სამოქალაქო მოძრაობის „გავიგუდეთ“ ორგანიზებით ცემენტის საწარმოს შპს “ლევ 2019”-ის გზშ ანგარიშის განხილვის, კომენტარებისა და შენიშვნების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მოხარული ვართ, რომ სამუშაო შეხვედრაზე ჩვენს გუნდს მოქალაქეც შემოუერთდა.
შპს “ლევ 2019”-ს დაგეგმილი აქვს ცემენტის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილება. კერძოდ, ქვეყანაში ცემენტის მოთხოვნილებაზე გაზრთასთან დაკავშირებით, საწარმოს ტერიტორიაზე დაიგეგმა დამატებით ახალი 17 ტ/სთ წარმადობის სეპარაციული წისქვილის მონტაჟი, რომლის ფუნქციონირების შედეგად დამატებით მიიღება 112, 200 ტონა ცემენტი. ანუ ექსპლუატაციის პირობების შეცვლის შემდეგ ჯამურად საწარმოში ორივე წისქვილში გამოშვებული იქნება 191400 ტონა სხვადასხვა მარკის ცემენტი.
ასევე საწარმოში არსებულ 6 სილოსს ექსპლუატაციის ცვლილების შემდეგ დაემატება 4 ცალი სილოსი, რომელთა თითეულის ტევადება ასევე იქნება 120 ტონა. ანუ ექსპლუატაციის ცვლილების შემდეგ სულ ექნება 10 ცალი სილოსი, რომელთა ჯამური ტევადობა იქნება 1200 ტონის.
არსებული 6 სილოსზე, თითეულზე გათვალისწინებული იყო გამწმენდი სისტემის – სხელოებიანი ფილტრის დამონტაჟება, მაგრამ მოხდა მათი ერთმანეთთან შეერთება მილებით და მათზე დამონტაჟდა ერთი გამწმენდი სისტემა, სახელოებიანი ფილტრი, რომელიც ემსახურება 6 ცალ სილოსს ერთდროულად, რომლებშიც ცემენტის მიღება ხორციელდება მონაცვლეობით რეჟიმში.
ასევე საწარმოში 4 ახალ დასამონტაჟებელ სილოსებზე დამონტაჟდა ერთიანი სახელოებიანი ფილტრი, რომელიც მოემსახურება ოთხივე სილოსს, რომლებიც ერთმანეთთან შეერთებული იქნებიან მილით.
სამუშაო შეხვედრა გაიმართა zoom პლატფორმის მეშვეობით და მას მოწვეული ტრენერი უძღვებოდა. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ ანგარიში და მოვამზადეთ კომენტარები, რომელსაც საჯარო განხილვაზე გავაჟღერებთ. ჩვენს პოზიციას წერილობით გავუგზავნით გარემოს ეროვნულ სააგენტოს, იქამდე კი ჩვენ მიერ მომზადებულ კომენტარებს გიზიარებთ თქვენც:
– გზშ-ის ანგარიშის თავში 3. საწარმოს ფუნქციონირების საფუძვლები, ბუნდოვანია და არ იკვეთება, მუშაობს თუ არა საამქრო ამ მომენტში, რადგან ექსპლუატაციის პირობების ცვლილებით გათვალისწინებულ საქმიანობასთან ერთად, მიმდინარე საქმიანობაც ისეა განხილული, როგორც დაგეგმილი. მაგალითისთვის, ამ თავში ვკითხულობთ: „საწარმოში დაგეგმილია წელიწადში 79200 ტონა ცემენტის წარმოება. საწარმო იმუშავებს 330 სამუშაო დღის განმავლობაში, 20 საათიანი სამუშაო გრაფიკით“. მაშინ როდესაც ახალი წისქვილის წარმადობად ამავე თავში მოხსენიებულია 112200 ტ. ცემენტი;
– გზშ-ის ანგარიშში, თავი 2.1-ში „საპროექტო ტერიტორიის ადგილმდებარეობა“, სრულად არ არის მოცემული ინფორმაცია ცემენტის საამქროს მომიჯნავედ მდებარე საწარმოების დანიშნულების შესახებ (მაგ. შპს „ჯეოფერო მეტალი“, შპს „ობ გრუპი“; შპს „ექსდი 22“; შპს „ჯეომეტალ გრუპი“ შპს „ჩახვაძე და კომპანია“);
– გზშ-ის ანგარიშში, თავი 2.6-ში „ფაუნა და ფლორა“, რამდენიმე აბზაცი ეთმობა მწვანე ნარგავების მნიშვნელობას და სასარგებლო თვისებებს, თუმცა გეგმავს თუ არა კომპანია რაიმე კონკრეტული გამწვანების ღონისძიებების განხორციელებას, ბუნდოვანია. მოსახლეობის სიახლოვის გათვალისწინებით, გამწვანების ზოლის მოწყობისა და მოვლა-პატრონობის შესახებ გზშ-ის ანგარიშში დეტალურად უნდა იქნეს ინფორმაცია წარმოდგენილი. ამასთან, კარგი იქნება თუ კომპანიას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მწვანე ზოლის მოწყობის ვალდებულება პირობის სახით ექნება განსაზრვრული;
– გზშ-ის ანგარიშში, თავი 2.9-ში „ეკოლოგიური მდგომარეობის ანალიზი“ აღნიშნულია – „თუ გავითვალისწინებთ საწარმოს სიმძლავრეს და რუსთავში არსებული საწარმოების რაოდენობას და სიმძლავრეებს, შეიძლება ითქვას, რომ საწარმოს სიმძლავრის გაზრდა პრაქტიკულად არ გამოიწვევს ქ. რუსთავის არსებულ ფონურ მდგომარეობას, ის უმნიშვნელოდ შეიცვლება მხოლოდ საწარმოს უშულაო შემოგარენში“. რის საფუძველზე არის გამოტანილი აღნიშნული დასკვნა?
– დოკუმენტში, ხმაურის გავრცელების თავში, ხმაურის წარმომქმნელ ერთ-ერთ წყაროდ დასახელებულია „უკვე დამონტაჟებული ახალი წისქვილი“. გულისხმობს თუ არა ეს ჩანაწერი, რომ ახალი წისქვილი უკვე განთავსებულია? თუ ჩანაწერში დაშვებულია ტექნიკური შეცდომა?
– გზშ-ის ანგარიშში, ხმაურით დაბინძურების თავში აღნიშნულია, რომ ხმაურის გავრცელება არ იქნება მნიშვნელოვანი, რადგან ხმაურწარმომქმნელი დანადგარები გათავსებულია დახურულ შენობაში. თუმცა, შემდეგ თავებში ირკვევა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული შენობები არის ანგარის ტიპის, სამი მხრიდან და ზემოდან გადახურული. შესაბამისად, ხმაურის გავრცელების და შემცირების ნაწილი გადასახედია;
– გზშ-ის ანგარიშში, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაბნევის ანგარიშის თავში მოცემული ინფორმაციის თანახმად, ცემენტის მტვრის ზდკ უახლოეს მოსახლესთან 0,91-ის ტოლია, რაც საკმაოდ ახლოსაა მაქსიმალურ დასაშვებ დონესთან. კარგი იქნება თუ მსგავს შემთხვევებში სააგენტო უზრუნველყოფს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტებით ამ მაჩვენებლის გადამოწმებას;
– გზშ-ის ანგარიშში, თავი 4.2-ში აღნიშნულია, რომ საწარმოს ტერიტორიაზე წარმოქმნილი სანიაღვრე წყლები მოხვდება ქ. რუსთავის სანიაღვრე სისტემაში. დოკუმენტებში ამგვარი ჩანაწერი ხშირია, თუმცა შემდგომში იკვეთება, რომ ეს წყლები გადის გრუნტში. რიგ საჯარო განხილვებზე დაფიქსირებულა კიდეც ის ფაქტი, რომ ქ. რუსთავს ერთიანი სანიაღვრე სისტემა არ გააჩნია. ამასთან, გზშ-ის ანგარიშში მოცემულია დანართი, გზდ-ის ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საწარმოს ტერიტორიაზე მოწყობილი არ არის სანიაღვრე, სადრენაჟო/წყალამრიდი არხები და შემკრები სისტემა. შესაბამისად, გაურკვეველია, როგორ ხდება სანიაღვრე წყლების ორგანიზებული შეგროვება და შემდგომ რაიმე სანიაღვრე სისტემაში ჩაშვება;
– გზშ-ის ანგარიშში, თავი 4.7-ში ვკითხულობთ – „პერსონალს განემარტება ინსინერაციას დაქვემდებარებულ ნარჩენებთან და ნაცართან მოპყრობის წესები“. რა იგულისხმება ამ ჩანაწერში და რა ნარჩენის ინსინერაციას გეგმავს კომპანია?
– გზშ-ის ანგარიშის მე-5 თავში აღნიშნულია, რომ საწარმოში ლოკალური ხანძრის გაჩენის პრევენციის მიზნით, დაგეგმილია ცეცხლმაქრების განთავსება. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმო უკვე ფუნქციონირებს, ხანძარსაწინააღმდეგო სტენდი ტერიტორიაზე უკვე მოწყობილი უნდა იყოს. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ გზდ-ს ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიას ტერიტორიაზე არ გააჩნია მეხამრიდებიც;
– დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ საწარმო ახაორციელებს ინსტრუმენტალურ გაზომვებს უახლოეს დასახლებულ პუნქტთან და მოცემულია მიმდინარე წლის 30 ივნისს ჩატარებული გაზომვის შედეგები. გაზომვის შედეგებში ჩანს, რომ უახლოეს დასახლებულ პუნქტთან ხმაურის დონე 47-50 დბა-ს შეადგენს, მაშინ როდესაც, მაქსიმალური დასაშვები დონე არის 60 დბა. რამდენად შენარჩუნდება აღნიშნული მაჩვნებელი მეორე წისქვილის დამონტაჟებისას? ამასთან, გზშ-ს ანგარიშში და არატექნიკურ რეზიუმეში, ხმაურით დაბინძურების ნაწილში, მოცემულია, რომ ხმაურის დონე საწარმოს ექსპლუატაციისას არ გადააჭარბებს 30 დბა-ს, რაც ზემოაღნიშნული გაზომვების მიხედვითაც არ შეესაბამება სიმართლეს;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემულია რიგი ინფორმაცია, რომელიც არარელევანტურია დოკუმენტისთვის (მაგ. გარდაბნის აღკვეთილის და რუსთავის ციხის ისტორიული ცნობები, კანონების და რეგლამენტების დეტალური აღწერა და ა.შ), რაც ართულებს დოკუმენტის აღქმას და საჭირო დეტალების ამოკითხვას. ამასთან, დოკუმენტში რთულად ირკვევა რას ახორციელებს კომპანია ამ ეტაპზე და რა მიდგომებით ხელმძღვანელობს თუნდაც ნარჩენების მართვის კუთხით, რადგან რიგ თავებში ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა დროებში წერია;
– გზშ-ის ანგარიშში მოცემულია ინფორმაცია კომპანიის მხრიდან მათ საქმიანობაზე უკვე არსებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების თაობაზე, სადიანაც ირკვევა, რომ შპს „ლევ 2019“-ს რამდენიმე პირობა არ აქვს შესრულებული. ამასთან, დანართის სახით წარმოდგენილია გზდ-ის მხრიდან დაფიქსირებული დარღვევები. კომპანიის განმარტებით, შეუსრულებელი პირობების სისრულეში მოყვანასა და დარღვევების გამოსწორებას გეგმავს ახალი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების აღების შემდეგ, რაც არ არის მართებული. კომპანიას უკვე გააჩნია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, რომლის პირობების შესრულება და მისით ხელმძღვანელობა სავალდებულოა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ კომპანიამ სააგენტოსგან დამოუკიდებლად უკვე განახორციელა ერთი მნიშნელოვანი ცვლილება ფილტრებთან დაკავშირებით, კერძოდ, 6 ერთეული სილოსის მილებით ერთმანეთთან შეერთება და მათზე საერთო ფილტრის დამონტაჟება;
– საგულისხმოა, რომ ისეთი საწარმოებისთვის, რომლებიც ფლობენ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებას და გეგმავენ ექსპლუატაციის პირობების ცვლილებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკვე დაწესებული პირობების შესრულება და თავის დროზე წარმოდგენილი გზშ-ის ანგარიშში განსაზღვრული ფაქტებით ხელმძღვანელობა. აღნიშნული ფაქტორი სააგენტომ უნდა მიიღოს მხედველობაში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს რაიმე პირობა შესრულებული უკვე არსებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებიდან, ამასთან იკვეთება მნიშვნელოვანი დარღვევები, სააგენტომ არ უნდა გასცეს ახალი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;
– სასურველია, შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ გამოგზავნილი წერილები გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების დოკუმენტებში არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზების დუბლირება.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სააგენტოში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის მოსაზრებებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
გზშ ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება 14 სექტემბერს 12:00-ზე რუსთავის მერიაში. ასევე, საჯარო განხილვა გაიმართება 14 სექტემბერს 14:00-ზე სოფ. თაზაქენდის საჯარო სკოლაში და, წინა განხილვებისგან განსხვებით, ჩვენი გუნდი საჯარო განხილვას სწორედ სოფ. თაზაქენდში დაესწრება.
შეხვედრა გაიმართა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.
შეხვედრის შინაარსზე პასუხისმგებელია „ეკო ცენტრი“. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.