2021 წლის 31 მარტს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს პარლამენტს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ წლიური ანგარიში წარუდგინა.
ანგარიშის მე-13 თავი ეთმობა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას, რომელიც მოიცავს უფლებას სუფთა ჰაერზე.
ანგარიშში ვკითხულობთ: „საანგარიშო წელს, საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით გატარებული არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მიუხედავად, კვლავ ბევრი პრობლემა რჩება. მისასალმებელია 2021 წლის 1 სექტემბრიდან ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის და მართვის ევროპულ სტანდარტზე ეტაპობრივი გადასვლა და ამ მიზნით, ქვეყნის ტერიტორიის ზონებად და აგლომერაციებად დაყოფის, დაბინძურების დონის მიხედვით მათი კლასიფიკაციისა და ადგილობრივი გამოწვევების საპასუხოდ სათანადო ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავების საკანონმდებლო ვალდებულებების აღება.
მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არსებული ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა ხარვეზიანია და არ იძლევა დაბინძურების სრულფასოვან სურათს ქვეყნის მასშტაბით, რაც პრობლემას წარმოშობს არა მხოლოდ ემისიების საპასუხო ზომების გატარების, არამედ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის შეფასების თვალსაზრისითაც. ამ კუთხით, უმთავრესი გამოწვევაა სადამკვირვებლო პუნქტების სიმცირე, რაც 7 ფიქსირებულ და 1 მობილურ ავტომატურ სადგურსა და 1 არაავტომატურ სადგურში გამოიხატება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წელს შემუშავდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის განვითარების გეგმა, რომელშიც მითითებულია განსათავსებელი სადგურების ტიპები, რაოდენობა და განთავსების ადგილები, აგრეთვე მოცემულია საქართველოს ტერიტორიის ზონებად და აგლომერაციებად განაწილების პირველი მონახაზი. საყურადღებოა, რომ ამ დოკუმენტის თანახმად, საბოლოო მონიტორინგის ქსელი უნდა იყოს არსებულზე ბევრად უფრო ფართო და შედგებოდეს, მათ შორის, 18 ფიქსირებული და 3 მობილური სადგურისგან. ამ დროისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს 1 ახალი ავტომატური მობილური სადგურის შეძენა 2021 წელს.
ამდენად, კანონმდებლობაში შესული პოზიტიური ცვლილებების არსებითი ნაწილის რეალურად აღსასრულებლად, მნიშვნელოვნად არის გასაუმჯობესებელი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსს მოითხოვს. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო და დონორული მხარდაჭერის ფარგლებში დაგეგმილი სისტემის ეტაპობრივი დანერგვა შეძლებისდაგვარად მოკლე ვადებში დასრულდება.“
ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ ქ.რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმაში (2020-2022 წლები) აღნიშნულია, რომ რუსთავში უნდა განთავსდეს დამატებით 1 ავტომატური სადგური. „გავიგუდეთ“ ითხოვდა, რომ 2-3 სადგური მაინც განთავსებულიყო, რათა ჰაერის დაბინძურების კუთხით ქალაქში არსებული სიტუაციის სრული სურათი დაგვენახა. აღნიშნულ მოთხოვნაზე თავდაპირველად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროც არ იყო უარზე, თუმცა, მათი თქმით, პანდემიიდან გამომდინარე დონორების პრიორიტეტებიც შეიცვალა და 1-ზე მეტი სადგურისთვის გაჭირდება დაფინანსების მოპოვება.
ანგარიშში სახალხო დამცველი ეხება სამრეწველო ემისიების პრობლემასაც და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, დღემდე სათანადოდ არ რეგულირდება დაბინძურება სამრეწველო სექტორიდან. საგულისხმოა, რომ ამგვარი გაფრქვევების შესამცირებლად და მათი კონტროლის ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად შემუშავებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში 2019 წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ჯერ 2020 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდისთვის გადავადდა, ამჟამად კი 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ამ კანონპროექტის მიღება და მისი დებულებების დროული შესრულება უმთავრესი ბერკეტია სამრეწველო ობიექტებიდან მომდინარე ემისიების შესამცირებლად, რაც არაერთი მუნიციპალიტეტის წინაშე წლების განმავლობაში მდგარ გადაუჭრელ პრობლემად რჩება.“
სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის დროს, მოძრაობას „გავიგუდეთ“ ჰქონდა ინიციატივა, რომ აღნიშნული კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონთან ერთად დაინიცირებულიყო, თუმცა, ეს ასე არ მოხდა.
სამრეწველო ემისიების გამო ჰაერის დაბინძურების პრობლემაზე საუბრისას, რასაკვირველია, სახალხო დამცველი გამოყოფს რუსთავს: „სამრეწველო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქალაქ რუსთავში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანი სიახლეა 2020-2022 წლების რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის დამტკიცება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 22 ოქტომბრის №2059 განკარგულებით, რომელიც არაერთი ქმედითი ღონისძიების (მაგ., ობიექტებიდან ზენორმული გაფრქვევებისთვის სანქციების გაზრდა, მათი საქმიანობის ზედამხედველობის სისტემის გაძლიერება და „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება) გატარებას ითვალისწინებს სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების საპასუხოდ როგორც ადგილობრივ დონეზე, ისე ქვეყნის მასშტაბით.“
გარდა სამრეწველო ემისიებისა, ანგარიშში საუბარია ტრანსპორტის და მშენებლობის სექტორის მხრიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესახებ.
სახალხო დამცველი ასევე ეხება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, რაც მოიცავს გზშ-ების ხარისხს. „გავიგუდეთ“-ს არაერთხელ გაუჟღერებია, რომ რუსთავში არსებული საწარმოების გზშ-ების მნიშვნელოვანი ნაწილი არ არის სანდო და მათზე მსჯელობის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ყურადღება და კრიტიკული განხილვა არის აუცილებელი. ყოფილა შემთხვევა, რომ საწარმოს მიერ სამინისტროსთვის წარდგენილ დოკუმენტში საცხოვრებელი ზონიდან დაშორებაც კი შეცდომით ყოფილა მითითებული.
“გავიგუდეთ“ სრულად იზიარებს სახალხო დამცველის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გარდა გზშ დოკუმენტისა, მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს თავად სკრინინგის პროცედურასთან დაკავშირებული რეგულაციებიც. „სკრინინგი ის უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის ჩატარების საჭიროებას. ამჟამად, კოდექსში მითითებულია ზოგადი კრიტერიუმები, მაგრამ არ არის დადგენილი სამინისტროს მიერ სკრინინგის განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურები, მათ შორის, არ არის განსაზღვრული წარდგენილი ინფორმაციის გადამოწმების აუცილებლობა. დაუშვებელია სკრინინგის გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდეს, მნიშვნელოვანია, სკრინინგის პროცედურა ორიენტირებული იყოს საქმიანობის შემსრულებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის გადამოწმებაზე.“
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველი ანგარიშში ასევე ხაზს უსვამს შრომითი უფლებების დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებს „შრომის ინსპექციის მონაცემების გაანალიზება ცხადყოფს, რომ დამსაქმებლები დასაქმებულთა და სხვა პირთა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით, სათანადოდ არ მიმართავენ პრევენციულ ღონისძიებებს, ამიტომ, მოსალოდნელი საფრთხეების მაქსიმალურად შესამცირებლად, სსიპ შრომის ინსპექციის სამსახურს შრომითი უსაფრთხოების კუთხით კიდევ უფრო ინტენსიურად მართებს ინსპექტირების ჩატარება.“ რუსთავის საწარმოების მაგალითზეც ნათლად ჩანს, რომ იქ დასაქმებული ადამიანების უფლებები ძალიან ხშირად ირღვევა და მათ ნაწილს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათო გარემოში უწევს მუშაობა. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია გაუმჯობესდეს საწარმოებში დასაქმებული ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა.
ეს არ არის პირველი ანგარიში, რომელშიც ომბუდსმენი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პრობლემას ეხება. 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა სპეციალური ანგარიში საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ. ანგარიშში „უფლება სუფთა ჰაერზე“ სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციასთან ერთად ვკითხულობთ, რომ იმ დაავადებების მკურნალობაზე, რომელთაც იწვევს ცალკეული დამაბინძურებლები (NO2 , SO2 , CO, O3 , PM10 და PM2.5), 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაწეულია 120,050,566 ლარის ხარჯი. ეს თანხა, რა თქმა უნდა, არ მოიცავს იმ ხარჯებს, რომლებსაც ჩვენ – მოქალაქეები დამატებით ვიხდით იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომელთაც ჰაერის დაბინძურება იწვევს. შესაბამისად, მხოლოდ ფინანსური თვალსაზრისითაც თუ შევხედავთ, გრძელვადიან პერსპექტივაში საწარმოების მხრიდან ბიუჯეტში შეტანილი თანხები თუ მათ მიერ მოტანილი ფინანსური სიკეთეები შესაძლოა, საერთოდ ვერ აბალანსებდეს იმ ხარჯებს, რაც მათი არაკეთილსინდისიერი წარმოების გამო მძიმედ აწვება მოქალაქეებს და სახელმწიფოს. აღარაფერს ვამბობთ იმ შეუფასებელ ზიანზე რაც ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ადგება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთვის მოწოდებული გათვლების შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ჰაერის დაბინძურებასთან ასოცირებულმა გაერთიანებულმა მავნე ზემოქმედებამ, 2016 წელს განაპირობა 6845 სიკვდილის შემთხვევა.
მასალა მოამზადა სამოქალაქო მოძრაობამ “გავიგუდეთ” აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტის ფარგლებში. მასალის დამზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის შედეგად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. მასალის შინაარსზე პასუხისმგებელია “გავიგუდეთ”. ის შესაძლოა არ გამოხატავდეს EWMI-ს, USAID-ის ან/და ამერიკის შეერთებული შტატების შეხედულებებს.
