ზოგადი მიმოხილვა
მისამართი: ქ. რუსთავი, მარის არხის ქუჩა N174.
შპს „რუსელოისი“ ფეროშენადნობთა ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი და ექსპორტიორია საქართველოში. კომპანიის კუთვნილი ფეროშენადნობთა ქარხანა აშენდა 2005 წელს დააღჭურვილია ორი 9MVA სიმძლავრის ღია ტიპის ელექტრო რკალური ღუმელით.
გარდა ფეროშენადნობთა წარმოებისა, კომპანია ფლობს მანგანუმის მადნის რამდენიმე საბადოს დასავლეთ საქართველოში და ახორციელებს მადნის მოპოვებას და მანგანუმის კონცენტრატის წარმოებას საკუთარ გამამდიდრებელ ქარხანაში ქ. თერჯოლაში.
2008 წლის 18 ივლისს შპს „რუსმეტალზე“ გაიცა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ეკოლოგიური ექსპერტიზისთვის წარდგენილი ფეროშენადნობთა ქარხნის რეკონსტრუქცია გაფართოების გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საფუძველზე; ხოლო 2016 წლის 3 თებერვალს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის №-65 ბრძანებით შპს ,,რუსმეტალზე’’გაცემული გარემოზე ზემოქმედების ნებართვა გადაეცა შპს ,,რუსელოისს’’ და საწარმოს დაევალა 2008 წლის 18 ივლისის №30 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გათვალისწინებული პირობების შესრულება.
საწარმო მდებარეობს ქალაქ რუსთავის სამრეწველო ზონაში რომელიც უახლოესი დასახლებული პუნქტიდან დაშორებულია 0,8 კმ მანძილით.
– ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ძირითადი წყაროებია: ნედლეულის ჩამოცლისა და ბუნკერში ჩაყრის ადგილები და ფეროშენადნობების დნობის ღუმელები. ატმოსფერული ჰაერის ძირითადი დამაბინძურებელი ნივთიერებებია: არაორგანული მტვერი, აზოტის დიოქსიდი, ალუმინის ოქსიდი, კალციუმის ოქსიდი, მაგნიუმის ოქსიდი, მანგანუმის ოქსიდი,სილიციუმის დიოქსიდი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ 2016 წლის 19-26 სექტემბერს ჩატარებული ინსპექტირების ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მადანთერმულ ელექტრო ღუმელებში ფეროშენადნობების დნობის პროცესში გამოყოფილი მტვრისა და მაღალტემპერატურიანი აირების ლოკალიზაციისა და გაწმენდისათვის ელექტრო ღუმელების თავზე დამონტაჟებულია ლითონკონსტრუქციის ქოლგა, საიდანაც დამტვერიანებული და გახურებული აირები მილსადენებისა და მძლავრი კვამლგამწოვი დანადგარების DH-12,5 საშუალებით ხვდებიან სველი ტიპის კოაგულაციურ აირგამწმენდ KMП-4,0-00.00.000 დანადგარში. აირგამწმენდი დანადგარის წყლით უზრუნველყოფა ხორციელდება მბრუნავი ციკლის საშუალებით, რომელიც შედგება ტუმბოს, მილსადენებისა და სალექარისაგან.
– საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოიქმნება შემდეგი სახის ნარჩენები: ნამუშევარი ზეთები სხვადასხვა მანქანა-დანადგარებიდან, ტექნოლოგიურ პროცესში წარმოქმნილი წიდის ნარჩენები, ჰიდრავლიკური ზეთები, ზეთის ფილტრები აბსორბენტები, ხმარებიდან გამოსულის პეცტანსაცმელი, ქაღალდი, მინა, მუყაო, ხის შესაფუთი მასალა და პლასტმასის ნარჩენები.
ინსპექტირებები
სამოქალაქო მოძრაობამ „გავიგუდეთ“ შეისწავლა შპს „რუსელოისის“ ინსპექტირებების შედეგები დაგთავაზობთ ყველაზე საყურადღებო დარღვევებს, განსაკუთრებით კი, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების კუთხით.
– 2016 წლის 19 – 26 სექტემბერს განხორციელდა შპს,,რუსელოს’’-ზე გაცემული გარემოზე ზემოქმედების №00194 ნებართვით (2008 წლის 18 ივლისის №30 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა) გათვალისწინებული პირობებისა და გარემოს დაცვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესრულების მდგომარეობის შემოწმება.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევა–ნაკლოვანებები:
– შპს,, რუსელოის’’-ის მიერ არ სრულდება მათ მიერ დამუშავებული და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებული მონიტორინგის(თვითმონიტორინგის) გეგმა, კერძოდ არ ხორციელდება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის (პად) ფორმების საფუძველზე. მათ ვერ წარმოადგინეს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ფორმა № პად-1, აირმტვერდამჭერი და ტექნოლოგიური მოწყობილობების მუშაობის რეჟიმის ფორმა №პად-2 და ატმოსფერული ჰაერის დაცვის ღონისძიებების შესრულების ფორმა № პად-3 მიმდინარე წლის I-II- კვარტალის მდგომარეობით.
მათ მიერ ასევე არ ხდება აირმტვერდამჭერი მოწყობილობის მუშაობის ეფექტურობის(გაწმენდის ხარისხის) განსაზღვრა, რომელიც ხორციელდება მხოლოდ ინსტრუმენტული გაზომვების საფუძველზე. დარღვეულია საქართველოს მთავრობის 2014 წლის 03 იანვრის №21 დადგენილება ,,აირმტვერდამჭერი მოწყობილობის ექსპლუატაციის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე’’ მუხლი 4, პუნქტი 5 და 2008 წლის 18 ივლისის №30 ეკოლოგიურიექსპერტიზის დასკვნის თავი III. პირობების პუნქტი 1.
– საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე არაორგანული მტვერის გაფრქვევის შემცირების მიზნით გამწვანების ზოლი მოწყობილია არასრულყოფილად, ხე მცენარეების ნაწილს დაკარგული აქვს სასიცოცხლო ნიშნები. №30 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თავი პირობების პუნქტი 12.
– შპს „რუსელოისს“ სამრეწველო ტერიტორიაზე არ გააჩნია სანიაღვრე ქსელი. არ არის განსაზღვრული და დადგენილი საწარმოო მოედნებზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლით წყლის რესურსების დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებები (N30 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თავი III. პირობების პუნქტი 12).
შემოწმების შემდგომ, 2016 წლის 5 ოქტომბერს, შედგა სამართალდარღვევის ოქმი „რუსელოისის“ მიმართ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ განიხილა სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე საწარმოს შეუფარდა ჯარიმა 5,000 ლარის ოდენობით.
აღნიშნული დარღვევების აღმოსაფხვრელად საწარმოს მიეცა გონივრული ვადები.
– 2018 წლის 23 აპრილს განხორციელდა საწარმოს გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესრულების შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისათვის განსაზღვრულ გონივრულ ვადებში შესრულების მდგომარეობის შესწავლა-დათვალიერება.
დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ საწარმოს შესრულებული აქვს დარღვევების აღმოსაფხვრელად გათვალისწინებული პირობები, კერძოდ:
– „რუსელოისმა“ წარმოადგინა შპს „გამა კონსალტინგთან“ 2018 წლის 13 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „გამა კონსალტინგი“ ვალდებულია კვარტალში ერთხელ განახორციელოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის (პადფორმების) წარმოება „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების თვითმონიტორინგის და ანგარიშგების წარმოების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის N 413დადგენილების შესაბამისად. ასევე წარმოდგენილია 2018 წლის 2 მარტს ჩატარებული კვლევის შედეგები პად-1, პად-2 და პად-3 ფორმების სახით.
აგრეთვე, შპს „გამა კონსალტინგი“ ვალდებულია, წელიწადში ერთხელ საწარმოს ფუნქციონირების პროცესში განახორციელოს 2 ღუმელის აირების გამწმენდი ფილტრების ეფექტურობის დადგენა საკვამლე მილში მტვრის შემცველობის გაზომვითა და მავნე ნივთიერებათა რაოდენობის განსაზღვრა-გაანგარიშებით. შპს „რუსელოისის“ მიერ წარმოდგენილია „გამა კონსალტინგის“ მიერ შესრულებული ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციების გაზომვის შედეგები.
– შპს „რუსელოისის“ მიერ 2018 წლის 20-21 მარტს „ეროვნული საშენი მურნეობისგან“ შეძენილია 80 ცალი ელდარის ფიჭვის და 20 ცალი ცაცხვის ხის ნერგი, რომელიც დარგული იქნა საწარმოს გარე პერიმეტრზე და ნარგავების შემდგომ მოვლაზე გამოყოფილია პერსონალურად თანამშრომელი.
– საწარმოო მოედნებზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლებით წყლის რესურსების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით შპს „რუსელოისმა“ შეიმუშავა პროექტი და განისაზღვრა ღონისძიებები. დათვალიერების დროს სამუშაოები დასრულებული იყო საკაზმი მასალების მომზადების უბანზე, გამოსაყენებელი ნედლეულის ღიად განთავსების უბანზე.
ამ პირობების შესრულება და სამინისტროსთვის დოკუმენტის გონივრულ ვადაში ჩაბარება თითქოს საწარმოს კანონმორჩილებაზე მეტყველებს, თუმცა ამ ინსპექტირებიდან სულ რაღაც რამდენიმე თვეში ირკვევა, რომ ეს ყველაფერი ზედაპირულია და არც ისე იდეალური, როგორც ეს ფურცელზე ჩანს – 2018 წლის 12 დეკემბრის ინსპექტირების შედეგად დგინდება, რომ შპს „რუსელოისი“ 2018 წლის 1 ნოემბრიდან საქმიანობას ახორციელებს „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების“ პროექტის გარეშე. საწარმოში კი აცხადებდნენ, რომ ეს პროექტი ჩაბარებული იყო სამინისტროსთან შესათანხმებლად. როგორც ჩანს, პროექტი მართლაც ჩაბარებული იყო, თუმცა 2019 წლის 18-30 სექტემბერს განხორციელებული არაგეგმიური ინსპექტირების შედეგად გაირკვა, რომ შპს „რუსელოისის“ მიერ არ სრულდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშით და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ, სამინისტროსთან 2018 წლის 14 დეკემბერს შეთანხმებული „ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში“ ასახული ინფორმაცია არ შეესაბამება ადგილზე არსებულ ფაქტობრივ მდგომარეობას და ნორმების პროექტში არ არის ასახული ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი ყველა წყარო, კერძოდ:
– ავტო ტრანსპორტის დიზელის საწვავით მოსამარაგებლად არსებული 13ტ. ტევადობის ავზი;
– მექანიკური საამქრო, სადაც ხდება რკინის ნაკეთობების შეკეთება, გამოჩარხვა, შედუღება;
– ნედლეულის სასაწყობე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სამსხვრევ-დამახარისხებელი დანადგარი;
– პროდუქციის ღია სასაწყობე ფართი საჩამოსხმო უბანთან. ინსპექტირებისას ნანახი იქნა დნობის პროდუქტების მიღების უბნის ძირითად შესასვლელთან დასაწყობებული მიღებული პროდუქცია ნაყარის სახით. აღნიშნული უბანი არაა ასახული ნორმების პროექტში.
2019 წლის ინსპექტირების შედეგად კიდევ სხვა მრავალი დარღვევა გამოვლინდა, რომელთა შესახებაც ქვემოთ დეტალურად ვისაუბრებთ.
2019 წელს შპს „რუსელოისმა“ გადაწყვიტა დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის – აგლომერაციის საწარმოს მოწყობა, რაც გამოიწვევდა ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, შესაბამისად, 2019 წლის 5 აპრილს საწარმომ სკრინინგის განცხადებით მიმართა სამინისტროს, სადაც აღნიშნეს, რომ დაგეგმილი საქმიანობის შედეგად გამოფრქვეული მავნე ნივთიერებების (არაორგანული მტვერი,ალუმინის, მაგნიუმის, კალციუმის ოქსიდები, მანგანუმის, სილიციუმის დიოქსიდები დანახშირწყალბადები) აბსოლუტურ წყაროს წარმოადგენს კომპანიის უკვე არსებული ფეროშენადნობების ღუმელები, რაზეც გარემოზე ზემოქმედების ნებართვა უკვე გაცემულია და აგლომერაციის დამატება მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის კუთხით სიტუაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.
ასევე, განცხადებაში აღნიშნავენ, რომ აგლომერაციის საამქროს მოწყობის პროცესში ზედაპირული წყლების ხარისხზე პირდაპირი სახით ზემოქმედება მოსალოდნელი არ არის; ხოლო, რაც შეეხება, ნარჩენებით გარემოს დაბინძურებას, აგლომერაციის პროცესი გათვალისწინებულია, როგორც უნარჩენო წარმოება და მის შედეგად დამატებითი ნარჩენების მნიშვნელოვანი ოდენობის წარმოქმნა მოსალოდნელი არაა.
სამინისტრომ განიხილა სკრინინგის განცხადება და გამოავლინა შემდეგი ხარვეზები:
– სკრინინგის განცხადების თანახმად, ატმოსფერულ ჰაერში მოსალოდნელი ემისიების შემცირების მიზნით, დაგეგმილია სველი მტვერდამჭერი (ПВМ 20 СА – 2 ცალი) სისტემის მოწყობა, თუმცა არ არის წარმოდგენილი აღნიშნული დანადგარის გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო აღებული წყლის და წარმოქმნილი ჩამდინარე წყლის მართვის საკითხი.
– წარმოდგენილი სკრინინგის განცხადების ანალიზით, ასევე, დგინდება, რომ აგლომერაციის საწარმოს ექსპლუატაციის პროცესში წარმოქმნილი ნამწვის და სხვა შესაძლო ნარჩენების, მათ შორის, მტვერდამჭერ დანადგარში წარმოქმნილი ნარჩენის, მართვის საკითხი განსაზღვრული არ არის, რაც დაზუსტებას საჭიროებს.
– ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ დაგეგმილი საწარმოს განთავსების მიმდებარედ მდებარეობს სხვადასხვა პროფილის და ფუნქციური დატვირთვის სამრეწველო ობიექტები, რომლებიც მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენენ გარემოს სხვადასხვა კომპონენტებზე. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შედეგად მოსალოდნელია მნიშვნელოვანი კუმულაციური ზემოქმედება გარემოზე.
– ფეროშენადნობთა საწარმოსა და აგლომერაციის საწარმოს ერთობლივი ფუნქციონირების შედეგად, მოსალოდნელია ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი გაზრდა. შედეგად გამოწვეული ზემოქმედება ატმოსფერულიჰაერის ხარისხსა და გარემოზე საჭიროებს დამატებით შეფასებას და შესწავლას.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, აღნიშნული საქმიანობა დაექვემდებარა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. ამისათვის, შპს „რუსელოისმა“ 2019 წლის 16 სექტემბერს წარადგინა სკოპინგის ანგარიში და 18 ნოემბერს სამინისტროსგან მიიღო სკოპინგის დასკვნა.
– ამავე პერიოდში, 2019 წლის 18 – 30 სექტემბერს, რუსელოისში განხორციელდა არაგეგმიური შემოწმება.
შემოწმების შედეგად გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:
მათ შორის, კვლავ ვხვდებით იმ დარღვევებს სრულად იგივე სახით, გაუარესებულად ან მხოლოდ მცირედით გამოსწორებულად, რომლებიც გამოვლინდა 2016 წლის ინსპექტირების შედეგად და, რომლებზეც საწარმომ ‘გამოსწორების’ პუნქტები წარმოადგინა.
– სანიაღვრე წყლების მიმღები ჭები განთავსებულია მხოლოდ ნედლეულის/საკაზმე მოედანზე; საწარმოს ტერიტორიის რელიეფიდან გამომდინარე მოსული ნალექებიდან წარმოქმნილი წყლების სრულად შეკრება მიმღებ ჭებში შეუძლებელია და, შესაბამისად, არ არის განსაზღვრული სანიაღვრე წყლებით დაბინძურების თავიდან აცილების ღონისძიებები (2016 წლის ინსპექტირების მიხედვით, საწარმოს სანიაღვრე ქსელი არ გააჩნდა).
– კომპანიის მომსახურე პერსონალი არაა აღჭურვილი სპეც.ტანსაცმლით და მტვრისა და ხმაურისაგან დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით.
– გზშ ანგარიშში, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტში მითითებულია, რომ უახლოესი მოსახლე 800 მეტრითაა დაშორებული საწარმოდან, თუმცა ინსპექტირებით დადგინდა, რომ დოკუმენტაციაში არაა განხილული საწარმოს მიმდებარედ არსებული სასჯელაღსრულების დაწესებულება, სადაც ადამიანები მუდმივად იმყოფებიან.
– საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილია წიდის გრანულირების ავზები, თუმცა აღნიშნული ავზები გზშ ანგარიშში არაა განხილული (ასახულია მხოლოდ ნორმების პროექტში). აღსანიშნავია, რომ წიდის გრანულირების დროს ხდება მავნე ნივთიერებების არაორგანიზებული გაფრქვევა, რომელსაც ახასიათებს გოგირდის სპეციფიური სუნი. ქალაქში ეს სუნი არც თუ ისე იშვიათად დგას, ხოლო, ვინც ჩვენთან ერთად „რუსელოისთან“ ყოფილა, მათ კარგად ემახსოვრებათ მისი სიმძაფრე.
– საწარმოში გაფრქვევა ხდება ღუმელში საღუმელე მილებიდან ნედლეულის ჩაყრისას,როდესაც გავარვარებულ მასას ემატება ახალი საკაზმე მასალა. აღნიშნული აირები გადაიტანება აირგამწმენდ მილებში, უბანზე დამონტაჟებული გამწოვი ქოლგების საშუალებით. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული გამწოვი სისტემა არ ფუნქციონირებდა (2016 წლის ინსპექტირებამ აჩვენა, რომ არ ხდებოდა აირმტვერდამჭერის გაწმენდის ხარისხის განსაზღვრა).
– აირგამწმენდ უბანზე არსებულ მილებზე დარღვეულია ჰერმეტიზაცია, რამდენიმე ადგილზე მილებზე შემოხვეულია ნაჭრის ქსოვილები და ხდება გაუწმენდავი აირების გაფრქვევა.
– საწარმოს არ აქვს შემუშავებული არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების შემცირების ღონისძიებების გეგმა„არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში ატმოსფერული ჰაერის დაცვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის N8 დადგენილების შესაბამისად.
– შპს „რუსელოისს“, გზშ ანგარიშის შესაბამისად, არ აქვს შეთანხმებული ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია შესაბამის საწარმოსთან.
– არ ხდება ნარჩენების მართვა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
– 2008 წლის 18 ივლისის N30 ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მეშვიდე პირობის შესაბამისად, კომპანიას ეკრძალება სამშენებლო მასალების, მათ შორის ცემენტის წარმოებაში, წიდის მეორადი დანიშნულებით გამოყენება მასში მანგანუმის მაღალი შემცველობის გამო (Mn – 14,8%). ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შპს „რუსელოისი“ წიდას გადასცემს შპს „გრუპი“-ს, რომელიც, მას შემდეგ, რაც დაახარისხებს ფრაქციებად,ასხვისებს კომპანიებზე სამშენებლო მასალის დასამზადებლად.
ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე „რუსელოისის“ მიმართ შედგა სამართალდარღვევის ოქმი და განსახილველად გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლომ 2019 წლის 9 დეკემბრის N 4-518-19 დადგენილებით „რუსელოისი“ სცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილით, გარდა წიდის მეორადი დანიშნულებით გამოყენების ნაწილში, ასევე ნარჩენების მართვის კოდექსის 45-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებაში და შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი – ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით.
ასევე, საწარმოს მიეცა გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად; რომლის შესრულების მდგომარებობა შემოწმდა 2020 წლის 17 სექტემბერს და ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ყველა პირობის შესრულებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო.
რაც შეეხება ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტს, რომელიც არ შეესაბამებოდა საწარმოში არსებულ რეალურ მდგომარეობას, შპს „რუსელოისმა“ პროექტის განახლებული ვერსია წარადგინა მეტალურგიული ქარხნის ექსპლუატაციის პირობების შეცვლისა და აგლომერაციის საწარმოს მოწყობა-ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშთანერთად, 2020 წლის 14 სექტემბერს, რომელიც მომზადდა ზემოთ აღნიშნული სკოპინგის დასკვნის(2019წ. 18 ნოემბერი) შესაბამისად. გარდა ამისა, აღნიშნულ გზშ ანგარიშში განახლდა ნარჩენების მართვის გეგმა; წარმოდგენილია თვითმონიტორინგის გეგმაც.
სამინისტრომ განიხილა გზშ ანგარიში და 2021 წლის 13 იანვარის წერილით შპს „რუსელოისს“ საექსპერტო დასკვნის საფუძველზე გაუგაზავნა დასაზუსტებელი საკითხები:
– გზშ ანგარიშში არ არის მითითებული საპროექტო ტერიტორიის მიმდებარედ არსებული სხვადასხვა პროფილის საწარმოები და მათი საქმიანობის ტიპები, რომლებთან ერთობლივმა ფუნქციონირებამ შესაძლებელია გამოიწვიოს კუმულაციური ეფექტი (სრული ან/და ნაწილობრივი). გარდა ამისა, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიშში ფონად გამოყენებულია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი ქ. რუსთავის მოსახლეობის რაოდენობის შესაბამისი მაჩვენებლები და არ არის გათვალისწინებული სხვა საწარმოებთან კუმულაციური ეფექტი;
– გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მონიტორინგის გეგმა, სადაც მონიტორინგის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან ერთად, გათვალისწინებული იქნება ინსტრუმენტული მონიტორინგის საკითხი (სულ მცირე, თვეში ერთხელ) საწარმოს პერიმეტრზე, სასჯელაღსრულების #16 დაწესებულებასთან და უახლოეს მოსახლესთან (მონიტორინგის წერტილების კოორდინატების, საწარმოს დატვირთვის რეჟიმის მითითებით);
– გზშ-ს ანგარიშში დეტალურად არ არის აღწერილი მტვერდამჭერიდან ამოღებული შლამის მართვის საკითხები, მათ შორის „დაგუნდავების” პროცესი;
– გზშ-ის ანგარიშში ხმაურის ზემოქმედებასთან დაკავშირებით, მოცემულია (9.2 ქვეთავი) მხოლოდ თეორიული მიმოხილვა, ხოლო შესაბამისი გაანგარიშებები წარმოდგენილი არ არის.წარმოდგენილი უნდა იქნეს საწარმოში არსებული ხმაურის წყაროების (მოწყობილობის) საპასპორტო მონაცემები და შესაბამისი გამოთვლები/გაანგარიშებები უახლოეს მოსახლესა და სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმართებით;
– გზშ-ის ანგარიშში მითითებულია, რომ საწარმოო პროცესში გამოსაყენებელი ნედლეული დასაწყობებული იქნება საპროექტო ტერიტორიაზე არსებულ ღია მოედანზე. მიუხედავად ამისა, ანგარიშში წარმოდგენილი არ არის ღია მოედნებიდან წარმოქმნილი მტვრის შესამცირებლად გასატარებელი შემარბილებელ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია;„გავიგუდეთ“ ხშირად სტუმრობს საწარმოს მიმდებარე ტერიტორიას და ღია მოდნებიდან წარმოქმნილი მტვერი, ხშირად რამდენი ასეული მეტრის რადიუსშიც კი ვრცელდება.
– გზშ-ის ანგარიშში მითითებულია, რომ პერიოდულად გადამოწმდება საწარმოს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ტექნიკური გამართულობა და გაწმენდის ეფექტურობა, ასევე გადამოწმდება არაორგანიზებული გაფრქვევის წყაროების მდგომარეობა. თუმცა, მითითებული არ არის რა პერიოდულობით/მეთოდით მოხდება ტექნიკური გაუმართაობების გადამოწმება. ამასთან, არ არის წარმოდგენილი აირმტვერდამჭერი სისტემის საპასპორტო მონაცემები;
– გზშ-ის ანგარიშში (დანართი1 – ინფორმაცია 2020 წლის 27 აპრილის N001568 ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ცხრილი) მითითებულია “ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან 6 თვის ვადაში სრულად აღკვეთოს საწარმოში დანადგარების გაუმართაობით, გამწოვი და აირმტვერდამჭერი სისტემების გაუმართაობით ან/და ჰერმეტულობის დარღვევით გამოწვეული არაორგანიზებული გაფრქვევები”, რასთან დაკავშირებითაც მითითებულია, რომ“კომპანიაში მიმდინარეობს დანადგარების (მათ შორის, გამწოვი და აირმტვერდამჭერი სისტემების ჰერმეტულობის) ტექნიკური შემოწმება და ტექნიკურ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შემოწმება. გაუმართაობის აღმოჩენისას მიმდინარეობს მაკორექტირებელი ღონისძიებების გატარება.” გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი უნდა იყოს ზემოაღნიშნული საკითხების შესრულებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია, მათ შორის საწარმოში ამჟამინდელი მდგომარეობა და აღმოფხვრილი ხარვეზების შესახებ შესაბამისი კონკრეტული ღონისძიებები;
დამატებით, მეტალურგიული წარმოებისთვის 2021 წლის 1 ივნისიდან სავალდებულოა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის უწყვეტი განსაზღვრა ინსტრუმენტული მეთოდით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გზშ-ის ანგარიშში ასახული უნდა იქნეს საწარმოში უწყვეტი ავტომატური მონიტორინგის დანერგვის საკითხი (გაფრქვევის წყაროების მითითებით, რომლებზეც მოხდება ავტომატური მონიტორინგის დაწესება). სამწუხაროდ, საწარმოს დღემდე არ აქვს თვითმონიტორინგის სისტემა და უკვე 1 წელია ისევ დარღვევით ფუნქციონირებს. ამასთან, 2021 წლის დეკემბერში საწარმოში ვიზიტისას საწარმოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 2022 წლის მაისში უკვე დამონტაჟებული ექნებოდა ფილტრაციის ახალი სისტემა და თვითმონიტორინგის სისტემა, რაც სიცრუე აღმოჩნდა.
შპს „რუსელოისმა“ ხარვეზების აღმოსაფხვრელად მიცემული 1 თვის ვადის კიდევ 1 თვით გახანგრძლივების თხოვნით მიმართა სამინისტროს, საიდანაც დადებითი პასუხი მიიღო, და 2021 წლის 13 აპრილს წარმოადგინა ინფორმაცია შენიშვნების შესახებ, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების განახლებული პროექტი.
წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე კვლავ შედგა საექსპერტო ჯგუფი გზშ ანგარიშში წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის განსახილველად და, საბოლოოდ, საექსპერტო დასკვნის საფუძველზე, 2021 წლის 3 ივნისს სამინისტრომ გასცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ქ.რუსთავში შპს „რუსელოისის“ მეტალურგიულ (ფეროშენადნობთა) საწარმოში დამატებითი ტექნოლოგიური ხაზის – აგლომერაციის (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) საწარმოს მოწყობასა და ექსპლუატაციაზე.
თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, 2021 წელს ჩატარებული რამდენიმე ინსპექტირების შედეგად კვლავ არაერთი, წლების განმავლობაში გამოუსწორებელი, დარღვევა გამოვლინდა:
– კომპანია არ უზრუნველყოფს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრას, რაზეც კომპანია 2021 წლის 30 ივნისს შედგენილი ოქმის საფუძველზე 10 000 ლარით დაჯარიმდა.
– კომპანია არ უზრუნველყოფს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დაცვას. შედეგად მოხდა ფოლადსადნობი ღუმელის წვის პროდუქტებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, რაც წარმოადგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობის დარღვევას. კომპანია 2021 წლის 30 ივლისს შედგენილი ოქმის საფუძველზე დაჯარიმდა 5,000 ლარით.
– გამწმენდი სისტემის ექსპლუატაციის წესების დარღვევისა და შესაბამისი მოწყობილობების გაუმართაობის გამო მოხდა ფოლადსადნობი ღუმელის წვის პროდუქტებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, რაზეც 2021 წლის 16 აგვისტოს ოქმის საფუძველზე 10 000 ლარით დაჯარიმდა.
– აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევისა და შესაბამისი მოწყობილობის გაუმართაობის გამო საწარმოში მოხდა მადანსადნობი ღუმელის წვის პროდუქტებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, რაზეც 2021 წლის 24 ნოემბერს შედგა ოქმი. ოქმი განიხილა რუსთავის საქალაქო სასამართლომ და 2021 წლის 24 დეკემბრის N4-387-21 დადგენილებით კომპანიის მიმართ დაწყებული ადმინისტრაციული საქმის წარმოება შეწყვიტა.
გადაწყვეტილებით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობის აღმოფხვრის მიზნით სასამართლოს გაეგზავნა წერილი დადგენილების კანონიერ ძალაში შესვლის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, რაზეც, დღეს არსებული მდგომარეობით, პასუხი დეპარტამენტს არ მიუღია.
– 2022 წლის 24 იანვარს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად საწარმოს წინააღმდეგ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი N064387, რომლის მიხედვითაც, საწარმოდან არაორგანიზებულად, ყოველგვარი გაფილტვრის გარეშე ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვეოდა მოწითალო-მოყავისფრო შეფერილობის კვამლი. ასევე, მსგავსი შეფერილობის კვამლი გაიფრქვეოდა ღუმელებზე დამონტაჟებული ოთხივე გაფრქვევის მილიდან.
შესაბამისად, დადგინდა, რომ შპს „რუსელოისის“ მიერ დარღვეულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობები და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, კერძოდ:
1.საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის N 2-813 ბრძანებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი ვალდებულებები;
2.საწარმოში არსებული გამწმენდი სისტემის ექსპლუატაციის წესების დარღვევისა და შესაბამისი მოწყობილობების გაუმართაობის გამო მოხდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების არაორგანიზებული გაფრქვევა. რაც არის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 792 მუხლის 1-ლი ნაწილისა და 78-ე მუხლის მე-2 ნაწილის დარღვევა.
დარღვევაზე კი ახსნა განმარტება ასეთი იყო: „აღნიშნული პერიოდისთვის ფილტრები ფუნქციონირებდა, არაორგანიზებულ გაფრქვევას ადგილი არ ჰქონია; მკვეთრი მოყავისფრო შეფერილობა უკავშირდება წყლის ფილტრებს, ნედლეულის მაღალ ტენიანობას და დაბალ ტემპერატურას, რის შედეგადაც წარმოიქმნება ორთქლი.“
თუმცა, ადგილზე ვიზიტისას თვალითაც ხილულია საწარმოს ფუნქციონირებისას არსებული დარღვევები. შესაბამისად, კომპანია საფრთხეს უქმნის როგორც იქ დასაქმებული, ისე რუსთავსა და მის შემოგარენში მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას.
ანგარიში მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „ჰაერის დაბინძურება რუსთავში“ ფარგლებში.