ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ არაერთ სახელმწიფოში მოქალაქეები სამართლებრივად იბრძვიან. ამ მიმართულებით, ერთ-ერთი საინტერესო მაგალითია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) 2022 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმეზე პავლოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ (31612/09).
საქმე ეხება რუსეთის ერთ-ერთ ინდუსტრიულ ქალაქ – ლიპეტსკში მცხოვრები 22 მოსარჩელის მიერ 2009 წლის 6 აგვისტოს სახელმწიფოს წინააღმდეგ აღძრულ სარჩელს.
ინდუსტრიული საქმიანობის მიერ ჰაერის დაბინძურების წინააღმდეგ აღძრული სარჩელი საყურადღებოა ოთხი მიმართულებით:
– ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ზიანი ადამიანის ჯანმრთელობაზე და ამის დამტკიცების გზები;
– ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებების ანალიზი/შეფასება
– სასამართლოს უნარი, შეაფასოს ეს ღონისიებეი და მათი ეფექტურობა;
– გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლების გათვალისწინება, როგორიცაა ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება
მოსარჩელეები წარუმატებლად იბრძოდნენ 14 ფედერალური და რეგიონული სააგენტოს წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებული, მათი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების უზრუნველსაყოფად. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ ლიპეტსკის გარშემო არსებული მსხვილი სამრეწველო ობიექტების ოპერირების შედეგად სახიფათო ნივთიერებების კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერსა და სასმელ წყალში მუდმივად აჭარბებდა მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებს; ხოლო ხელისუფლებამ ვერ მიიღო მნიშვნელოვანი ზომები ლიპეტსკში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. შედეგად, მოქალაქეებმა გადაწყვიტეს სასამართლოს ძალით ეიძულებინათ შესაბამისი ორგანოები, მიეღოთ გადამწყვეტი ზომები მათი უფლების დასაცავად, ასევე აენაზღაურებინათ ჯანმრთელობაზე მიყენებული მორალური ზიანი 10,500 ევროს ოდენობით.
2009 წლის 19 იანვარს რაიონულმა სასამართლომ განმარტა რომ ბევრი ქიმიური ნივთიერების კონცენტრაცია აჭარბებს დადგენილ სანიტარულ სტადნარტებს და, რომ 2004 წლამდე ლიპეტსკი ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლება ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით. თუმცა ამავე დროს დაადგინა, რომ სახელმწიფო ორგანოები თავის მოვალეობას პირნათლად ასრულებენ (მაგალითად, აჯარიმებდნენ საწარმოებს, უგზავნიდნენ გაფრთხილებას), და ის ფაქტი, რომ, როგორც მოსარჩელეები თვლიან, რომ ჰაერის დაბინძურების გამო მათი ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშაა, არ შეიძლება იყოს მთავრობის პირდაპირი ბრალეულობა, შესაბამისად, მათთვის მორალური/არამატერიალური ზიანის კომპენსაციის საჭიროება არ დგას. მათი თქმით, ასეთი კომპენსაცია შეიძლება მოეთხოვოთ უშუალოდ იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც აბინძურებენ ჰაერს.
შვიდმა მოსარჩელემ ეს გადაწყვეტილება რეგიონულ სასამართლოში გაასაჩივრა და 2009 წლის 18 თებერვალს რეგიონულმა სასამართლომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანად სცნო.
მოსარჩელეებმა გადაწყვიტეს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიემართათ კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება) დარღვევის ფაქტზე.
მიუხედავად იმისა, რომ დაბინძურების პრობლემა ბევრად უფრო დიდი ხნის წინ დაიწყო, სტრასბურგის სასამართლომ საქმის განხილვისას სიტუაციის შეფასება დაიწყო იმ დროიდან, როცა რუსეთი შეუერთდა კონვენციას (1998წ).
1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის შესაბამისობა აღნიშნულ საქმესთან
(61) სასამართლო განმარტავს, რომ იმისთვის, რათა მოსარჩელეთა მიერ აღძრული საქმე კონვენციის მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებში მოექცეს, მოსარჩელეებმა, პირველ რიგში, უნდა დაასაბუთონ, რომ ეს გარემოსდაცვითი პრობლემები რეალურად უკავშირდებოდა მათი პირადი სივრცის დარღვევას; და რომ ამ დარღვევამ მძიმე ფორმებს მიაღწია. სხვა სიტყვებით, მოქალაქეებმა უნდა დაამტკიცონ, რომ არსებული დაბინძურება იმდენად სერიოზულია, რომ მძიმე უარყოფითი შედეგები მოაქვს მოსარჩელეებსა და მათი ოჯახის წევრებზე და უზღუდავს მათ საკუთარ სახლებში მშვიდად ცხოვრების უფლებას. ადამიანისთვის საზიანო დაბინძურების მინიმალური მაჩვენებლის დადგენა და შეფასება რამდენიმე გარემოებაზეა დამოკიდებული, მათ შორის არსებული პრობლემის ხანგრძლივობასა და ინტენსივობაზე; ასევე ამ პრობლემით განპირობებულ ზიანზე ადამიანის ფიზიკურ თუ მენტალურ ჯანმრთელობასა და მისი ცხოვრების ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიული დაბინძურება უდავოდ უარყოფით გავლენას ახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე და აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს, ხშირად შეუძლებელია ამ ზიანის რაოდენობრივი შეფასება თითოეული შემთხვევისთვის. როდესაც საქმე ჯანმრთელობის გაუარესებას ეხება, რთულია დაასაბუთო ეს ზიანი გარემოსდაცვითი პრობლემებით დადგა, თუ სხვა ისეთი რელევანტური ფაქტორებითაა განპირობებული, როგორიცაა ასაკი, პროფესია ან ცხოვრების სტილი.
საკითხები, რომელთაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გაითვალისწინებს მე-8 მუხლის აღნიშნულ საქმესთან შესაბამისობის დასადგენად – რა არის საყურადღებო ეროვნულ დონეზე და რა სამხილების შეგროვებაა საჭირო (პარაგრაფი 62):
– ეროვნული სასამართლოებისა და სხვა კომპეტენტური ორგანოების დასკვნები საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას;
– დაბინძურების სახიფათო დონეების განმსაზღვრელი შიდა საკანონმდებლო დებულებების ანალიზი
– სახელისუფლო ორგანოების დაკვეთით შესრულებული გარემოსდაცვითი კვლევები;
– მოსარჩელის პერსონალურ ანგარიშთან ერთად სხვა დამატებითი მტკიცებულებები, რომელიც მოიცავს სამედიცინო დასკვნებს ან კერძო დაწესებულების მიერ გაკეთებულ ანგარიშებს, განცხადებებს თუ კვლევებს;
– მოსარჩელეების საცხოვრებელი ადგილების სიახლოვე დაბინძურების წყაროებთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რომელიც სასამართლომ მხედველობაში მიიღო. თუმცა, მიუხედაავდ იმისა, რომ სასამართლო თვლიდა, რომ არც ერთი მოსარჩელე არ ცხოვრობდა დაბინძურების წყაროების უშუალო სიახლოვეს, სასამართლომ მაინც გაითვალისწინა ეს გარემოება და არ გამორიცხა მე-8 მუხლის მოქმედების ფარგლებიდან შემდეგი მიზეზით – მანძილი დაბინძურების წყარომდე ნაკლებად მნიშვნელოვანია, უფრო ყურადსაღებია ის ზემოქმედება, რასაც დაბინძურების აღნიშნული დონე იწვევს.
– პავლოვის საქმეში მე-8 მუხლის შესაბამისობის დასადგენად გადამწყვეტი დეტალები მოიცავდა შემდეგს:
– ლიპეტსკში ჰაერის დაბინძურების დონე აღემატებოდა ეროვნული რეგულაციებით დადგენილ ურბანული დაბინძურების მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებს;
– დაბინძურების ძირითადი წყარო იყო მსხვილი, ფოლადის მწარმოებელი და სამშენებლო, საწარმოები;
– 2004 წლამდე ლიპეტსკი ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად ითვლებოდა;
– მდგომარეობა ასახავდა ხანგრძლივ პერიოდს (20 წელი);
– ლიპეტსკის მცხოვრებთათვის ჰაერის დაბინძურება წარმოადგენდა უმთავრეს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის.
ჯანმრთელობის ფაქტორი (პარაგრაფი 68)
– მიზეზობრივი კავშირი დაბინძურების გადაჭარბებულ დონეებსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ზიანს შორის ყველა შემთხვევაში ავტომატურად ვერ დამტკიცდება. დასაფიქრებელია ის ფაქტი, რომ დაბინძურების გადაჭარბებული დონეებისა და ლიპეტსკის მთლიანი მოსახლეობის ჯანმრთელობაზე მისი დადასტურებული უარყოფითი შედეგების მიუხედავად, მოსარჩელეებს არ უდგინდებოდათ რაიმე განსაკუთრებული ზიანი. ამ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი რაიმე სამედიცინო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მათ რაიმე კონკრეტული პრობლემა განუვითარდათ ლიპეტსკში ჰაერის დაბინძურების შედეგად.
– მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიწოდებულ ანგარიშში, სახელმწიფო ადასტურებდა ფაქტს, რომ ჰაერის დაბინძურება ლიპეტსკში პირდაპირ უკავშირდებოდა ამ ქალაქში მაცხოვრებელთა ავადობის მაჩვენებლის ზრდას. მაგალითად, დადასტურებული ფაქტია, რომ 1999-2005 წლებში ლიპეტსკში ჰაერისა და წყლის დაბინძურება წარმოადგენდა უმთავრეს საფრთხეს ჯანმრთელობისთვის. ასევე, 2011 წელს დადგინდა, რომ ატმოსფერულ ჰაერში ტოქსიკური ნივთიერებების სიჭარბე უკავშირდებოდა რესპირატორული, გულ-სისხლძარღვთა, ღვიძლისა და თირკმლის დაავადებების განვითარების რისკის მნიშვნელოვან ზრდას. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გარკვეული ნივთიერებების, როგორიცაა ბენზოპირენი, სიჭარბეს ატმოსფერულ ჰაერში კანცეროგენული შედეგები აქვს.
– მართალია, სამედიცინო მტკიცებულებების არარსებობის გამო, ვერ დასტურდება, რომ ინდუსტრიული საქმიანობის შედეგად გამოწვეულმა ჰაერის დაბინძურებამ მიაყენა ზიანი მოსარჩელეთა ჯანმრთელობას; თუმცა ორივე მხარის მიერ წარმოდგენილი საკმარისი მტკიცებულებების, მათ შორის ოფიციალური ანგარიშებისა და ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იმ ადგილებში ცხოვრება, სადაც ჰაერის დაბინძურება ბევრად აჭარბებს უსაფრთხოების დადგენილ სტანდარტებს, ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მომატებულ რისკს წარმოადგენს.
2. კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრული სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება
მე-8 მუხლის მიხედვით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების გაანალიზების პროცესში გათვალისიწნებული უნდა იქნას 2 ფაქტორი:
– სამართლიანი ბალანსის დამყარება ინდივიდისა და მთელი საზოგადოების კონკურენტულ ინტერესებს შორის;
– ხელისუფლების ეროვნული ორგანოები, რომლებიც საერთაშორისო სასამართლოზე უკეთეს მდგომარეობაში არიან შეაფასონ ადგილობრივი საჭიროებები და პირობები, სარგებლობენ შეფასების გარკვეული ზღვრით, რათა გადაწყვიტონ რა არის საჭირო კონვენციის მე-8 მუხლის მე-2 პარაგრაფში აღნიშნული ერთ-ერთი მიზნის მისაღწევად. თუმცა, შეფასების ზღვრის ფარგლები თითოეული შემთხვევისთვის იდენტური არ არის და კონტექსტის მიხედვით იცვლება.
პავლოვის საქმის კონტექსტი მოიცავს ხელისუფლების წარუმატებლობას დროული და ეფექტური ნაბიჯების გადადგმაში, რათა გამოესწორებინა მესამე მხარის მიერ ჩადენილი დარღვევევბი და დაეცვა მოსარჩელეების მე-8 მუხლით გარანტირებული უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ საქმეში – პავლოვი და სხვები – სახელისუფლებო ორგანოებს შეეძლოთ, შეეფასებინათ დაბინძურების დონე და გადაედგათ შესაბამისი ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად, ვინაიდან:
– ინდუსტრიული დაბინძურება გარემოს საერთო მდგომარეობის გაუარესების ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორია;
– საჩივარში აღწერილი მდგომარეობა მოვლენათა უეცარი ან მოულოდნელი განვითარების შედეგი არ ყოფილა; არამედ ეს პრობლემა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იდგა და ადგილობრივ ხელისუფლება გარემოსთან დაკავშირებული პრობლემების საქმის კურსში იყო.
ასევე, სასამართლომ დაადგინა, რომ არ არსებობდა არანაირი დამაჯერებელი მიზეზი, სანიტარული ზონების შექმნის გაჭიანურებისთვის.
დასკვნით ნაწილში სასამართლომ წამოწია კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და მე-8 მუხლით განსაზღვრულ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას შორის.
სახელმწიფოს მიერ სამართლიანი ბალანსისი დამყარების მცდელობის შესაფასებლად საასმართლო ითვალისწინებს მრავალ ასპექტს, მაგალითისთვის კი „შიდასახელმწიფოებრივი კანონიერება არის ერთ-ერთი, მაგრამ არა ძირითადი ფაქტორი, რომელიც გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს მიერ პოზიტიური ვალდებულების შესრულების შეფასების პროცესში“
მთავარი არ არის გარკვეული ზომების მიღება, მთავარია, რამდენად ეფექტურია ეს ზომები. მაგალითად,
– სასამართლო განმარტავს, რომ ეროვნული სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ხელისუფლებამ მიიღო გარკვეული ზომები, თუმცა მთავარი პრობლემა მოუგვარებელი დარჩა; საჭირო იყო ამ ზომების შეფასება-გაანალიზება, რამდენად ეფექტური შედეგი მოიტანა ამ ნაბიჯებმა და გამოასწორა თუ არა მოსარჩელეებზე ინდუსტრიული დაბინძურებით მიყენებული ზიანი. ეროვნულ სასამართლოს გამორჩა, განესაზღვრა, ამ ზომების შედეგად დაბინძურება მართლაც შემცირდა, თუ მხოლოდ მიზნად ისახავდა დაბინძურების შემცირებას; და მართლაც იყო თუ არა ეს ზომები ეფექტური მომავალში ჰაერის ხარისხის გაუარესების პრევენციისა და ლიპეტსკის მაცხოვრებელთა ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით.
– გარკვეულ შემთხვევებში საჭიროა ზოგიერთი ინდუსტრიული ობიექტის დახურვა. სასამართლო მიიჩნევს, რომ 1999-2013 წლებში დაბინძურების მაღალი დონე ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების არაეფექტურობაზე მიუთითებს. ზოგჯერ ისეთი მკაცრი სანქციებია საჭირო, როგორიცაა საწარმოს საქმიანობის შეჩერება ან დახურვა.
– სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მისი ამოცანა არაა, სახელმწიფოს გაუწეროს დაბინძურების შემცირებისათვის განსახორციელებელი კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები. თუმცა პრობლემის მიმართ სახელმწიფოს დამოკიდებულების და ქმედებების შეფასება მის იურისდიქციაშია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ეროვნული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არ იყო დაცული მოქალაქეთა უფლება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესახებ.
გარდა ამისა, ეროვნულ სასამართლოებს საკითხის სწორი შეფასებისათვის უნდა გამოეკვლიათ შემდეგი საკითხები:
1. მოიტანა თუ არა შედეგი ინსპექტირებებმა და ადმინისტრაციულმა საქმისწარმოებამ საწარმოების მიერ ტექნოლოგიური პროცესის ან აღჭურვილობების გაუმჯობესების კუთხით?
2. რატომ ირღვეოდა მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ზღვრულად დასაშვები ნორმები?
3. იყო თუ არა გარემოსდაცვითი კუთხით დახარჯული თანხები გარემოზე მიყენებული ზიანის პროპორციული?
საბოლოოდ, პავლოვის საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ გარკვეული გაუმჯობესებების მიუხედავად, ლიპეტსკში ჰაერის დაბინძურება სათანადოდ არ შემცირებულა, შესაბამისად, მოსახლეობას კვლავ უწევს ჯანმრთელობისთვის სახიფათო პირობებში ცხოვრება. ადგილობრივმა სახელისუფლებო ორგანოებმა ვერ უზრუნველყვეს, თავიანთი პოზიტიური ვალდებულების შესრულება და მოქალაქეების პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლების დაცულობა. დამატებით, სასამართლომ სახელმწიფოს დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება თითოეული მოსარჩელისთვის 2,500 ევროს ოდენობით განაჩენის ძალაში შესვლის დღიდან სამი თვის ვადაში.
მასალა მოამზადა „ეკო ცენტრმა“ “ღია საზოგადოების ფონდის” მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადვოკატირება სუფთა ჰაერისთვის რუსთავში“ ფარგლებში.
ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.