ჰაერის დაბინძურება უამრავი პათოლოგიის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზია. ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ დადასტურდა კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და ადამიანების ჯანმრთელობის პრობლემებს შორის; ევროპაში ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანების კუთხით ყველაზე პრობლემატური დამაბინძურებლებია მყარი ნაწილაკები (PM) და მიწისპირა ოზონი (O3). ამ დამაბინძურებლებს მოქმედების ისეთი მექანიზმი აქვთ, რომ შედეგად გავლენას ახდენენ უამრავ ფიზიოლოგიურ ფუნქციაზე, მათ შორისაა რეპროდუქციული ფუნქციაც.
ამ დამაბინძურებლების წარმოშობის ძირითადი წყაროა ინდუსტრია და ტრანსპორტი.[1]
ეპიდემიოლოგიური და ექსპერიმენტული კვლევების შედეგად დასტურდება, რომ ჰაერის დაბინძურება, იმ დონით, რა დონითაც დღეს არსებობს, ძალიან საზიანოდ მოქმედებს რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ჰაერის დაბინძურების შედარებით მაღალი დონეა განვითარებადი და ნაკლებ განვითარებული ქვეყნების ისეთ რეგიონებში, სადაც მაღალია მოსახლეობის სიმჭიდროვის და შობადობის მაჩვენებლები.[2]
ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვნად ზრდის უნაყოფობის რისკს. ჩინეთში 18, 000 წყვილზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ იმ წყვილებში, რომლებიც ცხოვრობენ ისეთ გარემოში, სადაც მცირე ნაწილაკებით დაბინძურების შედარებით მაღალი დონე შეიმჩნევა, უნაყოფობის რისკი 20%-ით იზრდება. რაც განისაზღვრა ორსულობის ვერ დადგომით ერთ წლიანი მცდელობის მიუხედავად.
დამაბინძურებელი ნაწილაკები ორგანიზმში იწვევენ ანთებას, რაც ხელს უშლის კვერცხუჯრედისა და სპერმის წარმოქმნას. აშშ-ში ჩატარდა კვლევა 600 ქალზე, რომლებიც უშვილობას მკურნალობდნენ და აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ხანგრძლივი იყო დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება, მით უფრო მცირე იყო საკვერცხეში განაყოფიერების უნარის მქონე კვერცხუჯრედების რაოდენობა.
უშვილობა მილიონობით წყვილის პრობლემაა მსოფლიოს გარშემო და შედარებით მცირე კვლევები ტარდება ამ პრობლემაზე ჰაერის დაბინძურების გავლენის შესახებ, თუმცა, დადასტურებულია, რომ დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება რეპროდუქციული სისტემის სხვა ფაქტორებზე უარყოფითია, მათ შორის – ნაადრევი დაბადება და მცირე წონით დაბადება. აზოტის დიოქსიდის ზემოქმედება ისევე ზრდის მუცლის მოშლის რისკს, როგორც სიგარეტის მოწევა, ვინაიდან დამაბინძურებელი ნაწილაკები ხვდება პლაცენტას შიგნით, ჩანასახთან.
ჩინეთში, 18, 571 წყვილის მონაწილეობით ინტერვიუებითა და გამოკითხვებით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში, რომლებიც 1 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდნენ 10 მიკროგრამ მ3-ის მქონე მცირე ნაწილაკების ზემოქმედების ქვეშ, უნაყოფობის რისკი 20%-ით მეტი იყო. ამ დროს დაბინძურების საშუალო დონე იყო 57 მკგ/მ3. ბრიტანეთში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 13 მკგ/მ3-ია.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ იმ ქალების პროცენტული წილი, რომლებიც ერთწლიანი მცდელობის შემდეგაც კი ვერ ორსულდებოდნენ და ყველაზე მაღალი დაბინძურების პირობებში ცხოვრობდნენ 15%-დან 26%-მდე გაიზარდა, იმ ქალებთან შედარებით, რომლებიც ყველაზე დაბალი დაბინძურების პირობებში ცხოვრობდნენ. მკვლევრებმა ასევე გაითვალისწინეს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ასაკი, წონა, შემოსავალი, მწეველობა, ალკოჰოლის მოხმარება და ვარჯიში.[3]
ბოლო წლებში ქალთა უნაყოფობის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. როგორც ირკვევა, განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა 7-დან 1 წყვილს აწუხებს.
არსებობს იმის მტკიცებულება, რომ დაბინძურებული ჰაერი გავლენას ახდენს კვერცხუჯრედის განაყოფიერებისა და იმპლანტაციის პროცესებზე და ზრდის მუცლის მოშლის რისკს. კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და სპონტანურ ნაყოფიერებას შორის პირველად ცხოველის მაგალითზე იქნა შესწავლილი. შეისწავლეს თაგვების ორი ჯგუფი, ერთი ჯგუფი დაბინძურებული ქალაქის პირობებში იყო, მეორე ჯგუფისთვის ეს გარემო ფაქტორი არ არსებობდა. თაგვების პირველ ჯგუფში, რომლებიც სუნთქავდნენ ჰაერს PM10-ისა და NO2-ის მაღალი კონცენტრაციით,[4] მეორესთან შედარებით, გამოვლინდა წარუმატებელი იმპლანტაციის მაღალი მაჩვენებელი და შობადობის შემცირება. მსგავს პირობებში ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ გამოავლინა მნიშვნელოვნად მცირე ანტრალური ფოლეკულები და ნაყოფიერების დაბალი ინდექსი იმ თაგვებში, რომლებიც სატრანსპორტო მოძრაობის შედეგად გამოყოფილი დამაბინძურებლების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
ასევე შესწავლილი იქნა ჰაერის დაბინძურების გავლენა ადამიანთა სპერმატოგენეზზე. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ PM2.5-ის ზემოქმედება უარყოფით გავლენას ახდენს სპერმის მორფოლოგიასა და მოძრაობის უნარზე. ბოლო პერიოდში კოჰორტაზე ჩატარებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მნიშვნელოვანი კავშირი არსებობს PM10 და PM2.5-ის ზემოქმედებასა და სპერმის ქრომოსომულ პათოლოგიებს შორის.
ინ ვიტრო განაყოფიერების პოპულაციაზე ჩატარებულმა ანალიზმა გამოავლინა, რომ აზოტის დიოქსიდისა და ოზონის ზემოქმედება უკავშირდებოდა ნაყოფის ცოცხლად შობის შემცირებას, ხოლო PM10-ის ზემოქმედება უკავშირდებოდა მუცლის მოშლას. გარდა ამისა, ზოგადად, მთელს მოსახლეობაში, PM10-სა და PM2.5-ის ზემოქმედება ხელს უშლის განაყოფიერებას; ხოლო გოგირდის დიოქსიდის, აზოტის დიოქსიდისა და ნახშირბადის ოქსიდის ზემოქმედება ხელს უწყობს მუცლის მოშლას და მკვდრადშობადობას.[5]
ბოლო ხანებში, უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და მენსტრუალური ციკლის ხანგრძივობას, მის რეგულარულობას, ოოციტების ხარისხსა თუ მუცლის მოშლას შორის.
იმ გარემო ფაქტორების გამოვლენა, რომლებიც გავლენას ახდენენ მენსტრუალურ ციკლზე და ციკლის ფაზების ხანგრძლივობაზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პოპულაციის ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ვინაიდან ისეთი შედეგები მოაქვს, როგორიცაა უშვილობა, რეპროდუქციული სისტემის სიმსივნე, ოსტეოპოროზი და მეტაბოლური დარღვევები.
ქალის ნაყოფიერება და რეპროდუქციული ჯანმრთელობა უნიკალური გზით რეაგირებს ტოქსიკურ ზემოქმედებაზე, განსაკუთრებით ისეთზე, რომელსაც ესტროგენული პოტენციალი აქვს. ეს უნიკალურობა, ძირითადად, გამოწვეულია ბუნებრივი ჰორმონების აქტივობის მიბაძვით და ენდოკრინული სისტემის რეგულირებისა და ფუნქციის ცვლილებით. მეტიც, დამაბინძურებლების მოკლევადიანი ზემოქმედების შედეგადაც შეიძლება მოხდეს ზეგავლენა, თუ ეს ზემოქმედება ისეთ ‘მოწყვლად’ პერიოდს დაემთხვა, როგორიცაა ოვულაცია ან ემბრიონული ორგანოგენეზი.
ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერების ზემოქმედების უარყოფითი შედეგები შესაძლოა, წლობის განმავლობაში არ გამოვლინდეს, ვინაიდან ისინი გროვდება მშობლის ქსოვილში და შეიძლება წლების შემდეგ გამოიყოს/გამოვლინდეს ორსულობის, ლაქტაციის ან პოსტ-ნატალური განვითარების ეტაპზეც. წინა პერიოდის კვლევებმა დაადასტურა, რომ ორსული ქალების ყოფნა 10 მიკრონზე მცირე ზომის მყარი ნაწილაკების ზემოქმედების ქვეშ, განაპირობებს ნაყოფის მცირე წონას, ხოლო ეს შედეგი ყველაზე ძლიერია მაშინ, როდესაც ქალი დაბინძურების ზემოქმედების ქვეშ ორსულობის პირველი ტრიმესტრის განმავლობაში იმყოფება. ეს შედეგები თანხვედრაშია იმ აღმოჩენებთან, რომლებიც ადასტურებენ კავშირს კონკრეტული ნაერთებით ჰაერის დაბინძურებასა და იმ უარყოფით შედეგებს შორის, რომლებიც აისახება ნაყოფის ზრდაზე, ახალშობილის წონაზე დაბადებისას, ორსულობის ხანგრძლივობაზე და ჩვილის გარდაცვალებაზე. ამ მოვლენის მექანიზმის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს კითხვები, ვინაიდან საკმაოდ შეზღუდული ცოდნა მოიპოვება მის ასახსნელად. სავარაუდოდ, მცირე ნაწილაკებში არსებული გარკვეული ნაერთები, განსაკუთრებით, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, რომელთაც შესწევთ უნარი, მოახდინონ ესტროგენის იმიტაცია, იწვევენ ქალთა რეპროდუქციული სისტემის ჰორმონალური ფუნქციის მოშლას. ქალის რეპროდუქციული ფიზიოლოგია, მათ შორის, ჰორმონალური ფუნქცია, აისახება მენსტრუალურ ციკლში. დარღვევამ მენსტრუალური ციკლის რომელიმე ფაზაში (მაგ. ფოლიკულური და ლუტეალური ფაზები) შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ოოციტების ხარისხზე, ოვულაციაზე, კვერცხუჯრედის განაყოფიერებაზე, ჩასახვასა და ემბრიონის გადარჩენაზე. შესაბამისად, მენსტრუალური ციკლის და მისი ფოლიკულური და ლუტეალური ფაზების ხანგრძლივობა რეპროდუქციული ჯანმრთელობის პროგნოზული ფაქტორებია.
პოლონეთში 24-დან 35 წლამდე 133 ჯანმრთელ ქალზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ PM10-ისა და SO2-ის (რომლებიც წიაღისეული საწვავის წვის შედეგად გაიფრქვევა ატმოსფეროში) ზემოქმედება, ისეთ ფაქტორებთან ერთად, როგორიცაა ქალის ასაკი, მენარქეალური ასაკი, ალკოჰოლის, კოფეინისა და სიგარეტის მოხმარება, და ზოგადად მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობა, უარყოფით გავლენას ახდენს და ამცირებს ლუტეალური ფაზის ხანგრძლივობას (ამ ფაზაში გამომუშავდება ჰორმონი, რომელიც უზრუნველყოფს კვერცხუჯრედის მზაობას მიმაგრებისათვის, რის შედეგადაც დგება ორსულობა).
ასევე, ბიომასის წვის შედეგად, შენობის შიგნით PM10-ით დაბინძურება 5-ჯერ ზრდის მენსტრუალური ციკლის შემცირების რისკს. არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას უარყოფითი გავლენა აქვს რეპროდუქციულ სისტემაზე და ორსულობის პერიოდში არასასურველ შედეგებზე, რაც გულისხმობს მუცლის მოშლას, თანდაყოლილ დეფექტებს, ზრდის პროცესის დარღვევას საშვილოსნოში, მცირე წონით და ნაადრევად დაბადებას. წარმატებული ორსულობა და ჯანმრთელი ბავშვის გაჩენა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რეგულარული მენსტრუალური ციკლის არსებობაზე და ჰორმონების გამომუშავების პროცესის გამართულობაზე.
ჰაერის დაბინძურების უარყოფითი გავლენა რეპროდუქციულ სისტემაზე ხდება ჰორმონალური ფუნქციის დარღვევით, რაც გამოხატულია მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის ცვლილებით. მენსტრუალური ციკლის ფოლიკულური და ლუტეალური ფაზების ხანგრძლივობა განსაზღვრავს ესტროგენებისა და პროგესტერონების გამოყოფის დონეს. ამ დარღვევაზე პასუხისმგებელნი კი არიან ქსენოესტროგენებად ცნობილი ჰაერის დამაბინძურებლები.
იმ ნაერთების უმრავლესობა, რომელთაგანაც PM ნაწილაკები შედგება, ქსენოესტროგენია. იმ ქიმიკატებს შორის, რომელთაც ორგანიზმი PM ნაწილაკებიდან ითვისებს, პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები(PAH) არის რეპროდუქციული ფუნქციის გაუარესების გამომწვევი მიზეზი, რაც გამოიხატება ფოლეკულების შემცირება ან განადგურებაში, უნაყოფობაში, შესაძლოა გამოიწვიოს ძუძუს კიბოც.[6]
ჰაერის დაბინძურება ასევე მოქმედებს მამაკაცთა ნაყოფიერებაზე. არაერთი კვლევით დასტურდება კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და სპერმის მოძრაობის უნარს (სწორი მიმართულებით გადაადგილება), სპერმის დნმ-ის ფრაგმენტაციასა და მორფოლოგიას შორის. ამგვარად, ჰაერის დაბინძურება ცვლის სპერმის პარამეტრებს, რაც საბოლოოდ უნაყოფობას იწვევს. ცხოველებზე ჩატარებულმა რამდენიმე ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ ჰაერის დაბინძურება აზიანებს სათესლე ჯირკვლებს და გავლენას ახდენს სპერმის ხარისხსა და ფერტილობაზე.[7]
ჩინეთში 30, 000-ზე მეტ მამაკაცზე ჩატარებული კვლევა ადასტურებს, რომ დაბინძურებული ჰაერი გავლენას ახდენს სპერმის ხარისხზე – რაც უფრო მეტია ჰაერში დამაბინძურებელი ნაწილაკები, მით უფრო მცირდება სპერმის ხარისხი.
კვლევის ავტორების მიხედვით, შედარებით მცირე ზომის ნაწილაკები უფრო ძლიერად მოქმედებენ სპერმის მოძრაობის უნარის დაქვეითებაზე, ვიდრე მოზრდილი ზომის ნაწილაკები.
ჰაერის დაბინძურებასა და მამაკაცის სრულიად უნაყოფობას შორის კავშირის დადგენა რთულია, ვინაიდან სხვადასხვა კვლევების შედეგები ხშირად ერთმანეთთან შეუსაბამოა. ასევე, მკვლევრებს ჯერ არ უპოვნიათ მნიშვნელოვანი კავშირი ჰაერის დაბინძურებასა და სპერმის რაოდენობასა და კონცენტრაციას შორის, თუმცა ნამდვილად ადასტურებენ ფაქტს, რომ რაც უფრო ხანგრძლივად არის მამაკაცი მცირე ნაწილაკების ზემოქმედების ქვეშ, მით უფრო მცირდება, როგორც სპერმის წინ მოძრაობის, ისე, ზოგადად მისი მოძრაობის უნარი.
2,5 მიკრომეტრზე ნაკლები დიამეტრის მქონე მყარი ნაწილაკების ზემოქმედების შედეგად, სპერმის მოძრაობის უნარი 3.6%-ით მცირდება; 10 მიკრომეტრის მქონე ნაწილაკების ზემოქმედების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი 2.44%-ია. რაც ადასტურებს იმ ფაქტს, რომ სხვადასხვა ზომის ნაწილაკების ზემოქმედებას განსხვავებული შედეგი აქვს სპერმის ხარისხზე. ეს კი აიხსნება იმით, რომ რაც უფრო მცირეა ნაწილაკი, მით უფრო მეტად შესწევს ფილტვებში ღრმად შეღწევის უნარი.[8]
მასალა მომზადებულია საფრანგეთის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ჯანსაღ გარემოზე ხელმისაწვდომობა რუსთავში“ ფარგლებში
[1] https://ehjournal.biomedcentral.com/track/pdf/10.1186/s12940-017-0291-8.pdf
[2] https://link.springer.com/chapter/10.1007/978-1-4471-6669-6_2
[3] https://www.theguardian.com/environment/2021/feb/17/air-pollution-significantly-raises-risk-of-infertility-study-finds
[4] https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5551254/
[5] https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6311303/pdf/12958_2018_Article_433.pdf
[6] https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5551254/
[7] https://rbej.biomedcentral.com/track/pdf/10.1186/s12958-018-0430-2.pdf
[8] https://www.theguardian.com/environment/2022/feb/17/air-pollution-may-affect-sperm-quality-says-study