12 თებერვალს სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ორგანიზებით მეტალურგიული საწარმოს შპს „რუსთავის ფოლადის“ გზშ ანგარიშის განხილვის, კომენტარებისა და შენიშვნების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
„რუსთავის ფოლადი“ გეგმავს მეტალურგიული ქარხნის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას. ამასთან დაკავშირებით ჩვენმა გუნდმა, მოწვეულ ტრენერთან ერთად, zoom პლატფორმის მეშვეობით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილა გზშ დოკუმენტი და მოვამზადეთ კომენტარები, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. ჩვენი კომენტარები გავუგზავნეთ სამინისტროსაც.
იქამდე გეტყვით, რომ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 20 თებერვალს, 12:00 საათზე რუსთავის მერიაში. განხილვაზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს.
გზშ ანგარიშს შეგიზლიათ გაეცნოთ ამ ბმულზე.
იხილეთ ჩვენი კომენტარები დოკუმენტთან დაკავშირებით:
– გზშ-ის ანგარიშის მე-18 გვერდზე აღნიშნულია, რომ საწარმო მუშაობს სამცვლიანი გრაფიკით. მე-19 გვერდზე კი აღნიშნულია, რომ სამუშაო ოთხცვლიანი გრაფიკით მიმდინარეობს. ინფორმაცია საჭიროებს კორექტირებას;
– მონაცემების ელ. გადამოწმების შედეგად გამოვლინდა, რომ დოკუმენტში წარმოდგენილი საკადასტრო კოდი – 07.04.764 აღარ არის ვალიდური. აღნიშნული ნაკვეთის ახალი საკადასტრო კოდია 02.07.04.816, შესაბამისად ინფორმაცია საჭიროებს განახლებას;
– გზშ-ის თავში 4.2 ჩამოთვლილია პროდუქციის ასორტიმენტი და ქარხნის ფაქტობრივი საწარმოო სიმძლავრეები. აღნიშნულ ჩამონათვალში, რიგ საამქროებთან ვხვდებით ჩანაწერს „პროდუქციის ზრდის პერსპექტივით“. გულისხმობს თუ არა ეს ჩანაწერი, რომ სამომავლოდ საწარმო კვლავ გაივლის შესაბამის პროცედურებს ქარხნის წარმადობის გაზრდაზე? თუ აღნიშნული გზშ-ის ანგარიში ფარავს პერსპექტიულად შეცვლილ წარმადობას?
– გზშ-ის ანგარიშის თავში 4.3.5 რომელიც ეხება საფასონო-სამსხმელო (საჩამომსხმელო) საამქროს აღწერას, წარმოდგენილია საამქროს ფოტოსურათები. ფოტოებზე ჩანს, რომ საამქრო საკმაოდ მოუწესრიგებელია. რამდენად მისაღებია, საამქროს ამგვარი მდგომარეობით ფუნქციონირება უსაფრთხოების კუთხით? ამასთან, ხაზგასასმელია სააგენტოსთვის ის გარემოებაც, რომ ასეთ საამქროში არსებულ ღუმელებს გზშ-ის თანახმად, აირგამწმენდი სისტემები არ გააჩნია და გაწმენდილი აირმტვერნარევის ატმოსფეროში გაფრქვევა უნდა მოხდეს არსებული 15 მ სიმაღლის მილის საშუალებით. ამავე საქმიანობაზე მომზადებულ სკოპინგის ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ ნამწვი აირების გაფრქვევის 15 მ სიმაღლის მილი, იყო უმოქმედო მდგომარეობაში. რა მდგომარეობაა დღეს და შევიდა თუ არა ექსპლუატაციაში აღნიშნული მილი?;
– ქარხნის ინსპექტირების მასალებით დადგინდა, რომ მილსაგლინავ საამქროში არ არის ვენტილაციის სისტემა, საამქროს შენობაში გამოყოფილი მავნე აირების ორგანიზებული აირაციული ფარნებიდან ატმოსფეროში გაფრქვევისათვის. რა მდგომარეობაა დღეს საწარმოში ამ კუთხით?
– გზშ-ის ანგარიშის თავში 6.2.4 – ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიში აღნიშნულია, რომ გათვლების პროცესში მოძიებული ვერ იქნა მშრალი წესით ცემენტის წარმოების ქარხნის დოკუმენტაცია, რომელიც განთავსებულია შპს „რუსთავის ფოლადის“ საზღვრიდან 500 მეტრის რადიუსში. აქვს თუ არა სააგენტოს ეს ინფორმაცია თავის ბაზაში? თუ არა, რა არის ამის მიზეზი ?
– გზშ-ის ანგარიშის თავში 6.2.5 მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიშის მიღებული შედეგები და ანალიზი, მოცემულია საკონტროლო წერტილებში დამაბინძურებელ ნივთიერებათა მაქსიმალური კონცენტრაციები ზდკ-წილებში, სადაც აზოტის დიოქსიდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. სასურველია, რომ სამინისტრომ დამოუკიდებლად უზრუნველყოს ზდკ-სთან ასე ახლოს მიღებული მონაცემის გადამოწმება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საწარმოს ტერიტორიასთან მდებარეობს კლინიკა და სასჯელაღსრულების დაწესებულება.
– ზშ-ის ანგარიშის ხმაურის გათვლების თავში აღნიშნულია, რომ გაანგარიშების შედეგების მიხედვით, საწარმოს ტერიტორიის სამხრეთის მხარეს მდებარე დაწესებულების საზღვართან, ადგილი აქვს ღამის საათებისათვის დადგენილი ხმაურის გავრცელების დონის გადაჭარბებას (ნორმა 40 დბა). ამასთან, გზშ-ის ანგარიშის თავში 6.9 – კუმულაციური ზემოქმედება, აღნიშნულია, რომ უშუალოდ საწარმოს საზღვრებზე ჩატარებული გაზომვების შედეგების მიხედვით, ხმაურის გავრცელების დონეები არ აჭარბებს ნორმირებულ მნიშვნელობებს. მოცემული ინფორმაცია საჭიროებს დაზუსტებას;
– ხმაურის გათვლების თავში, სადაც იკვეთება ხმაურის დონის გადაჭარბება, აღნიშნულია რომ თუ გავითვალისწინებთ ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ და ხელოვნურ ბარიერებს (ხე მცენარეები, ბეტონი ღობე და სხვა), ხმაურის გავრცელების დონეები შემცირდება მინიმუმ 5-10 დბა-თი. ასეთი შემთხვევების დროს, სასურველია სამინისტრომ თავად გადაამოწმოს შესაბამისი ხელსაწყოების გამოყენებით, რეალურად მცირდება თუ არა ხმაურის დონე იმ ბარიერებით, რაც საწარმოს ტერიტორიაზეა წარმოდგენილი;
– შეგახსენებთ, რომ დარღვევის შემდგომ ერთ-ერთი განსაზღვრული პირობა არის ის, რომ ინსტრუმენტული მონიტორინგის განხორციელება კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გეგმის შეთანხმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში (გზშ, გვ 198). როდისთვის გეგმავს კომპანია შეიძინოს შესაბამისი აპარატურა შემოტანილ ნედლეულზე და ასევე გატანილ პროდუქციაზე რადიაციული გამოსხივების ინსტრუმენტული მონიტორინგის ჩასატარებლად?
– გზშ-ის დოკუმენტაციაში წერია, რომ საწარმოში ნარჩენი გროვდება სეგრეგირებულად, შესაბამის სათავსებში, თუმცა ამავე ანგარიშის ცხრილ N6.13.1 მოცემულია, რომ უახლოეს მომავალში დაგეგმილია ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერების შეძენა, მარკირება და საწარმოს ტერიტორიაზე განთავსება. საჭიროა დაზუსტდეს, რეალურად რა მდგომარეობაა ამ ეტაპზე საწარმოში ნარჩენების შეგროვების კუთხით;
– ზემოაღნიშნულ ცხრილში, გზდ-ის შენიშვნაზე სადაც მოთხოვნილია მორწყვის გრაფიკის შეთანხმება ადმ. მიწერილობის ჩაბარებიდან 1 თვის ვადაში, კომპანიას პასუხად უწერია – „გათვალისწინებულია: ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ძრავების გამოწვა ხდება თერმულ ღუმელში“. აღნიშნული ჩანაწერი შეუსაბამობაშია მოთხოვნასთან და დასაზუსტებელია რა ეტაპზეა მორწყვის გრაფიკის შეთანხმების საკითხი;
– საწარმოს ერთ-ერთ ვალდებულებად განსაზღვრული აქვს, 2024 წლის 31 დეკემბრამდე სააგენტოს წარუდგინოს საწარმოს გადაიარაღების გეგმა-გრაფიკი, რაზეც კომპანიას პასუხად უწერია, რომ საწარმოში წლების განმავლობაში მიმდინარეობს ტექნოლოგიური დანადგარ მოწყობილობის განახლება და გადაიარაღება. ამის ნათელი მაგალითია ფოლადსადნობ საამქროში ახალი ელექტრორკალური ღუმელის მოწყობა, სორტული გლინვის საამქროში ახალი 43 ტ/სთ წარმადობის ღუმელის დამონტაჟება და სხვა. ტექნოლოგიური გადაიარაღება მისასალმებუელია, თუმცა უნდა შეწყდეს გადაიარაღების გეგმა-გრაფიკსა და უნებართვოდ განხორციელებული ტექნოლოგიური ცვლილებების გაიგივება;
– გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში სორტული გლინვის საამქროს გაფრქვევ მილზე დამონტაჟდება უწყვეტი მონიტორინგის სისტემა აზოტის დიოქსიდის და ნახშირბადის მონოქსიდის ინსტრუმენტული მონიტორინგის უზრუნველყოფის მიზნით. იმის გათვალისწინებით, რომ აზოტის დიოქსიდის ზდკ-ს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სასურველია სააგენტომ ვალდებულად განუსაზღვროს კომპანიას, აღნიშნულ მილზე უწყვეტი მონიტორინგის სისტემის მოკლე ვადებში დაყენება;
– გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ყველა დახურულ საამქროში სადაც გამოიყენება სალესი (აბრაზიული) ქვები მოწყობილი იქნება ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია, შესრულების ვადად კი მითითებულია 2016 წლის 1 იანვარი. ვადა საჭიროებს კორექტირებას;
– გზშ-ის ანგარიშში ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა მონიტორინგის განხორციელება განსაზღვრულია კვარტალში ერთხელ. გამომდინარე იქიდან, რომ აზოტის დიოქსიდის ზდკ-ს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია, სასურველია კონტროლის სიხშირე ამ ნივთიერებაზე მაინც გაიზარდოს;
– გზშ-ის ანგარიშის თანახმად, წიდის დროებით განთავსებისა და ჯართის მიღება-დამუშავების ღია უბნებზე სანიაღვრე წყლების შემკრები სისტემა მოწყობილი არ არის, შესაბამისად დაზუსტებას საჭიროებს აღნიშნულ ტერიტორიებზე წარმოქმნილი წყლის ხარისხის და მისი მართვის საკითხები;
– გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ კომპანია გეგმავს არსებული საწარმოს შენობის ფანჯრების და ღიობების შემინვას, რაც სასურველია დადგენილი ვადების მითითებით განესაზღვროს კომპანიას პირობის სახით;
– კომპანიის მიერ მომზადებულ თითქმის ყველა დოკუმენტაციაში ბოლო წლების განმავლობაში ვხვდებით ჩანაწერს, რომ უნებართვო წიდასაყარზე მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც ნებართვის მისაღებად უნდა წარედგინოს სააგენტოს. ამ პერიოდში, წიდასაყარი, მათ შორის წიდისა და ჯართის გადამამუშავებელი საამქრო ფუნქციონირებს შეუჩერებლად. რა სირთულეს წააწყდა კომპანია გზშ-ის დოკუმენტის მომზადებისას და რატომ ვერ მომზადდა ამდენი წლის განმავლობაში შესაბამისი ანგარიში?;
– გზშ-ის ანგარიშის თანახმად, ჯართის ფეთქებად საშიშროების განსაზღვრის ინსტრუმენტული მეთოდები არ არსებობს და შესაბამისად კონტროლი ხორციელდება ვიზუალური დათვალიერებით. როგორ ხდება ვიზუალური დათვალიერებით ფეთქებად საშიშროების განსაზღვრა?
– სააგენტომ კომპანიას უნდა განუსაზღვროს აირმტვერდამჭერ მოწყობილობაში დაჭერილი მტვერის შემადგენლობაზე ჩატარებული შესაბამისი ანალიზების წარმოდგენის ვადები, რათა დაზუსტდეს მათი სახიფათოობის/არასახიფათოობის სტატუსი და უკვე განისაზღვროს მათი მართვის კონკრეტული მიმართულებები.
– გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის თანახმად, საქმიანობის განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე სააგენტოს წარუდგინოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, გადაწყვეტილების მისაღებად. როგორც სააგენტოსთვის, ისე საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ კომპანიას მოცემული ცვლილებები განხორციელებული აქვს მინიმუმ 2 წლის წინ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც კომპანია დაგეგმილ 35 ტ/სთ ღუმელს სატესტო რეჟიმში ამუშავებდა. ის რომ განმახორციელებელი ვალდებულია საქმიანობის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზე წარუდგინოს სააგენტოს სანებართვო დოკუმენტი, არის მხოლოდ ჩანაწერი და არ აქვს არანაირი სამართლებრივი დატვირთვა, რადგან შპს „რუსთავის ფოლადი“ სამწუხაროდ არ არის მხოლოდ ერთი ობიექტი, რომელსაც სააგენტოში სანებართვო დოკუმენტაცია ცვლილების განხორციელების შემდგომ შეაქვს. კომპანიებს, განსაკუთრებით კი ისეთ მსხვილ ობიექტებს, როგორიცაა შპს „რუსთავის ფოლადი“ უღირთ კანონით გათვალისწინებული ჯარიმების გადახდა და კანონდარღვევით ფუნქციონირება, რადგან იციან, რომ სააგენტოს განსხვავებული ბერკეტი უკვე მოწყობილი და ფუნქციონირებადი მსხვილი საწარმოების შეზღუდვისთვის არ გააჩნია. იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს კანონით არ აქვს ბერკეტი, რომ ამგვარ უნებართვო წარმოებებს გადაწყვეტილების აღებამდე მოსთხოვოს საწარმოს/დანადგარის დემონტაჟი, საჭიროა შესაბამის ინსტანციაში დააყენოს ამ მიმართულებით კანონის ცვლილების საკითხი, რადგან ასეთი კომპანიების უპასუხისმგებლო ქმედებებს ეწირება არამხოლოდ გარემო, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობაც;
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც ელ ფოსტაზე – gavigudet@gmail.com
