სამოქალაქო მოძრაობა „გავიგუდეთ“ ძალიან ხშირად აღნიშნავს, რომ საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობა და რეგულაციები, რათა მხოლოდ მეწარმეების კეთილსინდისიერებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.
საქართველოს პარლამენტმა ორი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტთა პაკეტი, თუმცა, საჭიროა მესამე – საბოლოო მოსმენა, რათა რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებები ძალაში შევიდეს.
ეს გულისხმობს, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი და მისი თანმდევი ცვლილებათა პაკეტი.
ძალიან მოკლედ გაგაცნობთ ამ ცვლილებების ძირითად პუნქტებს.
ცვლილებები შედის შემდეგ კანონებში:
ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის მიზნით საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი არიან განახორციელონ დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან მავნე ნივთიერებათა გაფრქვევების აღრიცხვა რაც მოიცავს გაფრქვევათა თვითმონიტორინგს. ეს ნიშნავს, რომ მილში უნდა ჩააყენონ თვითმზომი, რომელიც გაზომავს კონკრეტულ დამბინძურებლებს და გადაჭარბების შემთხვევაში ინფორმაცია ავტომატურად მიეწოდება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს, რომელსაც შესაძლებლობა ექნება, რომ რამდენჯერაც გადააჭარბებს გაფრქვევები ზღვრულად დასაშვებ ნორმებს, იმდენჯერ დააჯარიმოს ესა თუ ის საწარმო.
„გავიგუდეთ“ ითხოვს, რომ გაფრქვევების და გადაჭარბების შესახებ მონაცემები იყოს საჯარო და მოქალაქეებსაც გვქონდეს მასზე წვდომა. მოკლედ რომ ვთქვათ, www.air.gov.ge-ის მსგავსი პორტალის შექმნას ვითხოვთ.
ეს ცვლილებები ხელს შეუწყობს საქმიანობის სუბიექტის მიერ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემთხვევების იდენტიფიცირებას, ასევე, მათ დროულ აღკვეთას და კონკრეტული დაბინძურების ფაქტებზე ადეკვატურ და დროულ რეაგირებას.
კანონპროექტის ძირითადი ნაწილის (381 მუხლი და დანართი) ძალაში შესვლა გათვალისწინებულია 2021 წლის 1 ივნისს. აღნიშნული პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ საქმიანობის სუბიექტებს, ვისაც შეეხება ცვლილებები, ჰქონდეთ საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოახდინონ საქმიანობის ახალ რეგულაციასთან შესაბამისობაში მოყვანა (დანადგარების, მოწყობილობების შეძენა, ინსტალაცია, გამართვა, თანამშრომელთა გადამზადება და ა.შ.).
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღიჭურვება ახალი და ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციით – იგი უფლებამოსილი იქნება, რომ მნიშვნელოვანი დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლოვ, საქმიანობის განხორციელების ადგილზე მიიღოს გადაწყვეტილება შესაბამისი ქმედების მთლიანი ან ნაწილობრივი შეზღუდვის თაობაზე (საჭიროების შემთხვევაში დალუქოს ობიექტი, დანადგარი, აგრეგატი, მოწყობილობა, ნივთი).
იზრდება ჯარიმები სხვადასხვა დარღვევისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეწარმეები იძულებული გახდებიან დააყენონ ფილტრები, რათა არ მუწიოთ დიდი ჯარიმების გადახდა.
მუხლი 76: გაფრქვევების ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტი განსაზღვრის ვალდებულების შეუსრულებლობა – ჯარიმა – 10,000-40,000 ლარი
მუხლი 78: აირმტვერდამჭერი მოწყობილობების ექსპლუატაციის წესების დარღვევა, ან/და გაუმართაობა, აგრეთვე ამ მოწყობილობათა გამოუყენებლობა ან უქონლობა დარღვევის შესაბამისად გამოიწვევს დაჯარიმებას, რამაც შეიძლება 20,000 ლარიც კი შეადგინოს და განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ეს თანხა გაორმაგდება.
მუხლი 79: ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის დადგენილი ნორმების გადამეტება, გამოიწვევს დაჯარიმებას: დადგენილ ნორმაზე 5-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში 5 000 ლარის ოდენობით; დადგენილ ნორმაზე 5-დან 10-ჯერამდე გადამეტების შემთხვევაში 15 000 ლარის ოდენობით; დადგენილ ნორმაზე 10-ჯერ და მეტი ოდენობით გადამეტების შემთხვეაში 45 000 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება უშუალოდ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონს, საკმაოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარია გარემოსდაცვითი მიმართულებით, რადგან ეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს. თუმცა, აღნიშნული კანონი, მისი შინაარსით, დიდწილად გამორიცხავდა რუსთავს იმ სიკეთეებისგან, რაც მას შეიძლება მოეტანა ჩვენი ქალაქისთვის. ამიტომ, ჩვენ სათანადო რეაგირება დროულად მოვახდინეთ, შევხვდით შესაბამის უწყებებს და ერთი შეხედვით მცირე, თუმცა, მნიშვნელოვანი რედაქცია შევიდა ამ კანონში, რაც ძალიან საჭიროა რუსთავისთვის.
ვფიქრობთ, ზემოთ აღწერილი ცვლილებების განხორციელების შემთხვევაშიც კი, კანონმდებლობას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული ხარვეზები, თუმცა, ჯერ უნდა არსებობდეს რაღაც საბაზისო საკანონმდებლო ჩარჩო, რომ სამომავლოდ მისი დახვეწა და თუნდაც მუხლობრივი ცვლილებები მოვითხოვოთ და შევძლოთ.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილებათა პაკეტი სასწრაფოდ დაამტკიცოს პარლამენტმა. საჭიროების შემთხვევაში, მის გაუმჯობესებაზე კი ერთად შეგვიძლია ვიზრუნოთ.
