როგორ მოქმედებს მყარი ნაწილაკი 2.5 ადამიანის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და როგორ აღწევს ცენტრალურ ნერვულ სისტემაშიც კი და მასთან მუდმივი შეხების შემთხვევაში, როგორ შეიძლება ქრონიკული დაავადებები ან/და შეუქცევადი ჯანმრთელობის მდგომარეობები გამოიწვიოს.
მტვრის მცირე ნაწილაკებს შორის, რომლებიც ჩაისუნთქება, არისშემდეგი ულტრამცირე ან/და უხეში ნაწილაკები, რომელთა აეროდინამიკური დიამეტრები შეადგენს <0.1, ≤2.5 (PM2.5) და 2.5–10 (PM2.5–10) მიკრომეტრებს.
რაც უფრო მცირე დიამეტრი აქვს ნაწილაკს, მით მეტად შეუძლია შეაღწიოს ფილტვების ალვეოლებში [ფილტვის ბუშტულები] და შემდეგ კი მოხვდეს სისხლში, და ორგანიზმს უფრო დიდ საფრთხეს უქმნის, ვიდრე PM10.
მტვრის ნაწილაკებთან მუდმივი შეხება გულსისხლძარღვთა, სასუნთქი გზების დაავადებების და ფილტვის სიმსივნის რისკებს ზრდის.
PM2.5-ში სამი ძირითადი შემადგენელია: ძირითადი ნაწილაკები [ელემენტარული ნახშირბადი], მეორადი ნაწილაკები [ორგანული აეროზოლები] და ნიტრატებისა და სულფატების ნაწილაკები.
ძირითადი PM2.5 გარემოში გამოიყოფა როგორც ბუნებრივი გზებით [აეროზოლირებული ნიადაგი, მტვრის შტორმები, ტყის ხანძრები, ვულკანური ამოფრქვევები], ასევე ადამიანის საქმიანობით [სოფლის მეურნეობა ან ნარჩენების წვა-ინსინერაცია, ბიომასის წვა, ხის წვა, გზის მტვერი, სიგარეტის გამონაბოლქვი, საჭმლის მომზადების პროცესი, მშენებლობა, წიაღისეული საწვავის წვა, სახლის გათბობა, ინდუსტრიული საქმიანობა, საგნების მექანიკური ცვეთის ნარჩენები, ენერგეტიკული ობიექტები საქმიანობა, ზღვის მარილი და ტრანსპორტი].
მეორადი PM2.5 ატმოსფეროში დაბალი აქროლადობის მქონე პროდუქტების ორგანულ და არაორგანულ პრეკურსორებთან ქიმიური რეაქციის შედეგად გამოიყოფა. ავტომობილის გამონაბოლქვი ან ქვანახშირის წვის ნარჩენი ჰაერში არსებულ ტენთან და მზის სხივებთან შედის რეაქციაში და თავის მხრივ, დამატებით ნაწილაკებს წარმოშობს.
ძირითადად, PM2.5 რამდენიმე ელემენტს შეიცავს [შავი ნახშირბადი, ორგანული ნახშირბადი და სულფატები], ზღვის მარილი [სოდა და ქლორიდი], და მეტალის ოქსიდები [ალუმინი, კალციუმი, რკინა, კალიუმი, სილიკონი, ტიტანი და თუთია]. ცნობილია, რომ ნარჩენი ზეთის წვა და საცობების მტვერი უფრო მოკლევადიან გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე, ხოლო ქვანახშირის წვა – უფრო გრძელვადიან გავლენებს.
PM2.5 -ის ქიმიურ შემადგენლობათა კომბინაცია განსხვავდება გეოგრაფიული რეგიონების, კლიმატის და ადამიანის საქმიანობების სფეროების მიხედვით და ახლოს არსებული დამაბინძურებლების მიხედვით. სასოფლო ვითარებაში PM2.5 უფრო სილიკონსა და ალუმინს შეიცავს.
ურბანულ გარემოში ჰაერის დაბინძურება უფრო მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვის, საცობებთან დაკავშირებული გამონაბოლქვის, მეორადი აეროზოლების [ამონიუმი, ნიტრატები, და სულფატები] მაღალი კონცენტრაციის, ელემენტარული და ორგანული ნახშირბადი წვის მაღალი ხარისხის, და გლობალურად უბრანიზაციის მაღალი დონის გამო არის გამწვავებული. ინდუსტრიულ ზონებში ისეთი ელემენტებია ჰაერში მაღალი კონცენტრაციით, როგორებიცაა თუთია, რკინა და პალადიუმი.
მართალია, გარკვეული ლიტერატურა არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მექანიზმებით იწვევს ჰაერის დაბინძურება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს, მაგრამ ამ ამბავში ბევრი რამე ჯერ კიდევ გასარკვევია.
PM2.5 გულსისხლძარღვთა დაავადებებს რთული, მრავალმხრივი და ერთმანეთზე დამოკიდებული მოვლენების ჯაჭვით იწვევს. მტვრის ნაწილაკების ჩასუნთქვა გულსისხლძარღვთა სისტემაში შემდეგი ბიოლოგიური გზებით აღწევს და იწვევს: 1) ოქსიდაციურ სტრესს და სისტემურ ანთებას; 2) პირდაპირ მოხვედრას ორგანიზმის სისტემურ ცირკულაციაში და 3) ავტონომიური ნერვული სისტემის დარღვევებს.
ოქსიდაციური სტრესი და სისტემური ანთება ერთ-ერთი მთავარი მექანიზმია, რითაც PM2.5 გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკებს ზრდის. ჰაერის დამაბინძურებლის შესუნთქვა რესპირატორული ტრაქტის უჯრედების სხვადასხვა ტიპებში ოქსიდაციურ სტრესს იწვევს, რის გამოც ბევრი არასასურველი მოვლენა ვითარდება, მათ შორის, ანთება.
შესუნთქული PM2.5 ფილტვებში არაერთ ანთებით მედიატორს აღვიძებს, მათ შორის, პრო-ოქსიდაციურ და ანთების გამომწვევებს [სიმსივნის ნეკროზის ფაქტორი, ინტერლეიკინ [IL]-1β, IL-6, ინტერფერონი-γ და გრანულოციტების მაკროფაგების კოლონიის მასტიმულირებელი ფაქტორი], ვაზოაქტიური ჰორმონები [ენდოთელინი], მწვავე ფაზის ცილები [C რეაქტიული ცილა], რომლებიც სისხლში იწყებენ ცირკულაციას.
ფილტვების გააქტიურებული ენდოთელიალური უჯრედები ადჰენსიური მოლეკულების [ტრანსმემბრანული ცილები] გამოტყორცნას იწყენებენ, რომლებიც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ლეიკოციტებისა და თრომბოციტების მიბმა-მიერთებას და სისხლის სისტემურ კოაგულაციას.
ეს ფაქტი აქამდე გამოქვენებული კვლევებითაც იყო ცნობილი, – რომ სისხლში PM2.5-ის მაღალი კონცენტრაცია ჰიპერკოაგულაციის მარკერებისა და თრომბინების გაჩენასთან იყო დაკავშირებული.
პატარა ზომის გამო, PM2.5-ს მარტივად შეუძლია ფილტვის ეპითელიუმის გარღვევა და გულსა და სხვა ორგანოებთან შეღწევა, და მთელი რიგი არასასურველი ჯანმრთელობის მდგომარეობების გამოწვევა.
წინარე კვლევები ასაბუთებს, რომ PM2.5 და სხვა ულტრა-მცირე ნაწილაკებს შეუძლიათ, პირდაპირ ფილტვების და სისტემურ ცირკულაციაში მოხვდნენ, და არიონ სხეულის ჰემოსტატიური მუშაობა. არაერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის თანახმად, PM2.5 ვენების თრომბოზსა და პლაზმის შედედების დროის შემცირებას დაუკავშირდა.
მუდმივად PM2.5-თან შეხება არტერიულ სიხისტეს და სისხლის მაღალ წნევასაც დაუკავშირდა. დაბინძურებულ ჰაერში დიდხანს ყოფნამ ასევე შეიძლება გამოიწვიოს მწვავე თრომბოზთან დაკავშირებული მოვლენები: მიოკარდიული ინფარქტი და ინსულტი, რომელიც ასევე უკავშირდება ამ დამაბინძურებელთან ხშირ შეხებას.
ჩვეულებრივ ვითარებაში, გულის რითმულ მუშაობას ავტორითმული უჯრედები და სინოატრიული კვანძი არეგულირებს, რომელსაც ვაგუს ნერვი აკონტროლებს. თუ PM2.5-ს დიდხანს და დიდი რაოდენობით ვისუნთქავთ, მან შეიძება შეაღწიოს ავტონომიური ნერვულ სისტემაში და გაზარდოს არითმიისა და სხვა კარდიოვასკულარული შემთხვევების ალბათობა.
პულსის აჩქარება და გულის მუშაობის რიტმის დარღვევა ორი მთავარი ფაქტორია გულის უკმარისობით და გულთან დაკავშირებული სხვა პრობლემების გამო გარდაცვალების.
მეტა-ანალიზის შედეგად, რომელიც ამ სტატიის მთავარი სამეცნიერო წყაროა, რეკომენდაციების ნაწილში მეცნიერები შემდეგ რჩევებს აძლევენ მოსახლეობას და პასუხისმგებელ ორგანოებს:
შესაბამისმა უწყებებმა მოსახლეობას უნდა მიაწოდონ ინფორმაცია იმაზე, რომ, მაგალითად, პიკის საათის დროს, როცა ქუჩაში ბევრი ავტომობილი მოძრაობს, გარეთ არ უნდა იყვნენ. პიკის საათის დროს არც ფეხით სიარულია სასურველი, განსაკუთრებით გადატვირთული გზების პირას.
ვინც მანქანით მგზავრობს, სჯობს, ფანჯრები აწეული ჰქონდეს, მანქანაში ჰაერის ცირკულაციის კარგი სისტემა მუშაობდეს და თან ჰაერი იფილტრებოდეს.
ისეთ დღეებში, როდესაც დაბინძურება განსაკუთრებით მაღალია, გარეთ დიდხანს ყოფნა სასურველი არ არის, სახლის ფანჯრები კი დახურული უნდა იყოს. სჯობს შენობის/ოთახის ჰაერის შიდა კონდიცირების და ჰაერის გასაფილტრი სისტემების გამოყენება. სუფთა ჰაერის ცირკულაცია ამცირებს კარდიოვასკულარული დაავადებების რისკებს და მათთან დაკავშირებულ ჰოსპიტალიზაციას.
თუკი ჰაერი შენობის შიგნით არის დაბინძურებული, მაშინ გარეთ, პარკებში ყოფნა და ფიზიკური აქტივობაა საუკეთესო გამოსავალი. თუკი ადამიანი დაბინძურებულ შენობაში/ოთახში იმყოფება, სჯობს ატაროს სახის ნიღაბი, რომელიც ამცირებს ორგანიზმში მყარი ნაწილაკების მოხვედრის რისკებს.
ნიღაბი N95 ასევე ეფექტური გზაა ორგანიზმში მტვრის ნაწილაკების მოხვედრისგან თავიდან ასაცილებლად. მართალია, ნიღაბი N95 მტვრის ნაწილაკებისგან 95%-ით გვიცავს, მაგრამ ის ვერ გვიცავს მავნე აირების ორგანიზმში მოხვედრისგან.
ამ ნაკლის/შეზღუდვის გამოსასწორებლად, სასურველია, რომ აქტივირებული ნახშირიც გამოიყენოთ, მავნე აირებისგან დასაცავად. ეს გაფრთხილებები ეხებათ ველოსიპედით მოსიარულეებსაც, განსაკუთრებით ისეთ ქალაქებში, სადაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მაღალია.
სტატია მოამზადა “კაქტუს მედიამ”, სამოქალაქო მოძრაობა “გავიგუდეთ”-თან თანამშრომლობით, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია “კაქტუს მედია”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.