სამოქმედო გეგმა წარმოადგენს სექტორული მიმართულების პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც მიზნად ისახავს ქ. რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებას. აღნიშნულ მოკლე ანგარიშში შემოგთავაზებთ 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული აქტივობების ანალიზს, ჩვენს შენიშვნებსა და რეკომენდაციებს.
სამწუხაროდ, ანგარიშში ნათლადაა აღნიშნული, რომ 2021 წელს ატმოსფერული ჰაერის ხარისხობრივი მდგომარეობა უცვლელია. უმცირესი მყარი ნაწილაკები (PM10, PM2.5) წლიურ ზღვრულად დასაშვებ ნორმას კვლავაც დაახლოებით 60%-ით აღემატება. ჩვენი გუნდის ძალისხმევით დაზუსტდა, რომ PM10 წლიურ ზღვრულად დასაშვებ ნორმას 58%-ით, ხოლო PM2.5 – 60%-ით აღემატება. თავად ანგარიშშივეა ნათქვამი, რომ ეს „დიდწილად[1] გამოწვეულია დაწესებული საკანონმდებლო რეგულაციების არასათანადოდ შესრულებით“.
პრობლემაა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების დროულად აღსრულების საკითხიც, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით განხორციელდა სამოქმედო გეგმის აქტივობათა 20%. აგრეთვე, მეტწილად შესრულდა აქტივობების 50%, ხოლო ნაწილობრივ შესრულდა – 30%. აქტივობების განხორციელების პროგრესმა შეადგინა 64%.
2021 წელს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო 6 აქტივობა, დროულად შესრულდა მხოლოდ შემდეგი აქტივობები:
– მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლება.
– ქ.რუსთავში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სპექტრის გაზრდა რაც ითვალისწინებს ბენზ(ა)პირენის, კადმიუმის, დარიშხანისა და ნიკელის კონცენტრაციების გაზომვას. მათი განსაზღვრა დაიწყო 2021 წლის დეკემბრიდან და წლიური საშუალო კონცენტრაცია წარმოდგენილი იქნება 2022 წლის დეკემბერში.
რაც შეეხება ქვემოთ ჩამოთვლილ აქტივობებს, ისინი მხოლოდ ნაწილობრივაა შესრულებული:
– სტაციონარული წყაროების მიერ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის მონიტორინგი და სამინისტროს ბაზაზე თვითმონიტორინგის მონაცემების მიმღები ელექტრონული სისტემის შექმნა (შესრულებულია 53%);
– ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრული კონკრეტული გეგმის შემუშავება ობიექტებისთვის, რომლებიც არ არიან შესაბამისობაში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებთან ან კანონით დადგენილ მოთხოვნებთან (შესრულებულია 67%);
– სამრეწველო ემისიების შესახებ საქართველოს კანონის მიღება (შესრულებულია 30%);
– გზდ-ის ქვემო ქართლის რეგიონულ სამმართველოს დამატებითი ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა (შესრულებულია 80%);
როგორც ხედავთ, აქტივობები, რომლებიც 2021 წლის IV კვარტლის ბოლომდე უნდა შესრულებულიყო, სრულად 2022 წლის თებერვალშიც არაა შესრულებული. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 2020 წლის აქტივობების შესრულებაც დაგვიანებით ხდებოდა, რჩება შთაბეჭდილება, რომ არც ცენტრალური და არც ადგილობრივი ხელისუფლება საკითხს სათანადო სერიოზულობით არ ეკიდება, არ ჩანს მათ მიერ გადადგმული ქმედითი ნაბიჯები და მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ აუცილებელია საკანანმდებლო ცვლილებების დადგენილ ვადებში შესრულება, ისინი ამ მოთხოვნას უგულვებელყოფენ. მსგავსი დამოკიდებულება შემდეგ ხდება ხოლმე მიზეზი იმისა, რომ მეწარმეები მაქსიმალურად სარგებლობენ გაჭიანურებული პროცესებით და კანონის ამოქმედებიდან (2021 წლის 1 ივნისი) 9 თვის თავზე, მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას მხოლოდ 1 საწარმო ასრულებს. ეს არის შედეგი იმისა, რომ ნაცვლად 2020 წლის მე-4 კვარტლისა, როგორც ეს გათვალისწინებული იყო სამოქმედო გეგმით, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონსა და „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა მხოლოდ 2021 წლის 2 მარტს. აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით, ჩვენმა გუნდმა იმ საწარმოების სია, რომელთაც გააჩნიათ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან ჯერ კიდევ კანონის ამოქმედებამდე გამოითხოვა და მიღებული პასუხი გაუზიარა მოსახლეობას. მასალაში აღნიშნული იყო, რომ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრა სავალდებულო იქნებოდა რუსთავში მდებარე 24 საწარმოსთვის.
თუმცა, როგორც „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშში“ ვკითხულობთ “იდენტიფიცირებულია დაახლოებით 15 აქტიური სუბიექტი, რომელსაც ეხება თვითმონიტორინგის ვალდებულება”.
22 თებერვალს ეს საკითხი სამუშაო შეხვედრაზე განვიხილეთ და როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, აღნიშნული 24 საწარმო ყველაზე სერიოზული დამბინძურებელია და რუსთავში გაფრქვევების მთლიანი წილის 97%-ზეა პასუხისმგებელი. თუმცა, 1-ელ ივნისს ამოქმედებული კანონით, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევის ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულება 22 საწარმოს აქვს, ამჟამად 22-დან აქტიური კი მხოლოდ 15 საწარმოა.
ჩვენმა გუნდმა ამ საწარმოების სია უკვე გამოითხოვა და დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.
სამოქმედო გეგმაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ “ქ. რუსთავში ჰაერის დაბინძურების პრობლემის მოგვარებისთვის მთავარ გამოწვევას მსხვილი საწარმოო ობიექტების მიერ ჰაერდაცვითი კანონმდებლობისა და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების არასათანადოდ შესრულება და უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოადგენს, რის აღმოსაფხვრელადაც საჭიროა გაგრძელდეს როგორც ხელშემწყობი, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული იძულებისა და დასჯის მექანიზმების გამოყენება.”
ანგარიშში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან დაკავშირებით აღნიშნულია, რომ გაუმჯობესდა გზდ-ს ადგილობრივი სამმართველოს შესაძლებლობები და მკვეთრად გაიზარდა ადგილზე ჩატარებული ინსპრექტირების რიცხვი. განხორციელდა 44 რეგულირების ობიექტის 76 ინსპექტირება, რომლის შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრისთვის, 9 ობიექტს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა და განესაზღვრა კონკრეტული გამოსასწორებელი ღონისძიებები შესაბამისი ვადებით. თუ გსურთ გაეცნოთ რომელი საწარმოები შემოწმდა რუსთავში 2021 წელს, შეგიძლიათ იხილოთ ჩვენ მიერ მომზადებული საინფორმაციო მასალა. სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ მიესალმება გზდ-ს გააქტიურებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეს არ არის საკმარისი და გზდ-მ დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ უნდა განახორციელოს საწარმო ზონაში შემოვლა და ყოველდღიურად მოახდინოს სათანადო რეაგირება იმ დაღვევებზე, რომელთაც ხშირად მოსახლეობა შეუიარაღებელი თვალითაც ხედავს. თუნდაც ყოველდღიურად მოსახლეობის მიერ ცხელ ხაზზე განხორციელებულ ზარებზე რეაგირება ეფექტური მონიტორინგისთვის საკმარისი არ არის. ამას ემატება ისიც, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა ჯგუფი საწარმოში დაგვიანებით მიდის, მაშინ როცა არაორგანიზებული გაფრქვევის პროცესი აქტიური აღარაა და შესაბამისად, ვერ ხერდება სათანადო რეაგირება.
ამასთანავე, იმის პასუხად, თუ რატომ წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა მხოლოდ 9 საწარმოს, მაშინ როცა ყველა მათგანი კანონმდებლობის დარღვევით ფუნქციონირებდა, სამინისტროს წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ ადმინისტრაციული მიწერილობა საწარმოს წარედგინება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევისთვის, ხოლო უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 1-ელი ივნისიდან 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. რუსთავში განთავსებული საწარმოების მიმართ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 761 მუხლის შესაბამისად შედგენილ იქნა 15 ოქმი, რომლის საფუძველზეც დაჯარიმდა 8 საწარმო, ხოლო დანარჩენმა მათგანმა მიიღო შენიშვნა. დეტალურად აღნიშნული ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ანგარიშში.
რაც შეეხება ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობას, 2019 და 2021 წელს წლიური მაჩვენებელი PM10-თვის 63 მკგ/მ3 -ს, ხოლო PM2.5-თვის 32 მკგ/მ3-ს შეადგენდა. იგივე მაჩვენებლები 2020 წელს, შესაბამისად 58 მკგ/მ3 და 31 მკგ/მ3-ის ტოლი იყო. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „2020 წელთან შედარებით რეგრესი შესაძლოა გამოწვეული იყოს ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შემთხვევების ზრდით, რადგანაც 2021 წელს PM10-ის დღიური კონცენტრაციის გადაჭარბების 19-ით მეტი შემთხვევა (69 ნაცვლად 50-ისა) იყო განპირობებული სინოპტიკური პროცესებით (საქართველოს ტერიტორიაზე უდაბნოს მტვრის ნაწილაკების შემცველი ჰაერის მასების გავრცელებით)“. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა შესწავლილი იქნეს მეტეოროლოგიური პირობები, საინტერესოა, 2021 წელს რამდენი დღის განმავლობაში იყო რუსთავში უხვი ნალექი. ჩვენი დაკვირვებით, რუსთავში 2020 წელს საერთო ჯამში ბევრად მეტი წვიმიანი დღე იყო, ვიდრე 2019 ან 2021 წლებში. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი უნდა იყოს მყარი ნაწილაკების მაჩვენებლის ცვლილებისა.
ასევე, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ „საბაზისო დონესთან შედარებით ქ. რუსთავში სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული მყარი ნივთიერებების მასა დაახლოებით 9%-ითაა შემცირებული, რაც ადგილზე არსებული ცალკეული სამრეწველო ობიექტების მიერ ჰაერდაცვითი მოთხოვნების უკეთ აღსრულებისა და აირმტვერდამჭერი სისტემების გამართვის შედეგია.“ გაუგებარია რას ეყრდნობა აღიშნული მსჯელობა, რადგანაც როგორც ჩვენს გუნდს უპასუხეს, სამინისტროს არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმ საწარმოების შესახებ, რომელთაც დაყენებული აქვთ ფილტრები. შესაბამისად, მსგავსი კორელაციის დადგენა შეუძლებელია. იმისათვის, რომ აღნიშნული მსჯელობა უფრო დასაბუთებული იყოს, სამინისტროს უკვე მივმართეთ თხოვნით გამოგვიგზავნონ იმ საწარმოების სია, რომლებთაც დამონტაჟებული აქვთ და იყენებენ აირმტვერდამჭერ მოწყობილობებს. ჩვენი გუნდი, ტრადიციულად, პასუხს მოსახლეობასაც გაუზიარებს.
გარდა მყარი ნაწილაკებისა, ანგარიშში ინფორმაციას იპოვით კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს დამაბინძურებელზე, აზოტის დიოქსიდზე. აზოტის დიოქსიდის კონცენტრაცია ნორმას აჭარბებდა ორ ლოკაციაზე (კლდიაშვილის ქ. და კოსტავას ქ. N19). თუმცა, მისი წლიური კონცენტრაცია მთავარი მაგისტრალის გასწვრივ 3 ერთეულითაა შემცირებული. მართალია, საჭიროა ხარისხობრივი მაჩვენებლის კიდევ 12 ერთეულით შემცირება, თუმცა აღნიშნული ფაქტი მაინც სასიხარულოა.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, გეგმიურ მაჩვენებელს ქ.რუსთავის მერია მცირედ ჩამორჩება. მწვანე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით, აქტივობების შესრულების პროგრესი 46%-ს შეადგენს, რაც მიუთითებს გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მცირედ შეფერხებაზე. აქვეა აღნიშნული, რომ საანგარიშო პერიოდში სამოქმედო გეგმის მიხედვით 2021 წლისთვის გათვალისწინებული ინდიკატორი ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების ინფრასტრუქტურის მოწყობის მიმართულებით სრულად ვერ იქნა მიღწეული. ვინაიდან ორივე აქტივობა მერიის პირდაპირ მოვალეობაში შედიოდა, ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული აქტიურობა და მზაობა გამოიჩინოს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებების მიმართ და იყოს სამაგალითო ცენტრალური ხელისუფლებისა თუ სხვა სტრუქტურებისთვის.
ამასთან, „გავიგუდეთ“ შეხვედრის მიმდინარეობისას გამოეხმაურა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ აქტივობა 1.3.1-ს, რომელიც მოიცავს სკოლებისთვის ნერგების გადაცემას. იმის გამო, რომ რუსთავში ფაქტობრივად ყოველწლიურად გადასცემენ სკოლების ნაწილს ნერგებს, შემდგომ კი, შესაბამისი მოვლა-პატრონობის, განსაკუთრებით კი მორწყვის პრობლების გამო ეს ხეები ხმება, მოძრაობამ „გავიგუდეთ“ რუსთავის მერიას შესთავაზა, რომ ერთი სკოლის ტერიტორიაზე, სადაც ასზე მეტ ხეს დარგავდნენ, „გავიგუდეთ“ დონორების დახმარებით მოაწყობდა საირიგაციო სისტემას. მართლაც, შეხვედრის მეორე დღესვე დაგვიკავშირდა მერის მოადგილე და მე-11 სკოლაში ახლადდარგული ხეებისთვის UNDP/GEF SGP დახმარებით მოძრაობამ „გავიგუდეთ“ მოაწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა.
შეხვედრაზე კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ სამუშაო ჯგუფის მნიშვნელობა. რომ არა სამუშაო ჯგუფი, მათ შორის ჩვენს გუნდსაც და თავისთავად მოსახლეობასაც, არ ექნებოდა წვდომა მთელ რიგ დოკუმენტაციაზე და არ გვექნებოდა შესაძლებლობა, შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად დეტალურად განგვეხილა რუსთავისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები. გარდა ანგარიშში წარმოდეგნილი ინფორმაციისა, ჩვენ სხვა კითხვებიც დავსვით, რომელთა ნაწილსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე. იმედი გვაქვს, სამოქმედო გეგმას ერთჯერადი სახე არ ექნება, მომდევნო წლებშიც შემუშავდება, ბევრად ეფექტური გახდება და სამოქალაქო საზოგადოებას მასში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა.
სამოქმედო გეგმის 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ სამინისტროს ვებ-გვერდიდან.
[1] სიტყვის „დიდწილად“ ნაცვლად ანგარიშის სამუშაო ვერსიაში ეწერა სიტყვა „შესაძლოა“, რაც ჩვენთან კომუნიკაციის შემდეგ, სამინისტრომ შეცვალა და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა დაბინძურებაში საწარმოების ბრალეულობას.
ანგარიში მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით.