2021 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიზანია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტით გათვალისწინებულ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა.
ცვლილებების მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნაცვლად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროში უფლებამოსილ ორგანოდ განისაზღვრება სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო და შესაბამისად ამ სააგენტომ უნდა განახორციელოს ის საქმიანობები, რაც სამინისტროს პრეროგატივაში შედიოდა. კერძოდ კი, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების შესახებ ინფორმაციის მიღება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევების ნორმების პროექტის და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის შეთანხმება, გაფრქვევათა სახელმწიფო აღრიცხვა, დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა წლიური გაფრქვევების ფაქტობრივი მაჩვენებლების შეთანხმება.
კანონით გათვალისწინებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროებისა და მათი მიერ გაფრქვეული მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის დაჩქარებული წესით განხილვის შესაძლებლობა. ასევე, გაუქმდა სტაციონარულ ობიექტზე ცვლილებების განხორციელების გარეშე, მხოლოდ ხუთწლიანი ვადის გასვლის გამო, ინვენტარიზაციის ხელახალი შეთანხმების ვალდებულება. ამ ვალდებულების გაუქმებაში, საფრთხეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც ხედავს. შენიშვნის ფურცელში ვკითხულობთ, რომ „მიზანშეწონილია, ეს საკითხი დამატებითი მსჯელობის საგანი გახდეს, რათა თავიდან იქნეს აცილებული ის სავარაუდო საფრთხეები, რომლებიც შესაძლოა აღნიშნული ინვენტარიზაციის პერიოდულად ჩაუტარებლობის გამო წარმოიშვას.“ სავარაუდო საფრთხედ ჩვენს მოძრაობას, პირველ რიგში, კონტროლის მექანიზმის შესუსტება ესახება. მაშინ, როცა რუსთავის შემთხვევაში, როგორც წესი, საწარმოებს მხოლოდ ფურცელზე აქვთ ხოლმე ყველაფერი რიგზე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მხრიდან საწარმოო ზონის მონიტორინგი სათანადოდ არ ხორციელდება, ვფიქრობთ, აღნიშნული ცვლილება საწარმოებს ისედაც დაბალ ანგარიშვალდებულების გრძნობას კიდევ უფრო შეუმცირებს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უპასუხა, რომ ყოველწლიურად, სამინისტროში შესული ანგარიშების 30-40% (700-800 ტექნიკური შეთანხმება) წარმოადგენს სწორედ ინვენტარიზაციის ანგარიშს. განმეორებით წარმოდგენილი ხუთწლიანი ანგარიში, წინა, ვადაგასულის იდენტურია და არ შეიცავს განახლებულ ან/და სამინისტროსთვის საჭირო ინფორმაციას. ამასთანავე, შენიშვნის ფურცელში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ არ უქმდება „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ კანონის 30-ე მუხლის მე-5 პუნქტი, რომლის მიხედვითაც „აღნიშნული წესით, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული ობიექტის ადგილმდებარეობის, სიმძლავრის ან/და პროფილის შეცვლის, მოხმარებული საწვავის რაოდენობის გაზრდის და სხვა ფორმით ჩამოთვლილი პატამეტრის ცვლილების შემთხვევაში, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების შეთანხმებული პროექტი და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიში გაუქმებულად ჩაითვლება. უნდა მოხდეს მათი ხელახლა შემუშავება და შეთანხმება ახალი პირობების გათვალისწინებით.“
ამასთან, ცვლილებების შედეგად სააგენტო უფლებამოსილია მარტივი ადმინისტრაციული წესით შეიტანოს ცვლილება გარემოსდაცვით გადაწყვეტილებაში ან გზშ-ის სფეროში გაცემულ შესაბამის აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში, თუ ამ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულია გარემოს შემადგენელი ცალკეული ელემენტების/კომპონენტების დამატებითი შესწავლის ვალდებულება და შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით სააგენტო პირობის შეცვლის აუცილებლობას დაადგენს.
ინფორმაციისთვის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პროცესი მოიცავს სამ ეტაპს: სკრინინგი, სკოპინგი და გზშ, რომელთა ფარგლებშიც გადაწყვეტილება გაიცემა საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით, რაც უზრუნველყოფს ამ პროცესებში საზოგადოების ეფექტურ ჩართულობას. დაგეგმილი ცვლილებების შედეგად, სამივე ეტაპზე გადაწყვეტილება მიიღება მარტივი ადმინისტრაციული წესით, რაც, როგორც კანონპროექტს დართულ შენიშვნების ფურცელში „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შენიშვნიდან ირკვევა, შეუსაბამობაში მოდის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტში ცვლილება შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ იმ წესით, რა წესის გამოყენებითაც იქნა ეს აქტი თავდაპირველად გამოცემული. რაც ნიშნავს, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით გამოცემულ აქტში ცვლილება მხოლოდ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით შეიძლება განხორციელდეს.
„გავიგუდეთ“ ეთანხმება „საიას“ შენიშვნას, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოებისგან განსხვავებით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოება დაინტერესებულ პირებს არ აძლევს საშუალებას დროულად მიიღონ ინფორმაცია დაგეგმილი ცვლილებების შესახებ და წარადგინონ საკუთარი მოსაზრებები და შენიშვნები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ასევე, როდესაც ვსაუბრობთ მოსახლეობის ჩართულობის როლის შემცირებაზე, უნდა აღინიშნოს, რომ კანონი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. I მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე განხილვის თარიღად მითითებულია 1-4 თებერვალი, II მოსმენისთვის– 16-18 მარტი და III მოსმენისთვის – 17-18 მარტი. ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პროცესის შესახებ ინფორმაცია ქვეყანაში მომუშავე გარემოსდაცვით ორგანიზაციებს მიეწოდოთ, რათა მოხერხდეს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების წინასწარ გაცნობა და მათზე რეკომენდაციების შემუშავება. თანამშრომლობა და უკუკავშირი ერთნაირად მნიშვნელოვანი და ღირებული უნდა იყოს ორივე მხარისათვის, ვინაიდან, არასამთავრობო სექტორის მსგავსად გამორიცხვა პროცესებიდან, სულ მცირე, მიუთითებს კომუნიკაციის ხარვეზებზე და იქმნება შთაბეჭდილება, რომ საკანონმდებლო ორგანოს სურვილი, რეალურად გარემოსდაცვითი კუთხით საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესება არ არის. ამ ეჭვის საფუძველს აძლიერებს ისიც, რომ მიუხედავად საზოგადოების მხრიდან ჩართულობისა და მოთხოვნისა, ცვლილებები „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (რომელიც ითვალისწინებს საწარმოების მხრიდან თვითმონიტორინგის სისტემის ქონის ვალდებულებას) მხოლოდ 2021 წლის 2 მარტს დაამტკიცეს, მაშინ როდესაც ცვლილებების ინიცირება 2020 წლის აგვისტოში მოხდა, ხოლო იქამდე კი გვპირდებოდნენ, რომ 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე უკვე დამტკიცებული იქნებოდა ეს ცვლილებები. იმისათვის, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები თავიდან ავიცილოთ, ვფიქრობთ, აუცილებელია საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან მოინახოს უფრო ეფექტური კომუნიკაციის გზა, რაც საშუალებას მისცემს გარემოსდაცვით და განსაკუთრებით კი ჰაერის ხარისხის საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს უფრო აქტიურად ჩაერთონ პროცესებში, რათა შედეგად მივიღოთ უფრო გამართული და გაუმჯობესებული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელშიც ასახული იქნება როგორც გარემოს, ისე მოსახლეობის საუკეთესო ინტერესი.
გაცნობებთ, რომ აღნიშული კანონპროექტის ძალაში შესვლა, გარდა დაჩქარებული წესით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვის პუნქტისა, გათვალისწინებულია 2022 წლის 1 მაისიდან. ხოლო, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების სტაციონარული წყაროების და მათ მიერ გაფრქვეულ მავნე ნივთიერებათა ინვენტარიზაციის ტექნიკური ანგარიშის განხილვის ნაწილის ამოქმედება გათვალისწინებულია 2023 წლიდან.
მასალა მომზადებულია პროექტის „ვიცავთ უფლებას სუფთა ჰაერზე რუსთავში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „დემოკრატიის ევროპული ფონდის“ მხარდაჭერით.