ჰაერის დაბინძურება არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ჩვენს მეგობარ შინაურ ცხოველებსაც აზიანებს. ცხოველები განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, რადგანაც მათ, როგორც წესი, ადამიანებზე დიდხანს უწევთ გარეთ ყოფნა, არ შეუძლიათ თავდაცვა ისე როგორც ჩვენ და ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ წვდომა სამედიცინო სერვისებზე.
ჰაერის დაბინძურებას ისეთივე მავნე გავლენა აქვს ცხოველებზე, როგორც ადამიანებზე, განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ცხოველების შემთხვევაში სიმპტომების აღმოჩენა და მათი დიაგნოსტირება კიდევ უფრო რთულია. ამ მხრივ, უფრო სრული სურათის დასანახად მეტი კვლევაა საჭირო, თუმცა სტატიაში გაგაცნობთ იმ ძირითად ასპექტებს, რაზეც ცხოველების შემთხვევაში ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს:[1]
– კვლევებმა აჩვენა, რომ მანქანებისა და ქარხნების ტოქსიკური გამონაბოლქვი აფერხებს ცხოველების ფილტვების განვითარებას, რაც შემდეგ სასუნთქი გზების დაავადებების გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს;
– ჰაერის დაბინძურება ცხოველებზე გავლენას უჯრედულ დონეზეც ახდენს, რაც დნმ-ის დაზიანებასა და მუტაციებს იწვევს;
– კვლევებმა აჩვენა, რომ შინაურ ცხოველებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში სუნთქავენ დაბინძურებულ ჰაერს აქვთ სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი;[2]
– ჰაერის დაბინძურება გავლენას ახდენს მათ გამრავლებაზე, ვინაიდან იზრდება ცხოველების უნაყოფობის რისკი;
– დამბინძურებლების ზემოქმედება აქვეითებს მათ იმუნურ სისტემას, რაც ცხოველებს ისეთი მარტივი ავადმყოფობების მიმართაც კი როგორიც გაციებაა, უფრო დაუცველს ხდის;
– თუ კატების მოყვარული ხართ, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ათიდან ერთ კატას აქვს ასთმა, რომელიც სახლის შიდა და ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებასთან არის კავშირში. კატებს, რომლებიც მწეველ პატრონებთან ცხოვრობდნენ, ან ისეთ სახლში, სადაც ხშირად იწვებოდა შეშა – ფილტვების ფუნქციის მკვეთრი დაქვეითება აღმოაჩნდათ. [3]
– სამწუხაროდ უპატრონო ცხოველები კიდევ უფრო ზარალდებიან, რადგანაც ისინი მთელ დროს ქუჩაში ატარებენ და არ გადიან გეგმიურ სამედიცინო შემოწმებებს.
ცხოველებს ჰაერის დაბინძურების გავლენით შეიძლება განუვითარდეთ ტვინის დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ნევროლოგიური დარღვევები. მეცნიერებმა მეხიკოში (ქალაქში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი ძალიან მაღალია) მცხოვრები ძაღლების ტვინი შეადარეს ისეთ ქალაქებში მცხოვრებ ძაღლის ტვინებს, სადაც დაბინძურების დონე ბევრად დაბალი იყო. გამოქვეყნებულ მოხსენებაში კი ითქვა, რომ „მეხიკოში მცხოვრებ ძაღლებს ჰქონდათ ტვინის გაზრდილი ანთება და პათოლოგიები, მათ შორის, ამილოიდური ფოლაქები და ნეიროფიბრილარული კვანძები, ცილის გროვები, რაც ადამიანების შემთხვევაში ალცჰაიმერის საწყისი ნიშნებია“. [4]
ჰაერის დაბინძურება ცხოველების საკვებზეც ახდენს გავლენას. მცენარეები დაბინძურებული ნიადაგიდან ტოქსიკურ ქიმიკატებს შთანთქავენ, შემდეგ, როცა მცენარეულ საკვებს მივირთმევთ, ეს ტოქსინები როგორც ჩვენს, ისე ცხოველების სხეულში ხვდება.
იქ სადაც ჰაერის მაღალი დაბინძურებაა, ცხოველებს ხედვის პრობლემებიც ექმნებათ. თვალების გამოშრობა და გაღიზიანება ჰაერის დაბინძურების გავრცელებული ეფექტია. იმის გამო, რომ ჰაერში ნაკლები ჟანგბადია, ცხოველებს უწევთ გახშირებულად, ინტენსიურად სუნთქვა, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ორგანიზმში დამბინძურებლების მოხვედრის ალბათობას. [5]
ცხოველები, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებისა და მოხუცების მსგავსად, ჰაერის დაბინძურების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან. მათზე ჰაერის დაბინძურების მავნე გავლენა შეიძლება მოიცავდეს:[6]
– თვალების გაღიზიანებასა და ინფექციებს, სისხლდენას ცხვირიდან, ხველას ფილტვების ანთების გამო;
– ალერგიებს, რამაც შეიძლება ასთმის შეტევა გამოიწვიოს;
– ფილტვების დაზიანებას, გულის პრობლემებს, ანთებითი პროცესების გამწვავებას;
– მყარი ნაწილაკების მაღალი შემცველობა ძაღლებში გულის გაჩერებასაც კი იწვევს;[7]
ჰაერის დაბინძურება ყველა ჩვენგანს გვეხება და სამწუხაროდ მას გვერდს ვერც ერთი რუსთაველი, მათ შორის ვერც ჩვენი ოთხფეხა მეგობრები აუვლიან. თუმცა, არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია, რომელთა გათვალისწინებითაც მაქსიმალურად შევამცირებთ ჰაერის დაბინძურების მავნე გავლენას შინაურ ცხოველებზე.[8]
1. ყურადღებით მოუსმინეთ საკუთარ შეგრძნებებს:
დიდი ალბათობით, თუ გარეთ ყოფნისას დისკომფორტს გრძნობთ ჰაერის ხარისხის გამო, თქვენი ოთხფეხა მეგობარი ამას კიდევ უფრო დიდი დოზით განიცდის მათი მაღალი მგრძნობელობის გამო. ასეთ დროს, ცხოველებთან დაკავშირებითაც საკუთარ შეგრძნებებზე დაკვირვებით იხელმძღვანელეთ. მაგალითად, თუ იმ კონკრეტულ დღეს გიჭირთ სუნთქვა, ან გაქვთ ჰაერის დაბინძურებისთვის დამახასიათებელი სხვა მყისიერი ნიშნები (თვალების ცხვირისა და ყელის გაღიზიანება, ხველა, ალერგიული ფონის გამწვავება) ნუ დატოვებთ ცხოველს გარეთ დიდი ხნის განმავლობაში.
2. დატვირთეთ ცხოველები დღის განმავლობაში ფიზიკური აქტივობით:
ჯანსაღი და აქტიური შინაული ცხოველი არა მხოლოდ ზოგადად უფრო ბედნიერი იქნება, არამედ ბუნებრივად გამოიმუშავებს ძლიერ იმუნურ სისტემას და გაიძლიერებს გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქ სისტემებს. ასეთ დროს ცხოველებს უფრო მეტად შესწევთ უნარი გაუმკლავდნენ ამა თუ იმ ჯანმრთელობისთვის მავნე მდგომარეობას. თუმცა, ეცადეთ, რომ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა ნაკლებად დაბნძურებულ დღეებს დაამთხვიოთ.
3. განსაკუთრებით დააკვირდით ზომით მცირე ცხოველებს:
პატარა ზომის შინაური ცხოველები, ჰაერის ხარისხის ცვლილებას განსაკუთრებით განიცდიან. მათი ფილტვების ზომიდან გამომდინარე, ისინი კიდევ უფრო იტანჯებიან ცუდი ჰაერის ხარისხის პირობებში. ამიტომ აუცილებელია მათზე დაკვირვება, მათ გარეთ გაყვანამდე უმჯობესი იქნება თუ შეამოწმებთ ჰაერის ხარისხს პორტალზე www.air.gov.ge, თუ შეამჩნევთ რომ ცხოველს სუნთქვა უჭირს, იგი დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოთ სახლში და მაქსიმალურად იზრუნოთ შიდა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
4. ყურადღება მიაქციეთ მათი მოვლის საშუალებების შემადგენლობას:
ალერგენები და დამბინძურებლები, როგორიცაა მაგალითად მტვერი, შეიძლება თქვენი შინაური ცხოველის ბეწვში მოხვდეს. ჭუჭყიან ბეწვს კი შეუძლია გავლენა მოახდინოს მათ სასუნთქ სისტემაზე, გამოიწვიოს ხველა, ჭუჭყიანი უბნის ლოკვა, კბენა, ქავილი. იმისათვის რომ თავიდან აიცილოთ ზემოთ აღნიშნული შედეგები, აუცილებელია ცხოველების რეგულარული გასუფთავება. თუმცა, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება შემადგენლობას და პრიორიტეტი მიანიჭეთ ჰიპოალერგიულ საშუალებებს. ამგვარ სპეციალურ პროდუქტებს შეუძლიათ ცხოველებისთვის ქავილისა და სხვა დისკომფორტის მოხსნა.
5. სწორად შეარჩიეთ სასეირნო ადგილები:
იმისათვის რომ თქვენი ოთხფეხა მეგობრები ჰაერის დაბინძურებისგან დაიცვათ, მოერიდეთ მათ სეირნობას გადატვირთული გზების სიახლოვეს, პრიორიტეტი მიანიჭეთ პარკებსა და სხვა გამწვანებულ სივრცეებს.[9]
ადამიანებისგან განსხვავებით, შინაურ ცხოველებს ჰაერის დაბინძურებისგან თავის დაცვა და კონკრეტული ზომების მიღება არ შეუძლიათ. ამიტომ, მათი პატრონები ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ის მავნე ზეგავლენა, რაც დამბინძურებლებს ცხოველებზე აქვს, მინიმუმამდე დავიყვანოთ. მართალია, მავნე გავლენის შემცირების გზები სტატიაში გაგაცანით, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი – პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართვაა. სუფთა ჰაერი ჩვენი ოჯახის წევრებისა და ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია, რაც სამწუხაროდ თითოეული რუსთაველის ჩართულობისა და აქტიურობის გარეშე, მხოლოდ შორეული და განუხორციელებელი პერსპექტივა იქნება.
მასალა მომზადებულია საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა რუსთავში“ ფარგლებში
[1] https://www.ecomasteryproject.com/effects-of-air-pollution-on-animals/
[2] https://www.mothersandothersforcleanair.org/documents/AirPollution&Animals2011.pdf
[3] https://www.pca.state.mn.us/featured/does-air-pollution-affect-our-furry-friends
[4] https://www.pca.state.mn.us/featured/does-air-pollution-affect-our-furry-friends
[5] https://www.ecomasteryproject.com/effects-of-air-pollution-on-animals/
[6] https://www.ecomasteryproject.com/effects-of-air-pollution-on-animals/
[7] https://www.mothersandothersforcleanair.org/documents/AirPollution&Animals2011.pdf
[8] https://alen.com/blogs/articles/6-tips-to-protect-pets-from-unhealthy-air
[9] https://www.pca.state.mn.us/featured/does-air-pollution-affect-our-furry-friends