სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“, გაგაცნობთ იმ საწარმოების სიას, რომლებიც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 2021 წელს შეამოწმა.
2021 წელს სულ ჩატარდა 44 საწარმოს 76 ინსპექტირება, თუმცა როგორც „ქ. რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის (2020-2022) 2021 წლის მონიტორინგის ანგარიშში“ ვკითხულობთ, ადმინისტრაციული მიწერილობა მხოლოდ 9 ობიექტს წარედგინა.
იმის პასუხად, თუ რატომ წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა მხოლოდ 9 საწარმოს, მაშინ როცა ყველა მათგანი კანონმდებლობის დარღვევით ფუნქციონირებდა, სამინისტროს წარმომადგენლებმა განგვიმარტეს, რომ ადმინისტრაციული მიწერილობა საწარმოს წარედგინება გარემოზე ზემოქმედების ნებართვის/გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების დარღვევისთვის, ხოლო უწყვეტი ინსტრუმენტული თვითმონიტორინგის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით.
წლის განმავლობაში ყველაზე მეტი, 6 ოქმი დააგროვა მეტალურგიულმა საწარმომ, შპს „რუსთავის ფოლადმა“. საწარმო 18 ივნისს და 26 ნოემბერს არაგეგმიურად შემოწმდა და გამოვლინდა ისეთი სახის დარღვევები, როგორიცაა:
– წყლის რესურსების დაცვის კანონმდებლობის დარღვევა;
– ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობის დარღვევა;
– გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევა;
– გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება;
– ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა;
– დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა;
– ხე-მცენარეების დაზიანება;
– ფოლადსადნობი ღუმელის წვის პროდუქტებით ატმოსფერული ჰაერის არაორგანიზებული დაბინძურება;
არაგეგმიური და დოკუმენტური შემოწმება ჩაუტარდა ასევე სს „რუსთავის აზოტსაც“. ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმოში წარმოქმნილი ნარჩენების მართვა არ ხორციელდება ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, რის საფუძველზეც, საწარმოს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა. 19 ივლისის დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ საწარმო არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას.
შპს „ჯეოსთილში“ დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ 26 თებერვალს საწარმო არ ასრულებდა ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, რაზეც 30 ივნისს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა.
5 მარტს კიდევ ერთი ინსპექტირებით გამოვლინდა ისეთი დარღვევები, როგორიცაა: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგისგადაწყვეტილების გარეშე განხორციელება; გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა.
1-ელ ივნისს ახალი რეგულაციების ამოქმედების შემდეგ საწარმო მხოლოდ ერთხელ, 29 ივნისს დაათვალიერეს, რის შედეგადაც გამოვლინდა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა; აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა; გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა;
2021 წელს კიდევ ერთ მნიშვნელოვან დამბინძურებელში, შპს „რუსელოისში“ ჩატარდა ორი დოკუმენტური ინსპექტირება და ორი დათვალიერება, რის შედეგადაც გამოვლინდა:
– დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა;
– გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობა;
– აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, შედეგად მოხდა ფოლადსადნობი ღუმელის წვის პროდუქტებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება;
– გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევა;
– გამწმენდი სისტემის ექსპლუატაციის წესების დარღვევისა და შესაბამისი მოწყობილობების გაუმართაობის გამო მოხდა ფოლადსადნობი ღუმელის წვის პროდუქტებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება;
შპს „არესემ კორპში“ 4 აგვისტოს ჩატარდა გეგმიური შემოწმება, რომლის შედეგადაც გამოვლინდა, რომ საწარმო არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას და არღვევს აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესებს; საწარმოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობის საფუძველზე წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა.
შპს „ეკო ოილის“ გეგმიური ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ საწარმო გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე და აგრეთვე არ ასრულებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს (29.12.21)
მეტალურგიული საწარმოს, შპს „ახალი ტექნოლოგიების“ 24 აგვისტოს დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმო არღვევს ატმოსფერული ჰაერის დაცვის კანონმდებლობასა და წიაღის დაცვის კანონმდებლობას, ნარჩენების მართვის კოდექსს.
შპს „გია-2019-ის“ ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმო საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინგის გადაწყვეტილების გარეშე. იგივე დარღვევა ამოაჩნდა მეორე ცემენტის საწარმოს, შპს „მაქს იმპორტს“ წლის დასაწყისში, 18 იანვარს. თუმცა, განმეორებითი დათვალიერების შედეგად, 28 მაისს, აღმოჩნდა, რომ საწარმოში დარღვევა არ გამოვლინდა და ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრულ გონივრულ ვადებში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების დარღვეული პირობები გამოსწორდა. 6 აგვისტოს დოკუმენტური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ „მაქს იმპორტი“ არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას.
„მაქს იმპორტის“ მსგავსად, შპს „სოლოს“ დათვალიერებისას, 13 აპრილს დადგინდა, რომ საწარმო საქმიანობას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე ახორციელებდა, თუმცა 9 აგვისტოს გეგმიური შემოწმების შედეგად დარღვევა არ გამოვლინდა.
შპს „ვივაცემენტის“ დოკუმენტური ინსპექტირებით დადგინდა, რომ საწარმო არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას.
შპს „ქართული ტექსტილის“ დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ იგი არ ასრულებს ნარჩენების კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებას.
შპს „ინსონის“, შპს „კავკასიან პეტ კომპანის“, შპს „მშენებელი 2004-ის“, შპს „სინათლის“, შპს „ალავერდის“, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ და სს „სარინის“ დოკუმენტური ინსპექტირებისას დადგინდა, რომ აღნიშნული საწარმოები არ ასრულებდნენ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ ვალდებულებას – კერძოდ კი, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით 2021 წლის 1 იანვრამდე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის მიმართვის ვალდებულებას.
შპს „მშენებელი 2004“ 27 აგვისტოს დოკუმენტური ინსპექტირების შედეგად ასევე არ ასრულებს დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას.
შპს „კონსტრაქშენ სერვისისა“ და შპს „სინათლის“ დოკუმენტური ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ საწარმოებს არ წარმოუდგენიათ ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემები დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში.
შპს „ვ.დ.ლ-ს“ 27 მაისის შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ საწარმოს არ აქვს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში.
შპს „ეი-ემ-ბი ალოისს“, რომელიც მეტალურგიული საწარმოა, გეგმიური ინსპექტირების შედეგად აღმოაჩნდა მთელი რიგი დარღვევები, კერძოდ:
– ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვის მონაცემების დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადებში წარმოუდგენლობა
– გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული საქმიანობის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება;
– გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევა. რის საფუძველზეც საწარმოს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა და დაევალა, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, არ განახორციელონ ნამუშევარი ზეთების რეგენერაცია.
– დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა
– ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა; რაზეც საწარმოს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა
დოკუმენტური ინსპექტირებების შედეგად დადგინდა, რომ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრის ვალდებულებას ასევე არ ასრულებენ შემდეგი საწარმოები: შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“ (02.07.21), შპს „ჯეოფერომეტალი“ (19.07.21) შპს „ფერო ელოის ფროდაქშენი“ (19.07.21) შპს „ელბა ექსპორტი“ (26.08.21)
შპს „ფერო ელოის ფროდაქშენს“ 18 თებერვალს, არაგეგმიური შემოწმებით, ასევე დაუდგინდა, რომ არღვევს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობებს და წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა.
შპს „რუსთავოილის“ გეგმიური შემოწმების შედეგად, 30 აგვისტოს დადგინდა, რომ სახეზეა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების დარღვევა, სახიფათო ნარჩენების სეპარირებისა და შეგროვების სისტემის შექმნისა და დანერგვის ვალდებულების შეუსრულებლობა.
11 ოქტომბერს, შპს „მეგა ცემენტის“ დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ საწარმოს ტერიტორიაზე, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული, ნაცვლად 4 ერთეული სილოსისა, დამატებით მოწყობილია 2 ერთეული სილოსი, რომლებიც იმყოფება მუშა მდგომარეობაში და ჩართულია ტექნოლოგიურ ციკლში. აღნიშნული დარღვევის გამო საწარმოს წარედგინა ადმინისტრაციული მიწერილობა და დაეკისრა ვალდებულება შეაჩეროს სილოსების ექსპლუატაცია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე.
შპს „ჯეო ენტერპრაიზის“ დათვალიერებით 3 ნოემბერს დადგინდა, რომ იგი გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ან სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე.
შპს „სულფეკოს“ 15 დეკემბრის გეგმიური შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ საწარმო არღვევს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს.
აუცილებლად ცალკე გამოსაყოფია შპს „ემენ ქემიკალ ჯორჯია“, რომელსაც მართალია, დოკუმენტური ინსპექტირების საფუძველზე დაუდგინდა ორი ვალდებულების შეუსრულებლობა: გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების მიზნით 2021 წლის 1 იანვრამდე მიემართა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის (16.04.21) და ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განესაზღვრა დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობა (26.07.21). თუმცა, ეს საწარმო ჯერჯერობით ერთადერთია, რომელიც დღევანდელი მონაცემებით კანონით განსაზღვრულ ვალდებულებას ასრულებს, რაც მისასალმებელია და ვიმედოვნებთ, კანონის ძალაში შესვლიდან 9 თვის თავზე, აღნიშნულ კომპანიას სხვა საწარმოებიც მაქსიმალურად სწრაფად მიბაძავენ.
2021 წლის გეგმიური ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა რომ არ ფუნქციონირებს რამდენიმე საწარმო. ეს საწარმოებია: შპს „ინტერ-ლითონპროდუქტი“, შპს „ფოლადი-2001“, შპს „მეტექს“, შპს „ვირტუოზი“, შპს „ალგეთი“, შპს „ინდუსტრია კირი“ (კირის გამოსაწვავ ღუმელზე განსახოციელებელია კაპიტალური სარემონტო სამუშაოები, კერძოდ გამოსაწვავი ღუმელის შიდა დაზიანებული ცეცხლგამძლე აგურის ამონაგის შეცვლა), შპს „დივა“, შპს „ეკოდანი“ და შპს „ჯეომეტალ გრუპი“ (საწარმო გაჩერებულია, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები).
სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ მიესალმება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გააქტიურებას, თუმცა ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ძალისხმევა საკმარისი არ არის. კიდევ უფრო უნდა მომრავლდეს არაგეგმიური, წინასწარი გაფრთხილების გარეშე ინსპექტირებების რიცხვი, რათა ქალაქში საწარმოების მხრიდან რეგულაციების დარღვევით მუშაობის პრობლემა აღმოიფხვრას. ვფიქრობთ, საწარმოო ზონა არც ისე დიდია და მისი ყოველდღიური შემოწმება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. მხოლოდ რეგულარული შემოწმებითაა შესაძლებელი სასურველი შედეგის მიღწევა, ვინაიდან ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვხედავთ, რომ მხოლოდ დოკუმენტური და გეგმიური ინსპექტირება ეფექტური არ არის და კანონის ძალაში შესვლიდან 9 თვის შემდეგ, მხოლოდ ერთ საწარმოს აქვს დამონტაჟებული თვითმონიტორინგის სისტემა რომელიც გაფრქვევების შესახებ ონლაინ რეჟიმში დაუწყვეტად აწვდის ინფორმაციას სამინისტროს.
მასალა მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით.