დღეს, 26 ოქტომბერს, სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ შპს „მშენებელი 2004“-ის საწარმოს ექსპლუატაციის პირობების ცვლილების შესახებ გზშ ანგარიშის საჯარო განხილვას დაესწრო.
შეხვედრა, ტრადიციულად, რუსთავის მერიაში გაიმართა და ჩვენი გუნდი გარდა ესწრებოდნენ საწარმოს, საკონსულტაციო კომპანიის, გარემოს ეროვნული სააგენტოს, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და საკრებულოს წარმომადგენლები.
საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია ჩვენმა გუნდმა წინასწარ მიაწოდა მოსახლეობას (იხ. პოსტი).
შპს „მშენებელი 2004“ არის ცემენტის საწარმო და გეგმავს საწარმოს წარმადობის გაზრდას. კერძოდ, საწარმოში აქამდე არსებულ 3 ტ/სთ წარმადობის წისქვილს დაემატება ახალი, 8 ტ/სთ წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი.
როგორც გზშ-ში ვკითხულობთ, ამჟამად 8 ტონა/საათი წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი იმყოფება ექსპლუატაციაში, ხოლო 3 ტონა/საათი წარმადობის ბურთულებიანი წისქვილი არის ავარიულ მდგომარეობაში. კომპანიას დაგეგმილი აქვს აღნიშნული წისქვილის სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რის შემდგომ მოხდება ორივე წისქვილის ერთდროული ექსპლუატაცია.
ცვლილებების განხორციელების შემდგომ 3ტონა/საათი წისქვილის ექსპლუატაციაში შესვლის შემთხვევაში საერთო წარმოებული ცემენტის წლიური რაოდენობა ტოლი იქნება 35, 640 ტონა/წელის.
ამასთან, არსებულ ცემენტის ხუთ სილოსს დაემატა ორი სილოსი, რის შემდგომ მათი რაოდენობა გახდა 7. ტევადობებით 3 ცალი – 80 ტონა თითოეული, 4 ცალი – 50 ტონა თითოეული.
საწარმოს ფუნქციონირებისას გაიფრქვევა ისეთი მავნე ნივთიერებები, როგორიცაა არაორგანული და ცემენტის მტვერი.
გზშ-ის მიხედვით, მტვრის კონცენტრაციის უწყვეტი მონიტორინგის მიზნით, ახალ, 8 ტ/სთ-იან წისქვილზე მოწყობილია უწყვეტი მონიტორინგის დანადგარი. ასეთივე დანადგარის მოწყობა დაგეგმილია 3 ტონა/საათი ბურთულებიანი წისქვილის მტვრის გაფრქვევის მილზე მისი სარემონტო სამუშაოების ჩატარების შემდგომ
გზშ ანგარიშზე კითხვებისა და კომენტარების მომზადების მიზნით ჩვენმა გუნდმა დოკუმენტი სამუშაო შეხვედრაზე მოწვეულ ტრენერთან ერთად განიხილა. კომენტარები გავუგზავნეთ სამინისტროსაც და თქვენც უცვლელად გთავაზობთ:
თუმცა მანამდე გეტყვით, რომ დავაზუსტეთ თვითმონიტორინგის ხელსაწყოს საკითხიც და საჯარო განხილვის შემდგომ საწარმოში ვიზიტის დროსაც ვნახეთ, რომ თვითმონიტორინგის ხელსაწყო დამონტაჟებულია 8 ტ/სთ-იან წისქვილზე, განცხადებაც გაგზავნილია სამინისტროში, თუმცა ვინაიდან საწარმო ამ ეტაპზე არ მუშაობს, ხელსაწყოც ჯერ არ არის ჩართული.
ასევე, კომპანიის წარმომადგენელი თანახმაა, როცა სისტემა ჩაირთვება, თვითმონიტორინგის მონაცემები გასაჯაროვდეს.
გზშ ანგარიშის 4.1 თავში აღნიშნულია, რომ კლინკერის დაცლა ხორციელდება გადახურულ საწყობში, რომელსაც კედელი მხოლოდ ერთი მხრიდან აქვს. ამასთან, ღორღის და თაბაშირის საწყობიც ნახევრად ღიაა. საგულისხმოა, რომ ეს ნედლეული დაცლის დროს საკმაოდ მტვერდება. მიუხედავად იმისა, რომ გზშ-ის ანგარიშში წარმოდგენილი გაფრქვევების თავში ზდკ ნორმაშია, საჭიროა სააგენტოს მხრიდან, მოსახლეობის სიახლოვის გათვალისწინებით განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდეს ღია საწყობებიდან მტვრის გავრცელების საკითხებზე;
– დოკუმენტის თავი 4.1.4 -ში (ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებები) აღნიშნულია, რომ საწარმოში მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სტენდი. გამომდინარე იქიდან, რომ საწარმოს უკვე რამდენიმე წელია აქვს ნებართვა და ფუნქციონირებს, ამგვარი სტენდის არ არსებობა უსაფრთხოების კუთხით წარმოადგენს მნიშვნელოვან დარღვევას;
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა გვითხრეს, სახანძრო უსაფრთხოებბის საკითხები ამ ეტაპზე მოწესრიგებულია, თუმცა მანამდე ამ მხრივ დარღვევა მართლაც ჰქონდათ, რისთვისაც დაჯარიმდნენ.
– გზშ-ის თავში 4.2-ში აღნიშნულია, რომ წისქვილებისთვის ციკლონი და სახელოიანი ფილტრი შეძენილი იქნა ტექნიკური პასპორტების გარეშე, რა შემთხვევაშიც გაანგარიშებაში მათი მონაცემების გათვალისწინება ხდება ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით. რამდენად ზუსტია ასეთ შემთხვევაში მიღებული შედეგები?;
– გზშ-ის ანგარიშით ირკვევა, რომ ახალი წისქვილი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა უკვე მოწყობილია, რაც კვლავ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საქმიანობის განმახორციელებლები არ უშვებენ ნებართვის არ მიღების ალბათობას.
– გზშ-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 3 ტონა/საათი + 8ტონა/საათი წისქვილების ფუნქციონირებისას) ხმაურის დონე უახლოესი მოსახლის საზღვარზე შეადგენს 37,345დბ-ს. მაშინ როდესაც მხოლოდ 3 ტონა/სთ წისქვილის ხმაურის დონეა თითქმის 32 დბა. გზშ-ის ანგარიშში მოცემული მონაცემი საეჭვოა და სასურველი იქნება, რომ სააგენტომ უზრუნველყოს შესაბამისი ინსტრუმენტული გაზომვით ამ მონაცემის გადამოწმება უახლოეს მოსახლესთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამავე გზშ-ის ანგარიშში მოცემულია, რომ საწარმოს მიმდებარე ობიექტებს უმეტესობას არ აქვს გარემოსდაცვითი დოკუმენტაცია და შესაბამისად არ არის განსაზღვრული მათი ხმაურის მონაცემები;
– გზშ-ის ანგარიშის თანახმად, საწარმო მტვრის გავრცელების შემცირების მიზნით, გეგმავს საწარმოს ტერიტორიის დატოვებამდე ცემენტმზიდების საბურავების მტვრისგან გასუფთავებას (წყლის მცირე ნაკადით გარეცხვა) და დასახლებული პუნქტის მხარეს გამწვანების ზოლის შექმნას. მოსახლეობის სიახლოვის გათვალისწინებით აუცილებლად მიგვაჩნია აღნიშნული ღონისძიებები სააგენტომ კომპანიას განუსაზღვროს პირობის სახით;
– გზშ-ის ანგარიშში არ არის მოცემული ინფორმაცია იმის თაობაზე თუ რა პირობებში თავსდება ამჟამად სახიფათო და არასახიფათო ნარჩენები, რაც საჭიროებს დაზუსტებას;
– ცხრილში 10.1 მოცემულია ატმოსფერულ ჰაერში ემისიების შემარბილებელი ღონისძიებები, რომელთაგან ერთ-ერთი არის „დასაწყობებული ნედლეულის მაქსიმალური დაცვა ქარისმიერი ზემოქმედებისგან“. რა ღონისძიებებია განსაზღვრული აღნიშნული მიმართულებით ?;
– სკოპინგის დასკვნით, კომპანიას უნდა წარმოედგინა უახლოეს მოსახლესთან კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში). როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, კომპანიას საქმიანობასთან დაკავშირებით უახლოეს მოსახლესთან კომუნიკაცია არ ჰქონია, რადგან არანაირი დეტალი ამ თემის ირგვლივ წარმოდგენილი არ არის. სასურველია, რომ საპროექტო ტერიტორიის დათვალიერებისას სააგენტოს წარმომადგენელმა შეძლებისდაგვარად უზრუნველყოს უახლოეს საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ მოსახლეობასთან გასაუბრება საწარმოს ექსპლუატაციასთან დაკავშირებით;
– სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული მოთხოვნის თანახმად, კომპანიას დოკუმენტში ცალკე ქვეთავის სახით წარმოდგენილი უნდა ჰქონოდა 2021 წლის 19 მაისს გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით (ბრძანება №2-714) განსაზღვრული პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია (განხილული უნდა ყოფილიყო თითოეული პირობის შესრულების საკითხი/ანალიზი), რაც არსებულ გზშ-ის დოკუმენტაციაში წარმოდგენილი არ არის;
– სკოპინგის დასკვნით გათვალისწინებული მოთხოვნის თანახმად, გზშ-ის დოკუმენტაციაში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო ობიექტზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული გეგმიური/არაგეგმიური შემოწმებების, მათ შორის გამოვლენილი დარღვევებისა და მათი აღმოფხვრისთვის განსაზღვრული ქმედებების/გონივრული ვადების (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია. გზშ-ის დოკუმენტის შესაბამის თავში ზემოაღნიშნული ინფორმაცია არ არის დეტალურად წარმოდგენილი, კერძოდ არ იკვეთება რა კონკრეტული დარღვევები გამოვლინდა ინსპექტირებისას და რა ღონისძიებები გატარდა მათ აღმოსაფხვრელად; იმ შემთხვევაში თუ კომპანიას ჯერ კიდევ არ აქვს რაიმე პირობა შესრულებული უკვე არსებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებიდან, ამასთან იკვეთება მნიშვნელოვანი დარღვევები, სააგენტომ არ უნდა გასცეს ახალი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება;
– სასურველია შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, ჩვენ მიერ სამინისტროში გამოგზავნილი წერილები ელექტრონულად გაეგზავნოს კომპანიასაც, რათა სამომავლო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იმავე საქმიანობაზე არ მოხდეს წინა დოკუმენტში არსებული ხარვეზის დუბლირება. იმ შემთხვევაში თუ დოკუმენტაცია ხარვეზდება და წერილში გათვალისწინებულია ჩვენი შენიშვნებიც, სასურველია, რომ ეს წერილი ელექტრონულად გამოგვეგზავნოს ჩვენც შემდეგ ელ-ფოსტაზე: gavigudet@gmail.com, ან გვეცნობოს. შენიშვნების არგათვალისწინების შემთხვევაში კი, სასურველია, გვეცნობოს ამის მიზეზი.
– გამომდინარე იქიდან, რომ სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ აქტიურად ადევნებს თვალს სამინისტროში მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებებს, რუსთავში არსებული/დაგეგმილი საწარმოების შესახებ, ესწრება საჯარო განხილვებს და აგზავნის შენიშვნებს, სასურველია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც გაიცემა კონკრეტულ საქმიანობაზე, კომპანიასთან და მუნიციპალიტეტთან ერთად, გამოგვეგზავნოს ჩვენც.
იხილეთ ტერიტორიის ფოტოები: