„გავიგუდეთ“ არის სამოქალაქო მოძრაობა, რომელიც 2018 წელს ჩამოყალიბდა და უკვე მე-5 წელია, ადვოკატირების გზით, იბრძვის სუფთა ჰაერისთვის.
მოძრაობის მიზანია რუსთავში არსებული გარემოსდაცვითი პრობლემების შემცირება, განსაკუთრებით კი, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება.
ამ საინფორმაციო მასალაში, გვინდა, ძალიან მოკლედ მოგითხროთ ჩვენი მოძრაობის საქმიანობის, იმ გამოწვევებისა და მიღწევების შესახებ, რასაც ამ წლების განმავლობაში მივაღწიეთ.
რუსთავისთვის ყველაზე პრობლემური დამაბინძურებელი არის უმცირესი ზომის მყარი ნაწილაკები (PM), რაც უმთავრესად გამოწვეულია რუსთავის სამრეწველო ზონაში არსებული ობიექტების საქმიანობით. ქალაქში არსებული გაფრქვევების 97% უმსხვილეს საწარმოებზე მოდის. მაგალითისთვის, 2020 წელს 365 დღიდან რუსთაველებმა 281 დღის განმავლობაში ვისუნთქეთ ცუდი ან ძალიან ცუდი ხარისხის ჰაერი. ამის მიზეზი კი, ამ საწარმოების არასათანადო და ხშირად აირმტვერდამჭერი სისტემის გარეშე ფუნქციონირება იყო.
ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურებამ შესაძლოა, გამოიწვიოს ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე. მისი ხანგრძლივვადიანი ზემოქმედება უკავშირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. ასევე, PM-ები გავლენას ახდენს შემეცნებითი უნარების დაქვეითებასა და ფსიქიკურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე.
დაარსების დღიდან მოძრაობას არაერთი გამოწვევის გადალახვა მოუწია, მაგალითად, თავდაპირველად, საზოგადოებისთვის მუდმივად გვჭირდებოდა იმის ახსნა, რომ „გავიგუდეთ“ არ ითხოვს საწარმოების დახურვას, არამედ, ვიცავთ, პირველ რიგში, საწარმოებში მომუშავეთა უფლებებს და ვითხოვთ ამ საწარმოების სათანადო გადაიარაღებას, ფილტრებითა და აირმტვერდამჭერი მოწყობილობებით აღჭურვას, რათა დაცული იყოს ადამიანთა ძირითადი, კონსტიტუციით გარანტირებული უფლება – ვიცხოვროთ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში.
ჩვენს ქალაქში არსებულ პრობლემაზე გადაწყვეტილების მიმღები პირების სათანადო ყურადღების მისაღებად მოგვიწია არაერთი აქციის გამართვა, რომელთაგან განსაკუთრებით გვინდა, გამოვყოთ 2019 წლის ნოემბრის აქციები, მათ შორის, 15 ნოემბრის აქცია-პერფორმანსი, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინ გავმართეთ. ეს იყო საწყისი წერტილი, საიდანაც გადაწყვეტილების მიმღები პირების მხრიდან ჩვენს მოძრაობასთან შეხვედრებისა და მოლაპარაკებების თვალსაზრისით პროგრესი დაიწყო; და 2022 წლის 5 ივნისის აქცია, სადაც ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო 2021 წლის 1 ივნისს ძალაში შესული კანონის სათანადო აღსრულება, რომლის მიხედვითაც, საწარმოებს დაევალათ გაფრქვევების უწყვეტი ინსტრუმენტული მეთოდით განსაზღვრის ვალდებულება. 5 ივნისის აქციის შემდგომ, სამინისტროს მხრიდან პირველად გასაჯაროვდა გეგმა-გრაფიკი (რაც აქციის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხვნა იყო), რომელშიც მოცემული იყო რეგულირების ოქბიექტების მიერ საწარმოებში ფილტრებისა და თვითმონიტორინგის სისტემის დამონტაჟების ვადები.
მოძრაობა დაახლოებით 3 წლის განმავლობაში მოხალისეობრივად ახორციელებდა საქმიანობას, ბოლო პერიოდში, კი, დონორების დახმარებით, შევძელით, გაგვეძლიერებინა ჩვენი მოძრაობა და მრავალფეროვანი აქტივობებით გაგვეგრძელებინა საზოგადოების ინფორმირება და ქალაქისთვის სასარგებლო საქმის კეთება.
ჩვენი საქმიანობის შედეგად რუსთავში 4 სკოლისა და კოლეჯ „მოდუსის“ ეზოები გავამწვანეთ. გამწვანების ამ აქტივობებით მდგრადი ურბანული გადაწყვეტილებების წახალისება დავისახეთ მიზნად; ჩვენს დარგულ მცენარეებს დღემდე ვუვლით, ზოგჯერ საკუთარი რესურსებით, ვთიბავთ, ვანაცვლებთ და ამ გზით ვინარჩუნებთ განხორციელებული პროექტების მდგრადობას.
გარდა ამისა, მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად ვაწყობდით ტურებს საწარმოო ზონაში, რათა ქალაქის ეს მხარე უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეცნო და დაგვენახებინა არსებული რეალობა. ასეთი ტურების შემდგომ, ბევრი მოქალაქე უკეთ აღიქვამდა პრობლემის სიმწვავეს და მათი ჩართულობაც უფრო იზრდებოდა. ამასთან, მოძრაობის საწყის ეტაპზე, ჰაერის დაბინძურების შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონე საკმაოდ დაბალი იყო, ამიტომაც მოვაწყვეთ უფასო მგზავრობის აქცია რუსთავ-თბილისის მიმართულებით, ხოლო მგზავრობის „საფასური“ რუსთავში ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული რეალობის მოსმენა იყო. ამ აქტივობის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ქალაქის წინაშე მდგარი პრობლემის შესახებ შეიტყო.
„გავიგუდეთ“-ის აქტივიზმის ერთ-ერთი მიღწევა იყო ჩვენი პრობლემის მიტანა აშშ-ის ელჩამდე, რომელიც საკუთარი ინიციატივით შეგვხვდა და კიდევ ერთხელ მოისმინა ჩვენი ქალაქის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ. შეხვედრის პროცესში ქალბატონმა დეგნანმა ხაზი გაუსვა მოსახლეობის პროცესებში ჩართულობისა და სხვადასხვა სექტორების თანამშრომლობის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა მხარდაჭერა.
პრობლემის გარშემო საზოგადოების, განსაკუთრებით ახალგაზრდების გაერთიანების მიზნით, არაერთი ტრენინგი/ლექცია ჩავატარეთ, სადაც, ცხადია, გარემოსდაცვითი პრობლემების, ადვოკატირებისა და მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე გვქონდა საუბარი. ამ ახალგაზრდების ჩართულობას და მხარდაჭერას დღესაც ყოველთვის ვგრძნობთ და კიდევ ბევრი ასეთი ახალგაზრდის გააქტიურებას ვისახავთ მიზნად.
გვინდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ „გავიგუდეთ“ გახდა რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების 2020 – 2022 წლების სამოქმედო გეგმის სამუშო ჯგუფის წევრიც და დღემდე ჩართული ვართ მისი აღსრულების მონიტორინგშიც. გარდა ამისა, 2022 წელს გავხდით ცენტრალური ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამუშო ჯგუფის წევრიც და ვიმედოვნებთ, ჩვენი ჩართულობით შევძლებთ, გეგმა მაქსიმალურად იყოს მორგებული რუსთავის საჭიროებებს.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ რამდენიმე საწარმომ, რომლებიც გამოირჩეოდნენ კანონდარღვევებით ფუნქციონირებით, წელს დაამონტაჟეს აირმტვერდამჭერი სისტემა და გამართეს თავიანთი საწარმოო პროცესი. ვიმედოვნებთ, მალე სხვა საწარმოებიც კანონის მოთხოვნათა დაცვით იფუნქციონირებენ.
შეჯამებისთვის, შესაძლოა ითქვას, რომ „გავიგუდეთ“ აქტივიზმის მთავარი მიღწევა არის ის, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა გაიგო ქალაქში არსებული პრობლემის შესახებ, მათი ნაწილი გააქტიურდა და აღნიშნული საკითხი დადგა ხელისუფლების დღის წესრიგში.
ეს იყო ჩვენი რამდენიმე წლიანი საქმიანობის ძალიან მოკლე შეჯამება; ხოლო დეტალურად თითოეული აქტივობის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ, იხილოთ ამ ბმულზე.
„გავიგუდეთ“ კიდევ ერთხელ უხდის მადლობას ყველა მხარდამჭერს. ამ ბრძოლას თქვენ აძლიერებთ.
საინფორმაციო მასალა მოამზადა „ეკო ცენტრმა“ “ღია საზოგადოების ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადვოკატირება სუფთა ჰაერისთვის რუსთავში“ ფარგლებში.
ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.