სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ დემოკრატიის ევროპული ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში აგრძელებს „ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022)“ შესრულების მონიტორინგს.
ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს სამოქმედო გეგმა და რა განხორციელდა პირველ საანგარიშო პერიოდში – 2020 წლის 22 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით (იხ. ბმული).
წინამდებარე მოკლე ანგარიშში მიმოვიხილავთ და შევაფასებთ სამოქმედო გეგმის განხორციელებას მეორე საანგარიშო პერიოდის – 2021 წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში.
ჩვენი კომენტარები და მოსაზრებები 26 აგვისტოს გავუზიარეთ სამუშაო ჯგუფის წევრებსაც, მათ შორის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებს. შენიშვნათა ნაწილზე პასუხი 27 აგვისტოს მივიღეთ, ხოლო დასმულ საკითხთა ნაწილის განხილვა სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში შემოგვთავაზეს.
სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, ჯერ კიდევ არ ჩატარებულა და, სავარაუდოდ, არჩევნების მეორე ტურის დასრულებამდე არ გაიმართება. შესაბამისად, გადავწყვიტეთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე გაგიზიაროთ პროგრესანგარიშის მიმოხილვა და თუ სამუშაო შეხვედრის დროს დამატებითი საინტერესო დეტალები გაჟღერდება, ცალკე საინფორმაციო მასალის სახით გაგიზიაროთ. ამასთან, უკეთესი იქნება, თუ გაიწერება ანგარიშის გამოქვეყნებამდე რა კონკრეტულ ვადაში შეიკრიბება სამუშაო ჯგუფი, რათა კომუნიკაცია გახდეს ბევრად უფრო ეფექტური და თავიდან ავიცილოთ პროცესის გაჭიანურება.
სამინისტროსთვის/სამუშაო ჯგუფისთვის გაზიარებულ დოკუმენტში ჩვენი პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომენტარი შეეხებოდა ჰაერდაცვითი კანონმდებლობის აღსრულების პრობლემას (შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებები სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია). ყოველდღიურად საწარმოო ზონაში კვლავ ვხედავთ, რომ მეწარმეები ფუნქციონირებენ უდიდესი დარღვევებით და ამაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობას. საწარმოებს 2021 წლის 1 ივნისამდეც ევალებოდათ შესაბამისი აირმტვერდამჭერი და ფილტრაციის სისტემის ქონა. თუმცა, დღემდე ვხედავთ, რომ საწარმოების მილებიდან ხშირად ამოდის შავი, ჟანგისფერი და საეჭვო შეფერილობის გამონაბოლქვი. სამინისტროს ვაცნობეთ, რომ ამასთან დაკავშირებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (გზდ) თანამშრომლების პასუხი არის ის, რომ მსგავსი ფერის კვამლი ავტომატურად დარღვევას არ ნიშნავს, ყოველ ჯერზე ვერ დააჯარიმებენ საწარმოებს და საჭიროა შესაბამისი ინსპექტირება. გასაგებია, რომ საჭიროა გაიზომოს აჭარბებს თუ არა გაფრქვევების დასაშვებ დონეს ესა თუ ის საწარმო და ამის შემდეგ შედგეს ოქმი, მაგრამ რას ვაკეთებთ მაშინ, როდესაც არაორგანიზებული გაფრქვევა ხდება და გამონაბოლქვი გამოდის შენობის ღიობებიდან? გვქონდა კითხვა თუ რატომ არ ჯარიმდებიან საწარმოები ყოველ ჯერზე თუნდაც ისეთ ხილულ დარღვევაზე, რომელსაც დამატებითი კვლევა აღარ სჭირდება.
ასევე, შევთავაზეთ სამინისტროს, რომ მოგვაწოდონ კონკრეტული პირის საკონტაქტო ელ-ფოსტა, რომელსაც ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტო და ვიდეო მასალას გავუგზავნით კონკრეტული თარიღების და დროის მითითებით, რათა ჩვენი მხრივ, დავეხმაროთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს დარღვევების ფოტო და ვიდეო აღბეჭდვაში და ხელი შევუწყოთ კანონის აღსრულებას (აქვე გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ფოტო და ვიდეო მასალას ვაქვეყნებთ ხოლმე ჩვენს ფეისბუქ გვერდზე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმირების მიზნით, ხშირად ვნიშნავთ ხოლმე მათ ფეისბუქ გვერდს).
სამოქმედო გეგმის პროგრესანგარიშშიც ვკითხულობთ, რომ „აღსანიშნავია ქ. რუსთავში განთავსებული სამრეწველო ობიექტების მიერ მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობა, რის აღმოსაფხვრელადაც, მიზანშეწონილია სხვადასხვა ხელშემწყობი და იძულების მექანიზმების გამოყენება“ – ამ საკითხთან დაკავშირებით გვქონდა კითხვა, კანონის აღსრულების მიმართულებით, იძულების მექანიზმებში ჯარიმების გარდა კიდევ რა მექანიზმები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იგულისხმა სამინისტრომ.
ამოცანა 1.5-თან (ქ. რუსთავში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების და მასში ჩართული მონაწილეების რაოდენობის გაზრდა) დაკავშირებით გვქონდა შეთავაზება, რომ ცნობიერების ამაღლების გარკვეული ღონისძიებები დაიგეგმოს ერთობლივად, რათა ერთი და იგივე სეგმენტი არ მოვიცვათ და რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. მაგალითად, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ დაგეგმილია საინფორმაციო ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა რუსთავის მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ვფიქრობთ, ადგილობრივი მედია ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობს ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ, ღრმად იცნობენ საკითხს, იაზრებენ პრობლემას და დიდი წვლილი აქვთ შეტანილი მედია ადვოკატირების მიმართულებით. შესაბამისად, მათთან ნამდვილად არ დგას ცნობიერების ამაღლების საჭიროების საკითხი და ეს რესურსი, ვფიქრობთ, აჯობებს სხვა მიმართულებით დაიხარჯოს. ანალოგიურად, რუსთავში არსებული აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი აზრით, სათანადო ინფორმაციას ფლობენ ჰაერის დაბინძურების პრობლემის შესახებ და ეს რესურსიც კარგი იქნება თუ უშუალოდ პრობლემის მოგვარების მიმართულებით დაიხარჯება.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცესში საზოგადოების ჩართულობის გაზრდის მიზნით, გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვთხოვეთ, რომ დანერგონ საჯარო განხილვების ჰიბრიდული მოდელი. ვგულისხმობთ, საჯარო განხლვებზე მოქალაქეებისთვის როგორც პირისპირ, ისე ონლაინ დასწრების შესაძლებლობის მიცემას. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდეემიის პირობებში, რადგან ჩვენი გუნდიც კი ერთ-ერთი საწარმოს სკოპინგის ანგარიშის განხილვას ვერ დაესწრო, რადგან დახურულ სივრცეში მსგავსი შეხვედრები არის საფრთხის შემცველი. გარდა ამისა, რუსთაველების ძალიან დიდი ნაწილი მუშაობს თბილისში და რადგან განხილვები სამუშაო საათებში ტარდება, ბევრი მათგანი ვერ ახერხებს რუსთავში ფიზიკურად ყოფნას, თუმცა, გამოთქვამენ სურვილს, რომ ონლაინ დაესწრონ შეხვედრებს. შესაბამისად, მსგავსი ალტერნატივის შეთავაზება, ვფიქრობთ, მოსახლეობის ჩართულობას უფრო გაზრდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, 2021 წლის 18 ოქტომბერს ოფიციალური წერილიც მივიწერეთ როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ისე ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში, რათა მათ, საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური მხარდაჭერა აღმოუჩინონ სამინისტროს, რომ მათ შეძლონ შეხვედრის როგორც პირისპირ, ისე ონლაინ ჩატარება.
ამასთან, სამინისტროს მივწერეთ, რომ როგორც წლიური ანაგრიშის ისე პროგრესანგარიშის განხილვა/მოსმენა უნდა გაიმართოს არა მხოლოდ სამუშაო ჯგუფის წევრებისთვის, არამედ საჯარო უნდა იყოს საზოგადოებისთვის და პანდემიიდან გამომდინარე უნდა გაიმართოს ონლაინ ან სამუშაო ჯგუფის წევრების პირისპირ შეხვედრა უნდა გადაიცემოდეს ლაივ რეჟიმში, რათა უზრუნველვყოთ მაქსიმალური გამჭვირვალობა. სამინისტრომ გვიპასუხა, რომ აღნიშნულ საკითხზე ვიმსჯელებთ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრაზე.
კონსოლიდირებულ სტატუსანგარიშში ვკითხულობთ: „მიმდინარე წლის III კვარტალში იგეგმება შეხვედრის ორგანიზება ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლის ფარგლებში მოხდება შესაბამისი ინფორმაციის შეგროვება და ინფორმაცია კომპანიების მიერ ჩატარებული მწვანე ღონისძიებების შესახებ ხელმისაწვდომი იქნება სამოქმედო გეგმის განხორციელების 2021 წლის ანგარიშში“. სამინისტროს ვთხოვეთ, რომ მოეცა ჩვენთვის შესაძლებლობა დავსწრებოდით აღნიშნულ შეხვედრას. შესაძლოა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი შეხვედრა კიდევ იგეგმება, თუმცა, 2021 წლის 14 სექტემბერს, სამინისტრომ უკვე მიგვიწვია საწარმოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სადაც სამინისტროს თანამშრომლებმა ისაუბრეს სამოქმედო გეგმის მიზნისა და საწარმოებისთვის გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ. ჩვენ შეხვედრაზეც გავაჟღერეთ კანონის აღსრულების კუთხით არსებული გამოწვევები და დავაფიქსირეთ მოსახლეობის უკმაყოფილება.
ასევე, სამინისტროს მივწერეთ, რომ მიუხედავად აქტივობა 1.3.4-ში ჩამოთვლილი გზების რეაბილიტაციისა, საწარმოო ზონაში კვლავ პრობლემად რჩება მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტურქტურა და წარმოადგენს დამატებითი ამტვერების მნიშვნელოვან წყაროს. ვფიქრობთ, ეს პრობლემა საჭიროებს დროულ მოგვარებას და როდესაც ვსაუბრობთ საწარმოების მიერ ჩატარებულ გარემოსდაცვით ღონისძიებებზე, გონივრული იქნება, პირველ რიგში ის პრობლემები გადაჭრან, რომელთაც თავად წარმოქმნიან. მაგალითად, მუნიციპალიტეტთან ერთად ჩაერთონ გზების მოწესრიგების პროცესში.
პროგრესანგარიშში ვკითხულობთ, რომ პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სკოლებისთვის მცენარეთა ნერგების დარიგება არ მომხდარა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სამინისტროსთან გვქონდა შეთავაზება: ჩვენ შეგვიძლია, 2021 წლის შემოდგომას ჩავერთოთ ერთი სკოლის და ერთი კოლეჯის გამწვანების პროცესში და შერჩეულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, თითოეულში დაახლოებით 200-250 ნერგისთვის მოვაწყოთ საირიგაციო სისტემა (სულ 500-მდე ნერგი).
ვფიქრობთ, უბრალოდ ნერგების დარიგების ნაცვლად, უმჯობესია მდგრადი ურბანული მიდგომები დავნერგოთ, რადგან წლების განმავლობაში არაერთი სკოლისთვის გადაუციათ ნერგები, თუმცა სათანადო მოვლის გარეშე ეს ხეები ხმება. საირიგაციო სისტემა ბევრად უფრო გაზრდის ამ ხეების გახარების შანსს.
სამინისტროს მივწერეთ, რომ, ჩვენი აზრით, ძალიან კარგი იქნება თუ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით თანამშრომლობის ტრადიციას და თუ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს სანერგე კვლავ გადმოგვცემს ნერგებს, ჩვენ მზად ვართ მოვაწყოთ საირიგაციო სისტემა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კი ვიცით, რომ მზადაა გარკვეული ტექნიკური დახმარება გაგვიწიოს დარგვის პროცესში. ჩვენი ინფორმაციით, კარგი იქნება თუ დავრგავთ ცაცხვს, კედარს, აკაკის ხეს და ნეკერჩხალს. ვფიქრობთ, შეგვიძლია გამწვანების მიმართულებით არსებული შეფერხებები ამგვარად შევამციროთ. ჩვენ მიერ გაგზავნილ კომენტარებში სამინისტროს ვთხოვდით, რომ თანამშრომლობის ამ შესაძლებლობასთან და ნერგებთან დაკავშირებით სამინისტროს გადაწყვეტილება ეცნობებინა არაუგვიანეს 10 სექტემბრისა, რათა შესაბამისად მოგვეხდინდა რესურსების მობილიზება. როდესაც შევიტყვეთ, რომ უახლოეს პერიოდში არ იგეგმებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რათა ეს საკითხი განგვეხილა, 5 ოქტომბერს სამინისტროში გავგზავნეთ ოფიციალური წერილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მართალია, ჯერ ოფიციალურად არ მოგვსვლია პასუხი ნერგების გადმოცემასთან დაკავშირებით, მაგრამ, როგორც ვიცით, სამინისტროს აქვს მზაობა, ჩაერთოს გამწვანების აქციაში.
სამოქმედო გეგმის 1.3.1. აქტივობაში აღნიშნულია, რომ დაიწყო ჭალის ტყის ტერიტორიის აღდგენის პროცესი, რაც რუსთავისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი საკითხია. დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ, რომ მიმდინარეობს დონორებთან მოლაპარაკება ავტომატური ფონური სადგურის შეძენასთან დაკავშირებით. სამინისტროს ვთხოვეთ, რომ უფრო გააქტიურდეს ამ მიმართულებით მუშაობა, რათა ბიუროკრატიული ვადების და პროცესების გამო 2022 წლის ბოლომდე შევძლოთ აღნიშნული სადგურის ქ.რუსთავში განთავსება.
ასევე, სამუშაო ჯგუფის მუშაობის მეტი გამჭვირვალობისთვის, კარგი იქნება, თუ უფრო მეტი დრო გვექნება მოცემული დოკუმენტის განსახილველად, რათა საზოგადოებასაც გავუზიაროთ ეს დოკუმენტი, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები და დასაბუთებული შენიშვნები ავსახოთ ჩვენ მიერ გამოგზავნილ კომენტარებში. ასევე, დოკუმენტის განსახილველად მხოლოდ რამდენიმედღიანი ვადა არ არის საკმარისი, რადგან ასეთ მცირე დროში ვერ ვახერხებთ, ექსპერტების განხილვაში ჩართვას და ჩვენც დაჩქარებულ ვადებში გვიწევს კომენტარების გამოგზავნა. სამინისტრომ ანგარიშში (გამოწვევებისა და რეკომენდაციების ნაწილში) დამატებით ასახა მოკლე ვადებით გამოწვეული სირთულეები. იმედია, მომდევნო საანგარიშო პერიოდისთვის აღნიშნული პრობლემა მოგვარდება. ამასთან, პროგრესანგარიშის შემუშავების გაჭიანურების მიზეზად დასახელებულია განმახორციელებელი უწყებებიდან ინფორმაციის დაგვიანებით და არასრულყოფილად მოწოდება. სამინისტროს მივწერეთ, რომ აუცილებელია იმ უწყებაში, რომელიც ყველაზე მეტად იგვიანებს ხოლმე სათანადო ინფორმაციის მოწოდებას, გამოიყოს ერთი პასუხისმგებელი/საკონტაქტო პირი, რომელიც 2022 წლის ბოლომდე აქტიურად ჩაერთვება სამოქმედო გეგმის სამუშაო პროცესში და პასუხისმგებელი იქნება ინფორმაციის დროულ მიწოდებაზე. სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საკონტაქტო პირები გამოყოფილია.
ასევე, რეკომენდაციის სახით მივიწერეთ, რომ დოკუმენტში „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ინსპექტირება/რუსთავი, I-II კვარტალი, 2021 წელი“ კარგი იქნება თუ მიეთითება ჯარიმების ოდენობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სამინისტრომ ჩვენი თხოვნის საფუძველზე გამოგვიგზავნა „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის ინიცირება სამოქმედო გეგმის მიხედვით, საქართველოს პარლამენტში დაგეგმილია საშემოდგომო სესიის ფარგლებში 2021 წლის ბოლოსთვის. გიზიარებთ, საკანონმდებლო პაკეტს რათა დროულად გავეცნოთ დოკუმენტს, გავუზიაროთ სამინისტროს ჩვენი შენიშვნები და შეხედულებები და განხილვის და კანონმდებლობის მიღების პროცესი დროში არ გაჭიანურდეს, როგორც ეს წინა საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში მოხდა.
გვქონდა რეკომენდაცია, რომ კონსოლიდირებულ სტატუსანგარიშში საქმიანობის სუბიექტებზე საუბრისას ჩამოთვლილი ყოფილიყო რუსთავში არსებული კონრეტული სუბიექტები, რათა მკითხველებს დამატებითი კითხვების და საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის გარეშე ხელი მიუწვდებოდეთ ისეთ ინფორმაციაზე, როგორიცაა მაგალითად, 1.1.4 აქტივობაში ნახსენები საქმიანობის სუბიექტები, რომელთაც მიიღეს სკრინინგის გადაწყვეტილება. ანალოგიურად, 1.1.7 აქტივობაში ნახსენები კომპანიები, რომლებმაც შეათანხმეს ან ახლა არიან ნარჩენების მართვის გეგმის შეთანხმების პროცესში. აღნიშნული შენიშვნა სამინისტრომ გაითვალისწინა.
სამინისტროს მივწერეთ, რომ კარგი იქნება ინდიკატორული გაზომვების შედეგების მოქალაქეებისთვის გაზიარება სამოქმედო გეგმის პროგრესანგარიშის მეშვეობით. ამაზე სამინისტრომ გვიპასუხა, რომ „ინდიკატორული გაზომვების შედეგები ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის პორტალზე – air.gov.ge (პროგრესანგარიშშიც მივუთითეთ აღნიშნული). ინდიკატორული გაზომვების შედეგები ნაწილობრივ აისახება სამოქმედო გეგმის წლიურ ანგარიშში, რომელშიც განხილული იქნება პროგრესი 1.2 ამოცანის შედეგის ინდიკატორთან მიმართებაში.”
ასევე გქვონდა კითხვა, საანგარიშო პერიოდში შემცირდა თუ არა მყარი ნაწილაკების მასა. ამაზე სამინისტროს პასუხი იყო შემდეგი: “ქ. რუსთავში სამრეწველო ობიექტებიდან გაფრქვეული მყარი ნაწილაკების მასა განისაზღვრება ყოველწლიურად სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების ანგარიშის საფუძველზე, რომელიც საქმიანობის სუბიექტების მიერ სამინისტროს წარედგინება მომდევნო წლის 14 თებერვლამდე. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ წლიურ ჭრილში.”
უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სრული პროგრესანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.
„გავიგუდეთ“ განაგრძობს სამოქმედო გეგმის აღსრულების მონიტორინგს და ამ პროცესში არსებული სიახლეების შესახებ საზოგადოებას კვლავ მიაწოდებს ინფორმაციას.