შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ რუსთავში ფლობს ორ ურთიერთდაკავშირებულ საწარმოს – ცემენტისა და მშრალი მეთოდის ცემენტის ქარხანას. აღნიშნული საწარმოები მდებარეობს ერთი და იმავე ტერიტორიაზე – მშენებელთა ქუჩის 70 და 70ა ნომრებში. ცემენტის ქარხნიდან უახლოეს მოსახლემდე დაშორება 440 მეტრი, ხოლო მშრალი მეთოდის ცემენტის ქარხნიდან კი 800 მეტრია.
თავდაპირველად, აღნიშნული საწარმოები ფლობდნენ ორ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, თუმცა კომპანიის წარმომადგენლებმა 2021 წელს სამინისტროს მიმართეს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაერთიანების მოთხოვნის მიზნით და ამჟამად აღნიშნული ორი დოკუმენტი გაერთიანებულია.
საწარმოს ტერიტორიაზე 1991 წლიდან ფუნქციონირებდა შპს „ქართული ცემენტი.”
2017 წელს მოხდა შპს „ქართული ცემენტის“ შერწყმა შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსთან“ და შპს “ჰაიდელბერგბეტონ ჯორჯიასთან“ და გაერთიანების შედეგად კომპანიას ეწოდა შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი“. 2018 წელს კი კომპანიის მფლობელთა გადაწყვეტილებით მოხდა შპს „ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსისა“ და შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“ შერწყმა და რეორგანიზაციის შედეგად რეგისტრირებული სუბიექტი გახდა შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირი, რომელზედაც 2018 წლის 1 იანვრამდე გზშ-ის სფეროში გაცემულია შესაბამისი აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ვალდებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, განცხადების საფუძველზე მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. სამინისტრო აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ კოდექსით გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისთვის განსაზღვრული პროცედურების გარეშე, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით გასცემს გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას, შესაბამისად, გაერთიანებამდე – 2009 და 2013 წლებში გაცემული გარემოსდაცვითი ნებართვები მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით გადაეცა შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას“.
ობიექტის ექსპლუატაციისას ატმოსფერულ ჰაერში გაიფრქვევა შემდეგი მავნე ნივთიერებები:არაორგანული და ცემენტის მტვერი, აზოტის ოქსიდები, გოგირდის ორჟანგი და ნახშირორჟანგი.
საწარმოში წარმოიქმნება შემდეგი სახის ნარჩენები:
1. სამრეწველო ნარჩენები (სამშენებლო, საწარმოო)
2. საყოფაცხოვრებო ნარჩენები
როგორც ინსპექტირებებიდან ირკვევა, სახიფათო ნარჩენებისთვის საწარმოში გამოყოფილია დახურული შენობა – ნაგებობა, ხოლო არასახიფათო, მეტალისა და ხის ნარჩენი განთავსებულია საწარმოო ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ.
თავდაპირველად, ორივე ქარხანაში ხდებოდა ცემენტისა და კლინკერის წარმოება, თუმცა 2018 წელს ცემენტის ქარხანაში მოხდა კლინკერის პირველი, ხოლო 2021 წელს მეორე და მესამე მბრუნავი ღუმელის დემონტაჟი – შესაბამისად, გაუქმდა კლინკერის გამოწვის ყველა ღუმელი და ამ საწარმოში აღარ ხდება კლინკერის წარმოება. ცემენტის ქარხანაში ხდება მხოლოდ ცემენტის წარმოება, კლინკერის შემოზიდვა კი ხდება მშრალი მეთოდის ცემენტის ქარხნიდან. შესაბამისად, გამოშვებული პროდუქცია ცემენტის ქარხნისთვის არის ცემენტი, ხოლო მშრალი მეთოდის ცემენტის ქარხნისთვის – კლინკერი. როგორც დემონტაჟის სკრინინგის ანგარიშშია აღნიშნული, აღნიშნული ღუმელების დემონტაჟის შედეგად გაუქმდა მნიშვნელოვანი გაფრქვევის წყარო და გაუმჯობესდა გარემოს მდგომარეობა.
2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, რუსთავის ცემენტის ქარხანაში ექსპლუატაციაში იყო 6 ერთეული ცემენტის ჰორიზონტალური ბურთულებიანი წისქვილი, საიდანაც N1, N2 და N5 წისქვილები მუშაობდა დახურული ციკლით, ხოლო N3, N4 და N6 წისქვილები – ღია ციკლით.
1 სექტემბერს საწარმოს წარმომადგენლებმა სამინისტროს მიმართეს წერილით, სადაც აღნიშნულია, რომ „გამომდინარე ცემენტის ხარისხზე გაზრდილი მოთხოვნებისა დღეისათვის ღია ციკლისმუშაობის რეჟიმი ნაკლებად ეფექტურია და ვერ უზრუნველყოფს საბოლოო პროდუქტზე ხარისხისგამკაცრებულ მოთხოვნებს.“ აქედან გამომდინარე, კომპანიის წარმომადგენლებს სურდათ N3 წისქვილის ღია ციკლიდან დახურულ ციკლზე გადასვლა.
აღნიშნულმა ცვლილებამ გააჩინა კიდევ ერთი გაფრქვევის წყარო და შესაბამისად, საწარმოს შუაში დამონტაჟდა ახალი ფილტრი, რომელიც უახლოესი მოსახლიდან 478 მეტრით არის დაშორებული. საწარმოში დამონტაჟებული სახელოიანი ფილტრების სპეციფიკაცია შემდეგია:
1. ფილტრაციის მოცულობა – 7500 მ3/სთ.
2. მაქსიმალური მტვრის კონცენტრაცია – 10 მგ/მ3.
3. გაფრქვევის წყაროს სიმაღლე – 17.0 მ.
4. გაფრქვევის წყაროს დიამეტრი – 0.5 მ.
5. გაფრქვეული ჰაერის ნაკადის ტემპერატურა – 900C
6. გაფრქვეული ჰაერის ნაკადის სიჩქარე – 10.62 მ/წმ.
7. სამუშაო საათები დღეში – 24 სთ/დღე.
8. სამუშაო საათები წელიწადში – 7920 სთ/წელ.
9. გაფრქვევის პიკური მაჩვენებელი – 0.021 გ/წმ
10. გაფრქვევის მაქსიმალური წლიური მაჩვენებელი – 0.594 ტ/წელ.
ზოგადად კი ცემენტის წისქვილებში დამონტაჟებულია ორსაფეხურიანი მტვერდამჭერი სისტემა:
I საფეხური – დამლექი კამერა, რომლის ეფექტურობაც 30%-ია;
II საფეხური – სახელოებიანი ფილტრი, მისი ეფექტურობა 99.9%-ს შეადგენს.
საწარმო მტვერდამჭერი მოწყობილობების მუშაობის კონტროლს უნდა ახორციელებდეს ყოველთვიურად, ხოლო ავარიის შემთხვევაში, უნდა მოხდეს საწაროს გაჩერება და ყველა მტვერდამჭერი მოწყობილობის დეტალური შემოწმება – რემონტი.
იმისთვის, რომ არაორგანული მტვრით დაბინძურება მინიმალური იყოს, არახელსაყრელ მეტეოროლოგიურ პირობებში საწარმოს აქვს ტერიტორიის მორწყვის ვალდებულება.
საწარმოში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში (2018-2021წწ) განხორციელდა 7 ინსპექტირება. წლების მიხედვით ვითარება შემდეგია:
2018 წლის 16 მაისის ინსპექტირებით აღმოჩნდა, რომ საწარმოში არ ხორციელდებოდა აირმტვერდამჭერი მოწყობილობების მუშაობის ეფექტურობის განსაზღვრა, რაზეც 2018 წლის 24 მაისს შედგა ოქმი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ. საქმე გადაეცა რუსთავის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც კომპანია 15 000 ლარით დააჯარიმა.
2017 წელს საწარმოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან წარედგინა მიწერილობა, რომლის მიხედვითაც საწარმოს გონივრულ ვადაში უნდა შეესრულებინა შემდეგი ვალდებულებები:
1. ადმინისტრაციული მიწერილობის ჩაბარებიდან დაიწყოს ნარჩენების აღრიცხვა, დროებით უსაფრთხოდ განთავსება და შემდგომი მართვის მიზნით სათანადო გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მქონე ორგანიზაციაზე გადაცემა;
2. მიწერილობის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სამინისტროში გარემოსდაცვითი მონიტორინგის კონკრეტული გეგმის წარმოდგენა და შეთანხმების შემდეგ აწარმოოს თვითმონიტორინგი;
3. მიწერილობის ჩაბარებიდან დაიწყოს პირველადი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოება;
4. უზრუნველყოს გზშ ანგარიშის „ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების“ თავში გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება, მათ შორის:
– 3 თვის ვადაში მოაწყოს ქაფწარმომქმნელი სითხის ავზები;
– უზრუნველყოს რეზერვუარების ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობებით აღჭურვა;
– შესაბამის უფლებამოსილ ორგანოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქცია.
5. მიწერილობის ჩაბარებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს წვიმის წყლის შემკრები კოლექტორისა და სალექარის მოწყობა (სამინისტროსთან შეთანხმებით აღნიშნული პირობის შესრულების ვადამ გადაიწია 2019 წლის 1 თებერვლამდე).
პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმების მიზნით 2018 წლის 21 სექტემბერსდათვალიერებით აღმოჩნდა, რომ საწარმოს შესრულებული ჰქონდა აღნიშნული მიწერილობით გასაზღვრული ყველა პირობა (გარდა მეხუთესა).
2018 წლის 2 ოქტომბერს გზდ-ის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები დამატებით იმყოფებოდნენ საწარმოში, სადაც ნარჩენების განთავსების ადგილები მოინახულეს. შეისწავლეს ნარჩენების აღრიცხვის ჟურნალი და მათი განადგურების აქტები. ვიზიტისას ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი არ შემდგარა.
2019 წლის 3 აპრილის ინსპექტირებით ირკვევა, რომ საწარმოს შესრულებული აქვს მიწერილობითგანსაზღვრული პირობა – კაპიტალურადაა გაყვანილი წვიმის წყლის შემკრები კოლექტორი დამოწყობილია სალექარი.
2019 წლის 20 დეკემბერს საწარმოში არსებული სატრანსფორმატორო ქვესადგურის მუშაობისა და 17 ივლისს დადგენილი გეგმა-გრაფიკის შესრულების შემოწმების მიზნით, საწარმოში კიდევ ერთი ინსპექტირება ჩატარდა, რითაც გაირკვა, რომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ არ ასრულებდა გეგმა გრაფიკით განსაზღვრულ შემდეგ პირობებს:
1. სამინისტროში არ არის წარმოდგენილი სატრანსფორმატორო ქვესადგურში შესაბამისი სახანძრო ინვენტარის შესახებ ინფორმაცია;
2. არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია ქვესადგურში ძალოვანი ტრანსფორმატორებისა და ამომრთველების შესახებ;
3. ტრანსფორმატორებთან არ არის მოწყობილი ზეთშემკრები ავზები, ხოლო ზეთიანი ამომრთველები ტერიტორიაზე საერთოდ არ ფიქსირდება;
4. ქვესადგურის ტერიტორიაზე არ არის მოწყობილი სანიაღვრე წყლების შემკრები სისტემა და ის არ არის მიერთებული ცემენტის ქარხნის საერთო სანიაღვრე საკანალიზაციო ქსელს.
20 დეკემბრის ინსპექტირების საფუძველზე, 24 დეკემბერს შედგა ოქმი და იგი შევიდა ქალაქ რუსთავის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ 2020 წლის 15 იანვარს დაადგინა, რომ კომპანიამ დაარღვია ადინისტრაციული კოდექსის 793-ე მუხლის პირველი ნაწილი და დაეკისრა 5 000 ლარის გადახდა.
2020 წლის მიწურულს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კიდევ ერთხელ შეამოწმა ასრულებდა თუ არა საწარმო მიწერილობით განსაზღვრულ პირობებს და დაადგინა, რომ საწარმოში კვლავ არ იყო მოწყობილი სანიაღვრე წყლების შემკრები სისტემა და იგი არ იყო მიერთებული ცემენტის ქარხნის საერთო სანიაღვრე საკანალიზაციო ქსელს. დათვალიერების საფუძველზე 25 იანვარს შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 26 ივნისს შევიდა რუსთავის საქალაქო სასამართლოში. სასამართლომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა 15 000 ლარის ოდენობით.
2021 წელს საწარმოში მხოლოდ ერთი ინსპექტირება ჩატარდა 2 ივლისს, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ საწარმო არღვევდა „დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებების ატმოსფერულ ჰაერში ორგანიზებული გაფრქვევის ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას“. აღნიშნულ ფაქტზე 12 ივლისს შედგა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გადაეგზავნა საქალაქო სასამართლოს. სასამართლომ 22 ივლისს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ სამართალდამრღვევად ცნო და დააკისრა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
მიუხედავად იმისა, რომ 20 აპრილს, საკომიტეტო მოსმენაზე მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიაში“ ფილტრაციის სისტემა გამართულად მუშაობს, ხოლო თვითმონიტორინგის სისტემა კი შეკვეთილია და უახლოეს მომავალში დამონტაჟდება, განცხადებიდან ორი თვის თავზეც კომპანიის წარმომადგენლებს სამინისტროსთვის არ უცნობებიათ კონკრეტული თარიღი, როდის შეძლებენ თვითმონიტორინგის სისტემის დაყენებას (შეგახსენებთ, რომ აქციის მოთხოვნაზე საპასუხოდ სამინისტრომ 2022 წლის 20 ივნისს გამოგვიგზავნა წერილი, რომელსაც თან ერთვოდა აირმტვერდამჭერი და მავნე ნივთიერებათა უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის სისტემების ამოქმედების კუთხით არსებული მდგომარეობისა და გეგმების შესახებ ქ. რუსთავში მოქმედი 11 საწარმოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია. ამ 11 საწარმოში არ იყო „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“). თუ 20 აპრილს სისტემა უკვე შეკვეთილი იყო, სხვა კომპანიების მაგალითზე ტრანსპორტირებასა და მონტაჟს უნდა დაჭირვებოდა დაახლოებით 1.5 – 2 თვე,შესაბამისად, გაუგებარია რატომ გაჭიანურდა აღნიშნული პროცესი ან რატომ არ უგზავნის კომპანია წერილს ზუსტი თარიღის მითითებით სამინისტროს. გამართული ფილტრებისა და თვითმონიტორინგის სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ცემენტის საწარმოებისათვის, რადგანაც მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მთავარ წყაროს სწორედ ისინი წარმოადგენენ. შესაბამისად, იმედს ვიტოვებთ, რომ კომპანია დროულად მიაწვდის სამინისტროს აღნიშნულ ინფორმაციას, რათა შემდეგ მისი თქვენთვის გაზიარება შევძლოთ.
ანგარიში მომზადებულია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის მხარდაჭერით, პროექტის „ჰაერის დაბინძურება რუსთავში“ ფარგლებში.